რამოდენიმე დაკვირვება საქართველოსა და აშშ-ების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის - ანუ სად გვერხევა?- ქამრან მამედოვის ხმამაღალი ფიქრი

„როცა შენი ერთადერთი იარაღი ჩაქუჩია, ყველაფერი ლურსმანად მოგეჩვენება.“


ორშაბათს, 21 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნეს მართინ ლუთერ ქინგის დღე. მიუხედავად გაუსაძლისი სიცივისა (-15 გრადუსი ცელსიუსი), ათასობით ადამიანი გამოვიდა ვაშინგტონის ქუჩებში და გაიხსენა ქინგი და 60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობა.

ჩემდა საბედნიეროდ, ორგანიზაცია, სადაც ამჟამად ვმუშაობ, იყო ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი. რამაც მომცა შესაძლებლობა, დამენახა ამ დღის არა მხოლოდ სანახაობრივი ნაწილი, არამედ თუ როგორ მუშაობს არასამთავრობო სექტორი ასეთი ღონისძიებების ორგანიზების დროს.



შედეგად, ორშაბათის აქციის და ზოგადად აშშ-ების არასამთავრობო სექტორის მუშაობის შეჯამების სახით გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი დაკვრივებები.


რა ძირითადი განსხვავებებია ჩვენსა და ამერიკულ მიდგომას შორის? რას ვაკეთებთ არასწორად? სწორად? და რა ინსტიტუციური, სტრუქტურული და კულტურული გამოწვევები არსებობს ჩვენს პირობებში? იმისათვის რომ ზოგადი და ზედაპირული საუბარი არ გამოვიდეს, შედარებითი ანალიზის მთავარი აქცენტი მინდა გავაკეთო იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ უმცირესობების საკითხებზე ან წარმოადგენენ რომელიმე უმცირესობების ჯგუფს.

უპირველესი განსხვავება ამერკული და ქართული არასამთავრობო სექტორებს შორის არის ის, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აქ არავინ ელოდება მესიას.

ეს ალბათ უკვე ყველამ ვიცით საქართველოში. მაგრამ ამის ხაზგასმა აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ორი რეალობის შედარებით, ძალიან თვალსაჩინოდ შეგვიძლია დავინახოთ, რომ აქ თითქმის ყველა აკეთებს ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას, რომ მიაღწიონ გრძელვადიან საერთო მიზანს.

მაშინ როდესაც, ჩვენთან საერთო მიზანი რა არის ეგეც არ ვიცით, ან საუკეთესო შემთხვევაში მკვეთრად ფრაგმენტული წარმოდგენები გვაქვს მასზე.
ამერიკისგან განსხვავებით, საბჭოთა ტოტალიტარული და მკაცრად ცენტრალიზებული სისტემის მემკვიდრეობას საქართველოს მოსახლეობაში შექმნილი აქვს წარმოდგენა, რომ ვინმე მოვა ცენტრიდან და მოაგვარებს პერიფერიის პრობლემას.

საკუთარი თავის უპრობლემოდ პერიფერიად აღქმაზე და მიღებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი მიდგომა ამერიკული საზოგადოებისთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, აქ კლასიზმის და რასიზმის აშკარა მაგალითებად ითვლება ისეთი ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც მკვეთრად გამოხატული „დახმარების“ ამბიციით იწყებენ საქმიანობას.


აღნიშნულს მივყავართ მეორე განსხვავებამდე: საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკულ არასამთავრობო სექტორში თითქმის არავინ არ ფიქრობს, რომ ის ყველაფრის მცოდნე მესიაა, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს.

გასაგებია, რომ საქართველოში, წარსული გამოცდილებები და არსებული სტრუქტურები ხალხში ქმნიან „მოთხოვნას“ მესიაზე და გადამრჩენელზე. ისიც გასაგებია, რომ აღნიშნულ პირობებში ძალიან რთულია არასამთავრობო სექტორმა გაუძლოს ცდუნებას და თავი დაიცვას მესიის როლის მორგებისგან.


მაგრამ ამერიკული გამოცდილების და მოდელის გათვალისწინებით, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის ის ხაფანგი, რომელსაც შეუძლია მოსპოს ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაცია თუ ინდივიდი ჩვენს ქვეყანაში.

ქართულ არასამთავრობო სექტორში დაახლოებით 5 წლიანი გამოცდილების შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ ზუსტად იცის რა არის პრობლემა და თუ როგორ მარტივად შეუძლია მას რომ მოაგვაროს ეს პრობლემა.

