ნონა სამხარაძე: „ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა არ არის ადვილი“
სტატია მომზადებულია "ადამიანის  უფლებათა  სახლის" მიერ

ნონა სამხარაძე პროფესიით ფილოლოგია. 2004 წელს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია – მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება დააფუძნა. 2007 წლიდან მუშაობდა მარნეულის ადგილობრივ ტელევიზიაში: ჯერ ჟურნალისტის, შემდეგ კი პროდიუსერის პოზიციაზე. 2011 წლიდან Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ინფორმაციის კოორდინატორია. ნონა სამოქალაქო აქტივისტია და სამსახურის პარალელურად, ქალთა უფლებების დაცვისთვისაც აქტიურად იბრძვის.


* * *

დავიბადე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში. მეშვიდე კლასის ჩათვლით ჩემი სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. იმ პროცესს სწავლა სიმბოლურად ერქვა: 9 სთ-ზე სკოლაში წასულები 11 სთ-ზე სახლში ვბრუნდებოდით – გაკვეთილების უმეტესობა ცდებოდა. ამის გამო მე და ჩემი და დედამ თბილისში, 126-ე სკოლაში გადაგვიყვანა. ძალიან კარგ კლასში მოვხვდით. მე და ჩემს დას ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ კულტურული შოკი გადაგველახა, კუთხურ დიალექტზე აღარ გველაპარაკა და საუბარში „დედაი“ და „მამაი“ არ გვეხმარა და საგნებიც ამოგვექაჩა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ მარნეულში დავბრუნდი. მამა მარნეულში ჩემი დაბრუნების წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, რომ აქ ახალგაზრდა გოგონებისთვის არანაირი პერსპექტივა არ იყო და სჯობდა თბილისში დავრჩენილიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მამაჩემის მოლოდინი არ გამართლდა და სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოვჩნდი.

მარნეულის ადგილობრივ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. თავიდან ჟურნალისტი ვიყავი. ბევრი საჭირო ინფორმაცია და ცოდნა სწორედ ამ დროს მივიღე.

გენდერის შესახებ პირველად 2007 წელს, ჟურნალისტებისთვის ჩატარებულ ერთ-ერთ ტრენინგზე გავიგე, სადაც ქალთა უფლებების გაშუქებას გვასწავლიდნენ. მანამდე ნაადრევი ქორწინება ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩემი და 13 წლის წინ, 15 წლის ასაკში გათხოვდა და მაშინ ამაში ჩემთვის მიუღებელი არაფერი იყო. ტრენინგის დროს გავაცნობიერე, რამდენი თანმდევი უარყოფითი შედეგი აქვს ნაადრევ ქორწინებას და როგორ ირღვევა არასრულწლოვანი გოგოს გათხოვებით ქალის და ბავშვის უფლებები. ამის შემდეგ დავიწყე ნაადრევი ქორწინების აქტიური გაშუქება და დღეს უკვე ხმალამოღებული ვიბრძვი ამ პრობლემის წინააღმდეგ. არაერთი სიუჟეტი გავაკეთე ამ თემაზე. 2011 წელს მოვიპოვე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ გრანტი და მაგისტრატურაში სწავლა გენდერის კვლევების მიმართულებით გავაგრძელე.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა არ არის ადვილი. არ არის ისე, რომ მე – ვიღაც ნონა სამხარაძე მივდივარ ჩემთვის უცნობ ოჯახში და მათ მორალს ვუკითხავ. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე, რომ სათუთად და ფრთხილად უნდა მივუდგე ამ საკითხს. თავიდან, რა თქმა უნდა, შეცდომებს ვუშვებდი. დღემდე მწარედ მახსოვს ნაადრევი ქორწინების შესახებ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც მარნეულის ტელევიზიისთვის გავაკეთე. პირდაპირ მიკროფონით მივედი ოჯახში. გოგონა რადგან არასრულწლოვანი იყო, მისგან კომენტარის აღებისთვის ნებართვა დედამთილისგან ავიღე. თვითონ დედამთილიც ჩავწერე. სიუჟეტით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ ვერ შეძლო ამ გოგონამ სწავლის გაგრძელება იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში გაათხოვეს და როგორი უპერსპექტივო იყო ახლა მისი ცხოვრება. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლის შემდეგ ამ გოგოს ქმარმა სცემა. ეს არის ჩემ მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან მახსენდება.

დღეს ასეთ შეცდომას უკვე აღარ დავუშვებ. გამოცდილებით ვისწავლე, როგორ და რა მეთოდებით უნდა ვიბრძოლო. თუ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე ოჯახი არასრულწლოვანი გოგოს გათხოვებას აპირებს, მივდივარ ამ ოჯახში, მაგრამ არასოდეს მივდივარ მარტო. თან მიმყავს ადამიანი, რომელსაც ის ოჯახი და თემი დიდ პატივს სცემს. მყავს მოკავშირეთა ჯგუფი. სკოლებში ახლა ბევრი კარგი მასწავლებელია, რომელიც განგაშს დროულად ტეხს. თუ გოგონა სკოლას დიდი ხსნის განმავლობაში აცდენს, ასეთმა მასწავლებელმა იცის, რომ განგაში უნდა ატეხოს. ეს ადრეული შეტყობინების მექანიზმია, რომელიც ნაადრევი ქორწინების პრევენციისთვის ყველაზე კარგად და ეფექტიანად მუშაობს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე სათანადო უწყებებს ვაწვდით ინფორმაციას. ამ ბოლო დროს ასეთი შეტყობინების მეშვეობით 7 არასრულწლოვნის ქორწილი ჩავშალეთ.

ამჟამად მოხალისეობრივ საწყისებზე ვთანამშრომლობ მარნეულის სათემო რადიოსთან. ოლგა ენდელაძესთან ერთად მიმყავს გადაცემა „ქალის აზრი“. მარნეულის საკრებულოში არც ერთი ქალი არ არის. ჩვენთან, მაღალ თანამდებობებზე გადაწყვეტილებებს მხოლოდ კაცები იღებენ და ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ნულის ტოლია. პოლიტიკოსი კაცები თავს იმით იმართლებენ, რომ მარნეულში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მათთვის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობა მიუღებელია. ეთნიკური თავისებურება მარნეულს ნამდვილად ახასიათებს, მაგრამ ეს გამამართლებელი მიზეზი ვერ იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების მუშაობის შედეგად აქ ვითარება ნამდვილად შეიცვალა – ნაადრევი ქორწინების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება და სულ უფრო და უფრო მეტი გოგო იღებს განათლებას. ჩვენი გადაცემით ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ მარნეულში ბევრი ღირსეული ქალია, მათ აზრს ანგარიშს უნდა უწევდნენ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. ძალიან ბევრი ქალი მეუბნება, რომ ჩვენი გადაცემა და გადაცემაში მოწვეული სტუმარი მათ აქტიურობისთვის სტიმულს აძლევს.

2011 წლიდან Mercy Corps-ში ვმუშაობ. სამსახურის გამო სამოქალაქო აქტივიზმში ახლა ისე აქტიურად ვეღარ ვარ ჩართული, როგორც მანამდე ვიყავი. თუმცა, ჩემი წარსული საქმიანობის გამო დღესაც ძალიან ბევრი ქალი მიკავშირდება და დახმარებას მთხოვს: ზოგს თუ იძულებით ათხოვებენ, ზოგს ყოფილი ქმარი არ უხდის ალიმენტს, ზოგიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან ბიზნესიდეისთვის დაფინანსებას ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ორგანიზაცია და რესურსი იმისთვის, რომ ასეთ ქალებს დავეხმარო, უყურადღებოდ არც ერთ მათგანს არ ვტოვებ: ვასწავლი, ვის უნდა მიმართოს და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემა გადაჭრას.

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები