არჩევნებზე, ამომრჩევლებზე, კანდიდატებზე და შიშზე- აქტივისტის, ბექა შუკაკიძის ხმამაღალი ფიქრი
კართან მოდგა შემოდგომა

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 46,6 % - მა მიიღო მონაწილება. სავარაუდოდ, მათ ძირითად ნაწილს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები შეადგენდნენ.


საინტერესოა, რამდენი საქართველოს მოქალაქე მიდის საარჩევნო ყუთთან გააზრებული არჩევანით - სხვისი მითითების, მოთხოვნისა და მოსყიდვის გარეშე? მათი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ, ის ძალიან მცირეა.


არჩევნებისადმი მოსახლეობის ინდეფერენტული განწყობის მრავალი მიზეზი შესაძლოა არსებობდეს:

იმედგაცრუება, გულგრილობა, სიზარმაცე, შიში და ა.შ. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ შეუძლებელია ერთმა ხმამ გადაწყვიტოს, შეცვალოს და გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე.

 


ერთის მხრივ, ამ განცდის არსებობა ლეგიტიმურია, თუმცა მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი განათლების დაბალი დონე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის არქონაა.


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა არჩევნებში მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა, კონკურსში მონაწილეობის სურვილს მრავალი პოლიტიკური სუბიექტი, თუ საინიციატივო ჯგუფი გამოთქვამს.

ასეა საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სადაც კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა კომედიური ჟანრის პერსონაჟს მოგაგონებთ. სასაცილოსთან ერთად მათი მავნე განცხადებების წყალობით, ისინი ხშირ შემთხვევაში არათუ აგრძელებენ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას, არამედ საარჩევნო ბიულეტენის ჩამონათვალშიც კი ვერ ხვდებიან.

თუმცა, რა მოხდება მაშინ, თუ ასეთ კანდიდატს სახელისუფლებო პარტია დაუჭერს მხარს? დაბალი რეიტინგისა და მოსახლეობაში არაპოპულარობის მიუხედავად, სავარაუდოდ ის მაინც მოაგროვებს ხმების დიდ ნაწილს და შესაძლოა გაიმარჯვოს კიდეც.

აღსანიშანვია, რომ ხელისფლების მხარდაჭერა კანდიდატს იმ შემთხვევაშიც კი აძლიერებს თუ ის ერთხმად შეთანხმებული ოროსანია.

მთავარი პოლიტიკური ძალის ბანკში არსებული ხმების მარაგის გარდა, აღნიშნული შედეგის მიღწევას მოსახლეობის დამოკიდებულებაც უწყობს ხელს. მათ უმრავლესობას ქვეცნობიერად სჯერა, რომ სახელისუფლებო კანდიდატობა გამარჯვების ტოლფასია.

 


ერთი რამ ცხადია, რწმენაც და შიშიც წარსულ გამოცდილებას ეყრდნობა. თუმცა, მთავარი პრობლემა ნათელია და ის არჩევნებში მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა. საქართველოს მოქალაქე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიდის საარჩევნო ყუთთან.

ზოგიერთი თვლის, რომ ეს მისი საქმე არ არის, ზოგიერთს კი უბრალოდ ურჩევნია სხვას ანდოს გადაწყვეტილების მიღება.

გასაგებია , რომ ქართულ პოლიტიკურ ბაზარში არცთუ ხარისხიანი საქონელი იყიდება, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებაც არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ გაუგებარია რატომ წარმოადგენს ის სირთულეს, როდესაც ცალასახად ცხადია, რომ ცუდი უარსეზე უკეთესია.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საუკუნეში, საჭიროა ერთმანეთს ვალდებულებებიც შევახსენოთ. ადამიანად ყოფნა გვავალდებულებს, გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი, საკუთარივე კეთილდღეობისთვის.

 







განცხადებული ფიქრი/ ავტორი: ბექა შუკაკიძე, მარნეულის მკვიდრი, აქტივისტი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები