"როცა მამაჩემის ნდობა დავინახე ჩემ მიმართ, ჩემი მოტივაცია გაორმაგდა"- სემა ჰასანოვას ხმამაღალი ფიქრი სტერეოტიპებზე
ბლოგი თავდაპირველად სოციალურ პროექტ "ფანჯარაში" გამოქვეყნდა
წარმატება, რომელსაც სტერეოტიპების დაძლევით მივაღწიე

მე სემა გასანოვა ვარ. მიმაჩნია, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. ამ წარმატებაში მხოლოდ გარკვეულ კონკურსებში, პროექტებში მიღწეული შედეგები არ იგულისხმება, იგი სტერეოტიპებს უკავშირება. წინა სასწავლო წელს რამდენიმე სკოლაში ვიყავი და ძალიან მოტივირებული ახალგაზრდები გავიცანი. როცა ვეკითხებოდი, მომავალში რას გეგმავდნენ, განსხვავებულ პასუხებს ვისმენდი. მაგალითად:

„მინდა, მომღერალი გავხდე, მაგრამ მშობლები არ არიან თანახმანი, ამბობენ, ხალხი რას იტყვისო?”;

“მინდა, მსახიობი გავხდე, მაგრამ როცა ხმამაღლა ვსაუბრობ ამაზე, დამცინიან, შენ ვერასოდეს გახდები პოპულარული, მასწავლებელი გახდი, აიღე 200 ლარი დაეტიე სახლშიო“;

“მინდა, ინგლისური ენის მასწავლებელი გავხდე, მაგრამ სოფელში არ არის კარგი სპეციალისტი. მინდა, რომ ან მარნეულში, ან სხვა სოფელში ვიარო მასწავლებელთან, მაგრამ ჭორიკნები მიშლიან ხელს. ერთხელ ოჯახს ვუთხარი, მინდა მარნეულის განათლების ცენტრში ვიარო და ინგლისური განვივითარო-მეთქი. ოჯახი ამაზე დათახმდა, მაგრამ როგორც კი სოფლის ხალხმა გაიგო ამის შესახებ, სულ ერთ დღეში შეიცვალა ჩემმა ოჯახმა გადაწყვეტილება”...

რეალურად, თავიდან მათ მშობლები დაარწმუნეს, რომ განათლება საჭიროა და მათ საკუთარ შვილებს მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ, სულ ცოტა ხანში მეზობლებისა და ნათესავების უაზრო ჭორებით აზრი შეიცვალეს.

ახლა ჩემ შესახებ მინდა გიამბოთ...

უკვე 3-4 წელია, რაც აქტიურად ვარ ჩართული პროექტებში, ტრეინინგები, ოლიმპიადებში. ტრეინინგებზე სიარული პირველად მერვე კლასში დავიწყე და ამით საკმაოდ კარგი ცოდნა მივიღე. მაშინ ყვალაფერი ადვილი იყო, მეგონა, რომ ასეც გაგრძელდებოდა. გიფას 4 წელიანი გრანტი მოვიპოვე, სოფელში კი არ დაიჯერეს ეს ამბავი. საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზე გავედი, მათთვის ეს თითქოს არაფერი იყო. ფიქრობდნენ, რომ ვიღაცას „პატივი ვეცი“ და ამის სანაცვლოდ მეხმარებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ გავიგე სხვა კონტექსტის ჭორები, ყურადღება არ მივაქციე. როცა სოფელში ტრანსპორტის პრობლემა იყო, სახლიდან სკოლამდე 3 კილომეტრ გზას ფეხით გავდიოდი. ერთხელ ქალების საუბარი გავიგე ჩემ შესახებ.



„ეს ვინ არის? ყოველდღე აქეთ-იქით დადის.

- ეს იმ კაცის შვილია, ახლა ეს გოგო ვითომ სწავლობს.

- ნეტავ სხვა სადარდებელი რატომ არ აქვთ?!

როცა ეს სიტყვები მოვისმინე, ცუდად იმოქმედა ჩემზე. არადა, მე სასწავლებლად დავდივარ ყოველდღე, მიუხედავად ცუდი ამინდის, ქარის, წვიმის, სიცხის, სიცივისა, არ ვაცდენ სკოლას, ჩემი მომავლისთვის ვშრომობ, ამ სიტყვების ღირსი არ ვარ.

ერთ-ორ დღეში დამავიწყდა ეს ამბავი მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უარესები მოვისმინე.

ერთ დღეს მასწავლებელთან ერთად უნდა წავსულვიყავი სადახლოში. როცა სახლიდან გავედი, მასწავლებელმა მანქანით ჩამოიარა და ერთად წავედით.

მეორე დღეს გავიგე, რომ ერთმა კაცმა ჩემზე თქვა, გუშინ ვნახე, ის გოგო ვიღაც უცხოს მანქანაში ჩაუჯდა, ამნაირი განთლების მიღებას სახლში ჯდომა ჯობიაო.

როცა ეს სიტყვები გავიგე, მოტივაცია დამეკარგა. იმაზეც ვიფიქრე, რომ ყველფრისთვის თავი დამენებებინა. გავუზიარე ეს სიტყვვები მამაჩემს, ავუხენი მას, სად და ვისთან მივდიოდი. მან მიპასუხა, მე შენ გენდობი, არ დანებდე ყველანირად მხარში დაგიდგებიო.

მგონი, გოგოს ამაზე მეტი არაფერი უნდა მამისაგან. როცა მამაჩემის ნდობა დავინახე ჩემ მიმართ, ჩემი მოტივაცია გაორმაგდა. შემდეგ ბანაკებში დავიწყე სიაურული, მაშინაც ჭორაობდნენ, - ახლა ნეტა სად არის, ვისთან ცხოვრობსო და მსგავსი უამრავი კომენტარით.

მაგრამ, ეს უკვე ჩემზე აღარ მოქმედებდა, რადგან ვიცოდი, რომ ოჯახი მყავდა გვერდით. ცხოვრებაში საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიე, და ამისათვის მშობლების და მასწავლებლის მადლობელი ვარ. ახლა ვმუშაობ, ვსწავლობ, ვმოგზაურობ და ვვითარდები. რადგან წარმატებული ვარ არის, ერთი კატეგორია რომელიც ცუდად მექცევა. დიახ, ჩემ გარშემო არიან ორი ტიპის ადამიანები:

განათლებულები - ვუყვარვარ და მარწმუნებენ, რომ უფრო მეტს მივაღწევ.
კატები, რომლებიც ვერ წვდებიან ხორცს, - ვითომ ჭკვიანები. მათ არ ვუყვარვარ, უფრო მეტიც, - ვძულვარ.

მაგრამ, იცით რა? - მეორე ტიპის ხალხის არსებობა მე მაბედნიერებს. ისინი იმაზე ბრაზდებიან, რომ მე არ მაქვს მათთან კარგი ურთიერთობა. მაგრამ, მე არ ვიქცევი ისე, როგორც ისინი იქცევიან. მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული. როცა ამაში ვარ წარმატებული, ეს ყველაზე კარგი პასუხია მათთვის. ისინი მე თვითგანვითარების სტიმულს მაძლევენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები