სარკინიგზო ტრაგედია მარნეულში და უმოქმედო ხელისუფლება
მარნეულელ ფარვინ მამედოვს ახსოვს დარტყმის საშინელი ხმა, მატარებლის შუქი და ხალხმრავლობა. ის იმ დღეს ხელმეორედ დაიბადა, ლიანდაგზე. სამსახურიდან სახლში მიმავალს, სოფელ წერეთელში რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელი დაეჯახა. ფარვინი გადარჩა. თუმცა, მარნეულში სხვებს ასე არ გაუმართლათ. სარკინიგზო მაგისტრალი ბევრისთვის სიკვდილის გზად იქცა.

სარკინიგზო შემთხვევა სოფელ წერეთლის რკინიგზის გადასასვლელზე

„მგონი, შუქი მაშინ ჩართო, როცა დამარტყა. მანქანა 40 მეტრზე წაიღო. ვერ მივხვდი რა მოხდა. ავტომობილში არც მაგნიტოფონი მაქვს და არც ტლეფონი მეჭირა ხელში. საბედნიეროდ, გადავრჩი. მხარზე და ფეხზე მქონდა დაზიანება. მოსახლეობა დამეხმარა, მანქანიდან მათ გადმომიყვანეს. ამ ადგილზე შლაგბაუმის გაკეთება აუცილებელია, ხშირად ხდება ავარია. გავიგე, რამდენიმე ხნის წინ ამ ადგილზე ავარიაში სამი ადამიანი გარდაიცვალა“, - ყვება ფარვინ მამედოვი.

მარნეულში რკინიგზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 12 წლის ბიჭი. წელიწადსა და სამ თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ხუთ სარკინიგზო ავარიის ფაქტზე აქვს დაწყებული. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა საიმინისტროს ცნობით, ხუთი სარკინიგზო შემთხვევიდან არცერთი საქმე გხსნილი არ არის.



სოფელ წერეთლის გარდა, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს ქალაქ მარნეულში მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. რკინიგზის გადასასვლელზე შლაგბაუმი არ დგას. ერთადერთი, რაც აქ მატარებლის საფრთხეზე მიგვანიშნებს, ხიდის საყრდენ ბოძზე მავთულით მიმაგრებული აბრაა, წარწერით: „უფრთხილდით მატარებელს!“. ნიშანი საპირისპირო მხრიდან არ ჩანს.

გზის ამ მონაკვეთზე მეტწილად მოსწავლეები დადაიან. სარკინიგზო მაგისტრალისგან სკოლა არც ისე შორს არის. სწორედ ამ ადგილზე იმსხვერპლა მატარებელმა გასულ წელს მეშვიდეკლასელი ვლადისლავი. სარკინიგზო ავარიის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.




“აქ
რამე მოიფიქრონ, მატარაბელი გადის და გადასასვლელი აუცილებლად უნდა იყოს. ბავშვი, მოხუცები დადიან, უსაფრთხოთ უნდა იყვნენ. ერთ მხარეს სკოლაა, მეორე მხარეს კი საცხოვრებელი კორპუსები. ზემოთ რომ სხედან დეპუტატები რამე იღონონ“,- ამბობს ვაზირ შამილოვი.

“ყოველდღე ბავშვთან ერთად აქ მიწევს გამოვლა. რამე მოიმოქმედონ, უსაფრთხოდ რომ ვიყოთ. ევროპულ ქვეყნებში როგორც არის აი, ისეთი... მას რომ ჰგავდეს კარგია”, - აჰლიმან ოსმანოვი

მარნეულიში რკინიგზა ათეულობით სოფელზე გადის და შლაგბაუმს სულ ხუთამდე მონაკვეთზე თუ შეხვდებით.
სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი არაერთი ტრაგედიის მიუხედავად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის (ნიშნულები, შლაგბაუმები, გადასასვლელები) მოწყობა მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს მერიის საქმედ არ მიაჩნია.