მათ აზრადაც კი არ მოსდით ჰკითხონ პრობლემის შესახებ მათ ვინც საკუთარ თავზე განიცდის აღნიშნულ საკითხს. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიტიური და კარგი განზრახვა შეიძლება ჰქონდეთ ასეთ ადამიანებს, მათი საქმიანობის შედეგი ხშირ შემთხვევაში წარმატებული არ არის, ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამოდენიმე მიზეზის გამო:
არასამთავრობო ორგანიზაციები შემოდიან მზა რეცეპტით, რომელმაც შიეძლება ძალიან კარგად იმუშავა სხვა დროში და რეალობაში.

• არასამთავრობო სექტორი ახდენს ხალხის დეჰუმანიზაციას და იწყებს მათვის ზევიდან ქვემოთ ყურებას. ხშირად აღნიშნული გადაიზრდება არასამთავრობო სექტორის მიერ ყველაფერში ჩაგრული ხალხის დადანაშაულებაში.

• ხალხში იქნება (ცრუ) წარმოდგენები, რომ არასამტავრობო სექტორი სინამდვილეში სხვა მიზნით ოპერირებს და მათ არ აინტერესებთ მოსახლეობის რეალური პრობლემების მოგვარება.

• ვერ ყალიბდება ნდობა ხალხსა და არასამთავრობო სექტორს შორის.




უნდობლობა და კომუკაციის ნაკლებობა ხალხსა და არასამთავრობო სექტორს შორის მივყავართ მესამე განსხვავებამდე: საქართველოსგან განსხვავებით აქ არავინ არ ფიქრობს, რომ ვინმე შეიძლება სუს-ის შემოგზავნილი აგენტი იყოს.


უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის სიახლე არ ყოფილა პაატა ზაქარეიშვილის განცხადება თუ როგორი ზეგავლენა აქვს სუს-ს სამინისტროების მუშაობაზე.

უფრო მეტიც, ყველაზე დიდი კითხვა უმცირესობებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ის, თუ ვინ მუშაობს სუს-ზე.

ეს კითხვა იმდენად მწვავეა, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლო მეგობრები და წლების განმავლობაში ერთად მომუშავე კოლეგებიც კი ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ.

ჩემი დაკვირვებით, ამ უნდობლობის და პარანოიდული შიშის წყარო შეიძლება იყოს ერთის მხრივ, საკუთარ ტავზე დიდი წარმოდგენის მქონე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დაჩაგრულ და დისკრიმინირებულ ხალხთან, რომლებიც ხალხს ზემოდან უყურებენ და საკუთარი თავი ამ ხალხის ლიდერი და ერთადერთი გადამრჩენელი ჰგონია.

მეორეს მხრივ, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ქმნის ისეთ გარემოს და რეალობას, სადაც უმცირესობები ითვლებიან უპირობო საფრთხედ და ამ საკითხზე მუშაობა - ფარული აგენტების საქმიანობად.

არც ერთი ჩვენგანი (ალბათ არც თავად სუს-ი) დაიჯერებს იმას, რომ ქართული სუს-ი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე უფრო პროფესიონალია, ან ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე უფრო პატრიორია.

უფრო მეტიც, ის რასაც ჩვენი სუს-ი აკეთებს ჩვენთან, ამერიკაში უკვე წარსულია. სინამდვილეში, ფერადკანიანი აქტივისტების დევნამ 60-ან წლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო.

ამერიკა მალევე მიხვდა, რომ საკუთარი მოქალაქეების საფრთხედ აღქმის ნაცვლად, სახელწიფოს მხარი უნდა დაეჭირა მოქალაქეთა დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას.

შედეგად ასეთი მდგომარეობა არის შექმნილი ამერიკაში: ყველაზე დიდი ცვლილებების მომტანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, მარტინ ლუთერ ქინგი ეროვნულ გმირად არის გამოცხადებული სახელწიფოს მიერ. მის ხსენების დღეს არასამთავრობოები თითქოსდა ორგანიზებას უწევენ ყველაფერს, მაგრამ აშკარაა, ისინი ძალიან დამოკიდებულნი არიან ხალხზე და ამ პროცესის წამყვანი ძალა უშუალოდ ხალხია. საბედნიეროდ, ისინი ლიდერობის დათმობას არავისთვის არ აპირებენ.








ბლოგი ავტორი - ფულბრაიტის პროგრამის სტუდენტი ქამრან მამედოვი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები