ძაღლები - როგორც საფრთხე და პრობლემის გადაჭრის გზა მარენულის მერიაში



მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომლებიც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გასული 8 თვის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარნეულში ანტირაბიული ვაქცინა 820-მა ადამიანმა გაიკეთა.

ძაღლების უმეტესობას არც ყვითელი ნიშანი აქვს, რომ გარკვეულწილად მათ უსაფრთხოებაზე მიგვანიშნებდეს. მიუსაფარი ძაღლები გუნდურად დადიან. უმეტესწილად, საცხოვრებელ კორპუსებთან, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რესტორნებთან იყრიან თავს. მსგავსი ვითარებაა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. მოსახლეობა დაკბენის არაერთ ფაქტს იხსენებს

„10-12 მაწანწალა ძაღლი დარბის ხოლმე ქუჩაში და გვიყეფენ. საშინელი მდგომარეობაა, ბავშვები ვერ გამოგვიყვანია გარეთ შიშის გამო.“- ამბობს მარნეულის მკვიდრი.



ცოფი განსაკუთრებით საშიში ინფექციაა და როგორც წესი ლეტარულად სრულდება. მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევას მარნეულის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე 2002 წლიდან ვერ იხსენებს.

„მარნეულის რაიონში სამი ანტირაბიული კაბინეტი ფუნქციონირებს. ყოველდღიურად უზრუნველყოფილები არიან და არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიონი დარჩენილი ყოფილიყო ანტირაბიული ვაქცინით, ანტირაბიული იმუნოგლობულინის გარეშე“ - ამბობს ეთერ ლაფერაძე.

მიუსაფარი ძაღლები რომ მარნეულის მასშტაბით პრობლემას წარმოადგენენ, ამას არც მერიაში უარყოფენ. ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე გამოცხადებულმა ტენდერმა მხოლოდ მეხუთე ცდაზე იმუშავა. მაისიდან მოყოლებული, პირველ სამ ტენდერში მონაწილეობა არვინ მიიღო, ხოლო მეოთხედ კომპანიას დიკვალიფიკაცია მიეცა. დეკემბერში, მეხუთე ტენდერის მონაწილე შპს „ვექტრას“ მარნეულის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა.



ოთხი ტენდერის ჩაშლას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში, სატენდერო თანხის სიმცირეს უკავშირებენ. მარნეულის მერიამ 211 ძაღლის მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 16 949 ლარი გამოყო, რაც თითოეულისთვის 85 ლარს გულისხმობს. ერთი ძაღლის სათანადო მომსახურეობისათვის კი 100 ლარია საჭირო.

ბოლო სატენდერო წინადადებაში მარნეულის მერიამ ბიუჯეტი იგივე დატოვა, მაგრამ თითოეული ძაღლის მომსახურებაზე თანხა გაზარდა. 211 ძაღლის ნაცვლად მუნიციპალიტეტი ვაქცინაციას, კასტრაციას, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიას 169 მაწანწალას გაუკეთებს.



გარდა ქალაქ მარნეულისა, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. კირაჩმუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში ჩივიან, რომ მათთან ძაღლები აგრესიულები არიან. არსებობს დაკბენის ფაქტები. მოსახლეობა შეწუხებულია, თუმცა როგორ იმოქმედოს, არ იცის. მათთან ფაქტობრივად ვერ აღწევს ინფორმაცია არსებული შესაძლებლობების შესახებ. არ იციან ვის ან როგორ უნდა მიმართონ. სოფელში მთავარ პრობლემად ენობრივ ბარიერს ასახელებენ.

„მომრავლდნენ სოფელში მაწანწალლა ძაღლები. ქუჩაში სიარული ბავშვებსაც ეშინიათ. ინფორმაცია არ გვაქვს ვის მივმართოთ. ქართული ენა რომ არ ვიცით, არსად არ შეგვიძლია მისვლა. ტელევიზორსაც ვუყურებთ, მაგრამ არ გვესმის არაფერი. სჯობს სკოლაში ქართულის გაკვეთილები დაამატონ.“ - გვეუბნება კირაჩმუღანლოს მკვიდრი.



სოფლებში მოსახლეობის არაინფორმირებულობის პრობლემაზე საუბრობს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე და მარნეულის მაგალითზე გვიყვება, რომ მოსახლეობის უმეტესობა ჩიპირებულ ძაღლებს სახიფათოდ მიიჩნევს. მისივე თქმით, პირველ რიგში ადგილობრივი მუნიციპალიტეტია ვალდებული იზრუნოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობასა და სოფლებში ინფორმაციის გავრცელებაზე.

„ვალდებულება გააჩნია მუნიციპალიტეტს, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე ამ კუთხით არ გადაუდგამს მარნეულის მერიას ნაბიჯები, რომ გაავრცელოს ინფორმაცია რა პროცედურები უნდა ჩაუტარდეს მიუსაფარ ცხოველს და რა პროცედურები აქვს ჩატარებული. ასევე, რომელი ძაღლი შეიძლება იყოს სახიფათო ან არ იყოს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მარნეულის საკრებულოს რომ მიეღოთ დადგენილება ცხოველების მოვლა-პატრონობის წესზე., თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა. ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი უფრო მეტად უნდა მუშაობდეს და ითვალისწინებდეს ცხოველთა დაცვის ფედერაციის რეკომენდაციებს. - ამბობს თემურ ლაჩკეპიანი



მარნეულის მერიის მიერ მეხუთედ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. მონაწილე ორი კომპანიიდან ერთს დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო შპს „ვექტრა“ რომელსაც მუნიციპალური მომსახურების გამოცდილება არ აქვს, საქმეს დეკემბრის ბოლოს უნდა შეუდგეს. მათ საქმიანობას კი ცხოველთა დაცვის ფედერაცია მონიტორინგს გაუწევს. სამომავლოდ, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონალური თავშესაფრის აშენება იგეგმება, რაშიც ქვემო ქართლის გუბერნია აქტიურად არის ჩართული. როგორც ჩვენთან საუბარში სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია განმარტავს, თვაშესაფარის აშენება 2019 წელს იგეგმება.

„ძაღლების პრობლემა ნამდვილად აწუხებს მოსახლეობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ამოიწუროს. რეგიონალური ძაღლების თავშესაფარი ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს მოემსახურება: რუსთავს, გარდაბანს, დმანისს, წალკას, ბოლნისს, მარნეულს, თეთრიწყაროს.. ცენტრალური ხელისუფლება გვიჭერს მხარს და ჩვენი მხარის გუბერნატორი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფო უწყებებთან. თავშესაფარში საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით იქნება ყველა ღონისძიება განხორციელებული. რეგიონალური თავშესაფარი შესაძლოა, რუსთავში მოეწყოს, თუმცა ეს საბოლოო არჩევანი არ არის“ - ამბობს ლევან ჟვანია.



ვიდრე რეგიონალური თავშესაფარი აშენდება, მარნეულის მერიას ამ ეტაპზე 169 მიუსაფარი ძაღლი ჰყავს აღრიცხული, რომელებსაც შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. თუმაცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ციფრი გაცილებით მეტია იმ ფონზე, როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 83 სოფელია და მიუსაფარი ძაღლლების პრობლემა ფაქტობრიად ყველგან დგას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები