წლების შემდეგ გაცოცხლებული ტრადიცია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
„ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.


ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყველაზე დიდი დასახლებაა.  

„ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

ჩერშენბეს ტრადიცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთს 12 წლის განმავლობაში მივიწყებული ჰქონდა, თუმცა 2019 წლის მარტში ადგილობრივმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ რამდენინე აქტიურ მოქალაქესთან ერთად, საკუთარი კულტურის შენარჩუებისთვის, ტრადიცია აღადგინა და „ცეცხლის ჩერშენბე“ აღნიშნა.



„ჩვენი ტრადიციის შენარჩუნებას ვცდილობთ. გვინდოდა ეს დღესასწაული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაგვეკეთებინა და გვეგრძნო, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ. სამწუხაროდ, დაფინანსებაზე უარი მივიღეთ. ყველაფერი ჩვენი რესურსით გავაკეთეთ. ეს ტრადიცია წლები იყო დაკარგული და გვინდა, რომ აღვადგინოთ ეს ყველაფერი“ - თქვა სამირა ბაირამოვამ 2019 წლის 5 მარტს სოფელში „ცეცხლის ჩერშენბეს“ აღნიშვნისას

ძველი დროიდანვე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული „ცეცხლის სამშაბათით“ იყო ცნობილი. კოცონის ანთებას სპეციფიკური თავისებურება აქვს. ცეცხლი სითბოს ნიშანია.  ამ დღეს ყველა სახლის ეზოში ტრადიციულად დიდ კოცონს ანთებენ, ცეცხლზე გადახტომით კი სურვილის ასრულებას იმედოვნებენ.



მოსულ სტუმრებს ტკბილეულით, ტრადიციული ჩაითა და სხვადასხვა საჭლით უმასპინძლდებიან. ეს კი ბარაქის და დოვლათის მანიშნებელია.



„წყლის ჩერშენბეზე“ მოსახლეობა სახლს ალაგებს, ეზოს ასუფთავებს, სახლის კედლებს ღებავს, ბაღს ასუფთავებს. წყლის ჩერშენბეს „დაწყებით ჩერშენბეს“ უწოდებენ. ამ დღეს გოგონები, პატარძლები დილით დგებიან და მდინარეზე წყლის მოსატანად მიდიან. დილით, ვიდრე მზე ამოვა, ყველა ხელ-პირს იბანს. ხალხური რწმენით, ვინც ამ დღეს მდინარეში ჩავა, ყველა დაავადებას დაამარცხებს.



არც ეს დღე მთავრდება ტრადიციული სუფრის გარეშე



„ქარის ჩერშენბე „ გამოცოცხლების დღესასწაულია. ქარი, როგორც შემოქმედებითი ენერგია, ხეებს ნიადაგის გაღვივებაში, ხოლო ყვავილებს დამტვერვაში ეხმარება. ქარი მთელს ამ ენერგიას ატმოსფეროში ფანტავს. ეს არის ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მხიარულების, განახლებისა და გამოღვიძების ატმოსფერო.  ამ დროს გოგონები მკითხაობენ. თუ სურთ, რომ მომავალი მეუღლე დაესიზმროთ, მიირთმევენ ვაშლს, ბალიშის ქვეშ 10 კურკას დებენ და იძინებენ. სუფრაზე კი სხვადასხვაგვარი ფლავი, ტკბილეული, ჯეჯილი, ქლიავისა და გარგარის ჩირი, შეღებილი კვერცხები, თხილი და სანთლებია.



წლის ბოლო სამშაბათი „მიწის ჩერშენბეა“ ძველი რწმენის მიხედვით, ამ დღის შემდეგ, მიწა მოსავლისთვის მზად არის.



ბოლო ჩერშენბეზე მიწას სახნავად ამზადებენ და მოსახლეობა სათბურებში მუშაობას აქტიურად იწყებს. სახლებში სუფრაზე სიმწვანის ნიშნად ჯეჯილს დებენ.

ბოლო სამშაბათს ასაკის და სქესის განურჩევლად, ყველა კოცონზე უნდა გადახტეს და შვიდჯერ გაიმეორონ - „ჩემი სიყვითლე შენ და შენი სიწითლე მე“ ან „ყველა ჩემი ტკივილი ცეცხლში აინთოს“.

კოცონს წყლით არასდროს აქრობენ. როცა შეშა ნელ-ნელა დაიწვება და ცეცხლი ჩაქრება, ახალგაზრდა გოგო - ბიჭები მის ფერფლს აგროვებენ და მიწაზე ფანტავენ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ოჯახის წევრების ტკივილი, უბედურება ფერფლთან ერთად მიდის.



ამ სამშაბათს სუფრა იშლება, ტკბილეულს ამზადებენ, ხონჩაზე დებენ. ხონჩის შუაგულში ჯეჯილს მოაქცევენ და გარშემო შეღებილ კვერცხს, ნიგოზს,თხილს და ტკბილეულს დებენ.

ამბობენ, რომ ბოლო სამშაბათ ღამეს ყველა სახლში უნდა იყოს. სხვაგავარად შვიდი წელის განმავლობაში, ნოვრუზს სხვა ადგილას აღნიშნავ.

ბოლო სამშაბათს მარილიან პურს ჭამენ და წყალს არ სვამენ. ღამე ვინც დაგესიზმრება და წყალს მოგაწვდის, ის შენი საბედო გახდება.
სწორედ ეს ოთხი მთავარი სამშაბათი აღინიშნება ნოვრუზ ბაირამამდე ოთხი კვირით ადრე. 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება.



"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.





ამ დღესასწაულისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველწლიურად ათასობით ლარს გამოჰყოფს და მარნეულში მცხოვრები მოსახლეობა ერთად აღნიშნავს. 

ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამი დღის განმავლობაში გრძელდება.



ამ დღის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:

„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“


2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად  შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები