"ხელოვნურად დავირუსებული" მარნეული - რეაქცია ყალბ ინფორმაციაზე
ორ თვეზე მეტია რაც საქართველოში „ღორის გრიპით“ დაავადების შემთხვევები იზრდება. არის გარდაცვალების ფაქტები, მათ შორის 55 წლის მამაკაცია, რომელიც H1N1 ვირუსმა, 5 თემებრვალს, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში იმსხვერპლა.

2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე „ღორის გრიპის“ დიაგნოზით სულ 21 ადამიანი გარდაიცვალა.

2019 წლის პირველი კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით დაავადების მაჩვენებელი 256 ადამიანია. მარნეულში კი დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული 8 შემთხვევაა გამოვლენილი.

მარნეულელებმა იციან, რომ ქვეყანაში დაავადების შემთხვევები გაიზარდა. ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება.

„ვფიქრობ, ამ დაავადებას სპეციალურად ავრცელებენ, რომ წამლები გაყიდონ. გავიგე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ავრცელებს, რათა თავისი ფირმის წამლები გაყიდოს. შეიძლება არასწორია, მაგრამ მე ასე გავიგე“, - თქვა ხალადინ მამედოვმა

„მე მთელი დღე ჩაიხანაში ვარ. გავიგე, რომ ამერიკელები აქ რაღაც უჯრედებს უშვებენ და დაავადებას ავრცელებენო, წამლების გასაყიდად. ამიტომაც მოსავალი არ მოდის, მწერებიც არ აძლევენ საშუალებას. ლაბორატორიაზეც ხან იმას ამბობენ ახალქალაქში, ხან კი ამბობენ ჯანდარაში გახსნესო“, - გვეუბნება მარნეულელი კაცი.




ბუნებრივია, მარნეულში ზოგს სასაცილოდაც არ ჰყოფნის ვირუსების ხელოვნურად გავრცელების საკითხი, მაგრამ, არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა, რომ „ღორის გრიპი“ და წითელა, ხელოვნურად ვრცელდება. ნაწილი ინფორმაციას ჩაიხანაში, სასწავლო დაწესებულებებში, მეგობრებისგან და ინტერნეტით იღებს. ინფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო კი აზერბაიჯანული და თურქული მედიაა.

„პენტაგონის ლაბორატორია საქართველოში, რომელიც ჯილეხის ვირუსს აწარმოებს“ - ეს არის ერთ-ერთი თურქული მედიასაშუალების aydinlik.com.tr-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური. მასში საუბარია ლაბორატორიის კავშირზე ისეთ დაავადებებთან როგორიცაა, ჯილეხი, ჰეპატიტი და სხვადასხვა სახის ვირუსი.

სტატიაშ ვკითხულობთ, რომ ზიკასა და ებოლას ეპიდემიები აფრიკასა და ბრაზილიაში, ფრინველისა და ღორის გრიპის ვირუსები ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ისეთი სახის დაავადებები, როგორიცაა ციმბირის წყლული, ჰეპატიტი და ჭირი - საბრძოლო იარაღის სახით, პენტაგონის მიერ არის წარმოებული. საქართველოში, თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია კი პენტაგონის ერთ-ერთი ობიექტია, სადაც ამ ვირუსების გავრცელებაზე მუშაობენ.

„ბევრი ადამიანი, რომლებზეც ამ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ატარებდნენ, გარდაიცვალა ჰეპატიტის გამო. ამას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე თავად ამბობს. ამ ლაბორატორიაში, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ადამიანის გარდაცვალებაზეა საუბარი“, - წერია სტატიაში

ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მითითებულია ბულგარელი ჟურნალისტის, დილინა გაიტანჯიევას მასალა სახელწოდებით „ამერიკელი დიპლომატები ჩართულები არიან ადამიანის სისხლითა და პათოგენებით ვაჭრობაში საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში“.

მედიის განვითარების ფონდი საქართველოში მედიაში გავრცელებულ საეჭვო ინფორმაციას პროექტ „მითების დეტექტორის“ ფარგლებში იკვლევს. მედია ანალიტიკოსებმა ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ ჟურნალისტი კრემლთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, რუსული პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ამას გარდა, ლუგარის ლაბორატორიის შესახბ ინფორმაცია „სპუტნიკ თურქეთშიც“ არის გამოქვეყნებული.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ითხოვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყოს გამოძიება ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

გიროგაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოში მცხოვრობი მეგობრებისგან მიღებული საბუთების შესწავლა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ლაბორატორიაში ქართველებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ყოფილი მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტი, შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულებულიყო“,
- წერია თურქეთის „სპუტნიკის“ მიერ მომზადებულ სტატიაში.

იგორ გიორგაძის განცხადება ორივე სტატიაში გვხვდება, მაგრამ ვებ გერდებზე არ იძებნება ინფორმაცია, რომ გიორგაძე შემდგომში რაიმე სახის დოკუმენტების არსებობას რეალურად ადასტურებს.

„სპუტნიკი“ საქართველოშიც აქტიურად მუშაობს. მისი ძირითადი მიზანი მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა. გამომცემობა უშუალოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება.




ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 1937 წლიდან არსებობს, ძველად მას „შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური“ ერქვა, ახლა კი ლაბორატორია განახლდა, ახალი აღჭურვილობებით შეივსო და მუშაობას კვლავ პირველადი დანიშნულებით აგრძელებს.

„ლაბორატორიის ერთადერთი მიზანი და დანიშნულებაა რომ ვიცოდეთ თუ რა გადამდები დაავადებები შეიძლება იყოს ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება მოსახლეობას შეუქმნას საშიშროება“, - გვეუბენბა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტრული პროპაგანდა საქართველოს მოსახლეობის ნაწილს თავგზას უბნევს, დეზინფორმაციას და რუსეთის მიერ ინფორმაციულ თავდასხმებს ლაბორატორიის ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და ცდილობენ, მოსახლეობა რაც შეიძლება მალე გააფრთხილონ გადამდები დაავადებების შესაძლო საფრთხეების შესახებ.

რუსულ პროპაგანდასა და სხვადასხვა ვებ გვერდის მეშვეობით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას აქტიურად იკვლევს „მედიის განვითარების ფონდი - MDF“. მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა ახალი ცენტრის გახსნის დღიდან დაიწყო. ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროები რუსი პოლიტიკოსები, დუმის დეპუტატები და რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკოა. სწორედ მათი განცხადებების საფუძველზე ავრცელებდა და ავრცელებს რუსული მედია მცდარ ინფორმაციას, რაც ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც გადმოდის.

„სახელმწიფოს მცდარ ინფორმაციებთან ბრძოლის ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ გააჩნია, რაც სახელმწიფო უწყებების კომუნიკაციის სტრატეგიასთანაცაა კავშირში. ერთი მხრივ სახელმწიფო ამბობს, რომ გვაქვს ოფიციალურად გაცხადებული სახელმწიფო კურსი ევროპისაკენ, ხოლო მეორე მხრივ ვხედავთ, რომ იმ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებენ მცდარ ინფორმაციებს და გამორჩეულები არიან ჰომოფობიური და ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკით, ხელისუფლება საბიუჯეტო კონტრაქტებს უფორმებს“, - ამბობს სოფო გელავა.




ვიდრე ვირუსების გავრცელების მიზეზებს მოსახლეობა ამერიკაში, ლაბორატორიასა და ბანანებში ხედავს, ექიმები ვირუსული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებებისკენ მოუწოდებენ. ბაგა-ბაღების პერსონალი და აღსაზრდელები ვალდებულები არიან აიცრან წითელას ვაქცინით. როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გვითხრა, ვაქცინაცია წითელას ეპიდემიასთან საბრძოლველი ერთადერთი საშუალებაა. ყველა სოფლის ექიმი აღჭურვილია ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით და ნებისმიერ პირს შეუძლია მისვლა და აცრის გაკეთება. ხოლო „ღორის გიპთან“ ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი ხელების ხშირი დაბანა და ოთახების განიავებაა. უკვე დაავადების შემთხვევაში გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“. ლაფერაძე ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატის პრობლემა მარნეულში არაა, თუმცა მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება.

ყველაზე დიდ საფრთხეს კი არა ვირუსები, არამედ ყალბი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში რეცეპტი რთული გამოსაწერია, თუმცა თითოეული მოქალაქე უნდა დაინტერესდეს, რა დამამტკიცებელი საბუთი არსებობს ამა თუ იმ ინფორმაციის გასამყარებლად და ამბავი სხვა საინფორმაციო საშუალებებშიც გადაამოწმოს.


გარეკანის ფოტო: foray.com
Print