„სარკინიგზო უსაფრთხოებას განაპირობებს რკინიგზის დეპარტამენტი. სრული პრეროგატივა ამ მიმართულებით მათი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე ჩვენ კორდინაციაში კი ვართ ერთმანეთთან და არანაირი პრობლემა არ მაქვს თუ კი მათ ჩვენი მხრიდან სჭირდებათ დახმარება. ის, რომ ჩვენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გაატაროს რაიმე ღონისძიება რკინიგზაზე უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენ ამის არც ვალდებულება, არც ამის უფლება არ გვაქვს“. - თქვა ზაურ ტაბატაძემ

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულია. მათი ინფორმაციით, მარნულის მერიას დამატებითი სარკინიგზო ნიშნებისა ან შლაგბაუმის მოწყობის თხოვნით მათთვის არ მიუმართავს. უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება კი ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ხდება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სარკინიგზო გადასასვლელი სრულადაა აღჭურვილი სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობის და მომსახურების ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამისი საგზაო ნიშნებით“, - წერია სარკინიგზო დეპარტამენტის წერილში, რადიო „მარნეულის“ კითხვებზე საპასუხოდ.

სოფელ საიმერლოს სარკინიგზო გადასასვლელი სადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი დათო გოჩავა მიიჩნევს, რომ მუნიციპლაიტეტში სარკინიგზო უსაფრთხოებაზე, უფრო სწორედ, საკუთარ მცხოვრებლებლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ადგილობრივი თვითმმართველობაა.

„წარმოიგინეთ, შენს მუნიციპალიტეტში გადის სარკინიგზო ტრანსპორტი, რომელიც შენს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მარნეულის მერმა, შესაბამის სამსახურთან ერთად, უნდა დააყენონს საკითხი კონკრეტულად და გაბედულად, რათა რკინიგზამ მოაწყოს გადასასვლელები წესის მიხედვით. ამ მიმართულებით თუ იქნება კონკრეტული, მიზანდასახული მუშაობა, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს და უბედური შემთხვევების რიცხვიც დაიკლებს. ოღონდ ეს უნდა მოსთხოვოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს რკინიგზას“.

დათო გოჩავა ყვება, რომ ევროპულ ქვეყნებში სარკინიგზო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. უბედური შემთხვევები იქ მინიმუმამდეა დაყვანილი და ამას დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს დახმარებით აღწევენ.

„ძალან იშვიათია ქვეყანა, სადაც სარკინიგზო ტრანსპორტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, არ იყოს დამოუკიდებელი კომპეტენტური ორგანო, რაც ევროკავშირის დირექტივების ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნაა“, - ამბობს დათო გოცავა და ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს არსებობა სარკინიგზო უსაფრთხოების გარანტიაა.

საქართველოში მსგავსი უწყების შექმნის საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ასოცირების ხელშეკრულება უსაფრთხოებაზე ზრუნვას გვავალდებულებს. არსებული სახელმწიფო უწყებები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით საკუთარ როლს ვერ ხედავენ და ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. ხუთ სარკინიგზო ავარიაზე, რომელთაგან ოთხი მსხვერპლით დასრულდა, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, წელიწადსა და სამ თვეში არაფერი გაკეთებულა მომავალში მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით.

ხვალ სკოლის მოსწავლეები ისევ გადაკვეთენ ლიანდაგს, რადგან არაფერი აცნობებს მოახლოებული საფრთხის შესახებ, ხვალ მანქანით ისევ გადავლენ სოფლიდან-სოფელში მიმავალ გზაზე, რადგან იქ არ დგას შლაგბაუმი და არც ხმოვანი საყვირი გატყობინებს მომავალი მატარებლის ამბავს. უნდა იცოდე, რომ ბედის ანაბარა ხარ დარჩენილი და ფარვინივით უნდა გაგიმართლოს, რომ გადარჩე, თორემ შენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები