ძილის უფლება - აინურა ალიევას ხმამაღალი ფიქრი

წელიწადნახევარია, რაც ოჯახი შევქმენი. 10 წლის აქტიური სამუშაო დღის წესრიგის შემდეგ გადავედი ოჯახის, სახლის, ბავშვის მოვლის ამბებზე
.

დილით ყოველთვის სამსახურში მივდიოდი და საღამოს სახლში დაღლილი ვბრუნდეოდი. საოჯახო საქმეებისთვის არ მეცალა და არც ვაქცევდი ბევრ დეტალს ყურადღებას. არადა, რამდენი რამ ხდება ჩვენს გარშემო - ოჯახებში, ქალებს შორის. რამდენი წესები და დაუწერელი კანონებია ადამიანების მიერ დაწესებული.

გადავწყვიტე ბლოგები დავწერო ქალების საოჯახო გარემოს თემებზე. რადგან უამრავი დეტალია ჩემთვის საინტერესო, რაც ამ წელიწადნახევარში ვნახე და მოვისმინე.

როცა შორიდან ვუყურებთ, ყველაფერი ძალიან ადვილი გვეჩვენება. არადა, როცა უღრმავდები იმდენ წვრილმანს  აღმოაჩენ, რომელაც სხვა ალბათ ვერ ვიხვდება. ბევრი წესია, რომელიც კანონად თავად ადამიანებმა გადააქციეს. დაოჯახების პერიოდმა მომცა იმის საშუალება, რომ გარდა სამუშაო სფეროს, ტრენინგების და მოგზაურობისა, ცხოვრებას სხვა კუთხითაც შევხედო და გავაანალიზო.

ვაკვირდები და ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ადამიანების უმეტესობა, უფრო მეტად ქალები თავისუფალი ცხოვრების გრაფიკისგან შორს ცხოვრობს. მაგალითად, საოჯახო ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, რომ - ქალი დილის 7 საათზე უნდა ადგეს. ყოველდღიურობაში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას ყველა, თავად ქალებიც კი ჩვეულებრივად იღებენ. თითქოს ასე უნდა იყოს და მორჩა.

ვიდრე ოჯახს შევქმნიდი მანამდეც მაქსიმუმ 08:30 საათამდე მეძინა და ოჯახის შექმნის შემდეგაც ასე ვიყავი.
მახსოს ნათესავებიდან ერთ-ერთმა როგორ უთხრა დედას (ამ შემთხვევაში დედამთილს) - „თუ ჩემი რძალი დილის 7 საათზე არ ადგა, მაგას სახლში ვერ გავაჩერებთო“.

მოგვიანებით იმ ქალმა ადრე გაღვიძებული რომ მნახა მითხრა „დილაუთენია რომ ამდგარხარ, ძროხებს ხომ არ წველი?“ თურმე, ადამიანებს რამდენი სახე აქვთ. რატომღაც ცდილობენ და უხარიათ სხვის ოჯახებში უსიამოვნების შექმნა.
ვითომ, კარგ რძლად ითვლება ის, ვინც 07:00 საათზე იღვიძებს. დამიჯერეთ, 7 საათზე ბნელა და თუ ადგები, უნდა დაელოდო როდის გათენდება.

ადამიანები თავიანთი ნათქვამით უბრალოდ ზეწოლას ახდენენ სხვებზე. იმ „ნათესავის“ ნათქვამი სულაც არ იყო უბრალოდ. არც რძალს გააგდებს სახლიდან 7 საათზე თუ არ გაიღვიძებს. ოჯახურ ცხოვრებაში მეზობლიდან დაწყებული, ნათესავებამდე დასრულებული ყველას “ბინოკლი“ უჭირავს ხელში და რძალს უთვალთავალებენ. მით უმეტეს, როცა ახალდაქორწინებული ხარ. რომელზე გაიღვიძა? საჭმელს ამზადებს? სახლს ალაგებს? ორსულადაა? როდის გააჩენს ბავშვს? - და კიდევ უამრავი შეკითხვები, ჭორები, დისკუსიები და სხვა.
ყველა თემაზე ერთ ბლოგში ვერ ისაუბრებ ამიტომ , ალბათ თანმიმდევრულად დროის განმავლობაში დავწერ ამ თემებს. ჩემთვისაც ძალზე საინტერესო იყო და არის კიდევაც ამ წვრილმანების გაანალიზება.

ვინ მოიგონა ეს დაუწერელი კანონი, რომ ქალი 7 საათზე უნდა ადგეს. მიუხედავად იმისა, საქმე აქვს თუ არა. საქმე თუ გაქვს და ~ საჭიროდ თვლი, შეგიძლია ადგე, თუმცა არა იმის გამო, რომ ეს ასეა მიღებული. ახლა სიტუაცია ითხოვს და მეც დილის 5-6 საათზე ვიღვიძებ. პატარა მყავს და ჭამას ადრე ითხოვს. გართულება არ მაქვს იმაზე, რომ 7 საათზე ადგე. გართულება მაქვს იმაზე, რომ ეს იძულებით არ უნდა აკეთოს ქალმა ვითომდა, „საოჯახო წესის“ გამო.

დედა (დედამთილი) სამსახურში ადრე მიდის ყოველთვის 7 საათზე იღვიძებს. საჭმელს ამზადებს. იცის, რომ მთელი დღე სახლში არ იქნება. მე დანარჩენი საქმეები მოვასწარი - თარგმანი, ბავშვის მოვლა...
მახსოვს, მიყვებოდა, ახალი გათხოვილი რომ იყო, როგორ იღვიძებდა ადრე და 12 საათამდე ათასჯერ გაათბობდა ჩაინდანს და ჩაის დალევდა.

მან ეს პერიოდი უკვე გაიარა და ათასი ცოცხალი ისტორია მაქვს მოსმენილი მისგან. როგორც მივხდი , თვითონ ქალებმა მიიღეს ეს წესად, რომ ასე უნდა იყოს და ამიტომ ამ თემაზე არავინ საუბრობს , როგორც ძილის უფლება და ქალის უფლება. ეს წვრილმანია - რაზეც სხვების აზრით, შეგიძლია არც ისაუბრო.

დედამთილს შეუძლია არც ახლა გაიღვიძოს 7 საათზე და არც მაშინ გაეღვიძა, როცა თვითონ იყო ახალი გათხოვილი. ძილი ხომ მისი უფლებაც იყო.

ასე რომ, ქალებო, ვინც გათხოვდა და მსგავსი შემთხვევის წინაშე დადგა ალბათ , გაიგებს მე რისი თქმა მინდა. თუ გათხოვდებით, ჯერ „ბინოკლისთვის“ მზად იყავით. დარწმუნებული ვარ, რძლების უმეტესობა დაუწერელი კანონების გამო არ იძინებს.

აქამდე ქალის უფლებებზე ვინც საუბრობდა სულ მესმოდა, რომ ბევრ რამეში მამაკაცებს ადანაშაულებდნენ. მე პირიქით ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ქალები თავად ქმნიან ერთმანეთისთვის ყველაზე დიდ პრობლემას და ზღუდავენ ერთმანეთის თავისუფლებას. მათვე მოიგონეს ეს დაუწერელი კანონები და „7 საათზე ადგომა“. 

რაც ვნახე და მოვისმინე სულ დედამთილები და რძლები ხოცავენ ერთმანეთს დილით ადგომის და სხვა უამრავი ოჯახური წვრილმანების გამო. მამათილის და რძლის კონფლიქტი კი იშვიათად შემხვედრია, თუმცა არსებობს და სხვა ბლოგში მაგაზეც დავწერ.

გარწმუნებთ, ქალს, რომელსაც თავისი გრაფიკი აქვს, ის ყველაფერს ასწრებს.
მე გამიმართლა ამ კუთხით, რადგან ძილზე და გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქვს. შეიძლება დედას (დედამთილს) გულში სურვილი სულ ჰქონდა, რომ მისი რძალმაც გაიღვიძოს დილის 7 საათზე და სიბნელეში ეზო დაასუფთავოს, მაგრამ არასდროს უთქვამს მსგავსი რამ ჩემთვის.

მე თუ არა, ჩვენს გარშემო რაც ხდება მაგაზე უნდა ვისაუბროთ ყველამ. თორე ისე, ვერაფერს შევცვლით. ამიტომ ვთვლი, რომ თუ საზოგადოებისთვის რამე გაქვს სათქმელი, ბლოგი უნდა დაწერო!
ნუ გგონიათ, რომ ასეთ სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში რძლობა ადვილი საქმეა. გარწმუნებთ, ქალების საოჯახო ცხოვრებისეული გამოცდა მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე ათასჯერ რთულია, რასაც აქამდე ყველაზე რთულ გამოცდად ვთვლიდი ჩემთვის!

მე არ ვცდილობ 7 საათზე ადგომით გავხდე „კარგი რძალი“. 8 საათზეც რომ გავიღვიძო, საღამოს ჩვენს სახლში არც დაულაგებელი ადგილი და არც გაურეცხავი ჭურჭელი რჩება. ადამიანებს უბრალოდ შეფასების კრიტერიუმი გვაქვს სხვანაირი. რაც არის შემფასებელი მაგას არ ვაფასებთ და სხვაზე ვამახვილებთ ყურადღებას. კიდევ უამრავი ბლოგი იქნება და წვრილმანებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

ცხოვრებაში ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელკვდება. წარმოიდგინეთ, რომ დაიბადეთ და მთელი ცხოვრება რაღაც უაზროდ, ადამიანების მიერ მოგონილი წესებით იცხოვრეთ, არც დაიძინეთ, არც იმოგზაურეთ, არც დაისვენეთ, არც გაიცინეთ ისე, როგორც გინდათ და სხვა ათასი რა და ისე წახვედით ამ ქვეყნიდან. თავისუფლება ყველა წვრილმანშია საჭირო. ძილშიც, კვებაშიც, გასეირნებაშიც, ტელევიზორის ყურებაშიც... ბრძოლა და შრომა უნდა ყველაფერს. ადვილად არაფერი ინგრევა და მით უმეტეს - არც შენდება....


ავტორი: რადიო "მარნეულის" რედაქტორი აინურა ალიევა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები