გოგოს არასდროს საკუთარი სახლი არ აქვს! - შალალა ამირჯანოვა
როდესაც წერას ვიწყებ, სპონტანურად არ ვწერ, მოვლენას ხანგრძლივად ვაკვირდები. შემთხვევას არ აქვს მნიშვნელობა, ეს წესი გამონაკლისის გარეშე მოქმედებს. მთავარი ისაა, რომ ეს ამბავი ხდება. ხშირად, ბლოგებს რომ კითხულობენ, თუ იგი რაღაც თეორიას არ ეყრდნობა, სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ სიმართლის მოსმენა ყოველთვის მწარეა...

მაშინ დავიწყოთ...

როდესაც მოვლენებს ვაკვირდები, კითხვები მიჩნდება, რომლებზეც პასუხის პოვნა ხანდახან ძალიან ძნელი, ხშირად კი შეუძლებელი ხდება. მაინტერესებს, გიფიქრიათ თუ არა გოგონების ცხოვრებაზე, მათ სახლზე, ოთახზე და პირად ცხოვრებას არც კი ვამბობ, - მინიმუმ პირად სივრცეზე?

დღეს უსახლკარო გოგონებზე ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ აქ ოჯახის არყოლას ან რამეს სხვას ვგულისხმობ. არა. იმ გოგონებზე ვსაუბრობ, ვისაც ოჯახიც, მშობლებიც და სახლიც აქვთ და მომავალშიც „ექნებათ“, თუმცა იმ სახლებიდან პირველი მამის სახლია, მეორე კი - ქმრის სახლი, ანუ გოგოს არასდროს საკუთარი სახლი არ აქვს!

იგი იბადება, იზრდება მამის სახლში, ზოგჯერ კი ვერც იზრდება, ვერ ასწრებს, რადგან თხოვდება, მერე კი, უნდა თუ არ უნდა, გადადის ქმრის სახლში.

ანუ ვიღებთ შედეგს, რომ მამასთან, ანუ მამის სახლში მასზე პასუხისმგებელი მამაა, ან თუ ძმა ჰყავს, - ძმა (უფროსი-უმცროსი - არა აქვს მნიშვნელობა). ქმართან კი, რა თქმა უნდა, ამ ფუნქციას ქმარი ითავსებს. გამოდის, რომ გოგოს საკუთარ თავზეც კი არ აქვს უფლება და რა სახლზეა საუბარი?!

ვითომ გოგოს გონება არ აქვს, ან რა ვიცი, საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ზრუნავს. ბოლოს და ბოლოს, ისეთი გარემოა შექმნილი ირგვლივ, თითქოს აზროვნება არ შეგვეძლოს!

აქ კიდევ ერთი საკითხი.

ხშირად, ოჯახში ჯერ გოგოს ათხოვებენ, უფროსია თუ უმცროსი, ამასაც მნიშვნელობა არ აქვს. მერე ამბობენ, აწი თავსუფალი ხართ, სახლი დაიცალა, ახლა შეგიძლიათ, რძალი მოიყვანოთო.

მახსოვს, მეზობლის გოგომ თქვა, თუ მაინცდამაინც შვილიშვილი გინდათ, ჩემი ძმა დააქორწინეთო. ბებიამ ამაზე უპასუხა, მაშინ ის დიდი ოთახი გაათავისუფლე, რძალი ხომ იქ შემოვაო. და ზუსტად იმ რძალსაც, ვისზეცაა საუბარი, იგივე ბედი აქვს.

გოგო სულ უსახლკაროდ რჩება, მას არასდროს საკუთარი სახლი, სივრცე, ქონება არ აქვს.

გოგო თუ მამისგან ქონების რაღაც ნაწილს მაინც მოითხოვს, მაშინვე ჩხუბი იწყება: შენ მიდი, შენს ოჯახს მიხედე, იქ გექნებაო იტყვიან.

ასე ასწავლიან გოგონებს ბავშვობიდანვე. ხაზს გავუსვამ: ყველასთან ასე არაა, თუმცა ხშირია. გოგო არც ბედავს მამისგან ქონების მოთხოვნას. ამიტომაცაა, ქალი ამდენს უძლებს, ძალადობას, სირთულეებს და ყველაფერს, რაც მის თავს ხდება. რაღაცებს მამის სახლში, რაღაცებს - ქმრის. საკუთარიც რომ ჰქონდეს, ალბათ განსხვავებულ სიტუაციას დავინახავდით.

ფანჯარა
შალალა ამირჯანოვა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები