სუიციდი – ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად
ვხვდებით სუიციდის ამბებს, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს. მინდა,
აღვნიშნო, რომ სუიციდი ძალიან სერიოზული გამოწვევაა მთელი
მსოფლიოსთვის და ამის დასადასტურებლად, საკმარისია გადავხედოთ
მონაცემებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ
40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად
საშუალოდ 800 000-ზე მეტი ადამიანი კვდება სუიციდის შედეგად. კვლევის
მიხედვით, 2030 წლისთვის ეს
მაჩვენებელი 1 მილიონს გადააჭარბებს.
საინტერესოა, რომ ძირითადად, სუიციდის მსხვერპლები 19-25 წლამდე
ახალგაზრდები არიან.
ვითარება საქართველოში არაფრით განსხვავდება მსოფლიოსგან. 2017 წლიდან
2021 წლის ივნისამდე თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის
ოფიციალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ
ვებგვერდზეა განთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის
მიხედვით, საქართველოში:
2017 წელს -
- 365-მა ადამიანმა მოიკლა თავი;
- 265 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა.
2018 წელს -
- 389 ადამიანმა მოიკლა თავი;
- 477 ადამიანმა სცადა სუიციდი.
2019 წელს -
- 377 ადამიანმა მოიკლა თავი;
- 494 ადამიანმა სცადა სუიციდი.
2020 წელს -
- 380-მა ადამიანმა მოიკლა თავი;
- 552 ადამიანმა სცადა სუიციდი.
2021 წლის იანვრიდან ივნისამდე -
- 225 ადამიანმა მოიკლა თავი;
- 255 ადამიანმა სცადა სუიციდი.
შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს,
რომ საქართველოში თვითმკვლელობათა რიცხვი შემცირების ნაცვლად,
ყოველწლიურად იზრდება და ჩვენს ქვეყანაში, საშუალო სტატისტიკით,
ყოველდღიურად 1 ადამიანი იკლავს თავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
(WHO) მონაცემებით, კავკასიის რეგიონში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი
სუიციდის შემთხვევა საქართველოშია.
ზოგადად, რომ ავიღოთ, სუიციდის ძირითადი მიზეზებია მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახური კონფლიქტები, პიროვნების
მიმართ მუქარა და დამცირება, იძულებითი ქორწინება და ადამიანის
თავისუფლებების შეზღუდვა, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები და
ა.შ.
სამწუხაროდ, საქართველოში განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტებისა და
იძულებითი ქორწინების შემთხვევების შემდეგ სუიციდის შემთხვევებს ხოლმე
სიღრმისეულად და სათანდოდ არ იძიებენ. ხანდახან კი, ადამიანები თვითონ
პოლიციის ძალადობის, მუქარისა და ზეწოლის გამო იკლავენ თავს. მინდა
აღვნიშნო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით,
თვითმკვლელობამდე მიყვანა არის დანაშაული და 2-დან 4 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებისა და
მოწოდებისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და საქართველოში ჯერ კიდევ არ
დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა.
ძალიან მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ
ადამიანები იკლავენ თავს, ხოლო ჩვენ, როგორც საზოგადოება, ასევე
სახელმწიფო, უბრალოდ ვუყურებთ მომხდარს და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ავტორი: ნაშირ ორდუხანოვი
წყარო:
ფანჯარა