ჩემს ხელებს ვათვალიერებ. დამსკდარი, წითელი. ცოტა მეწვის. ექვსი დღეა
წყალი
არ მაქვს სახლში. მეზობელთან მილი გასკდა და სანამ გააკეთებენ,
უბრალოდ გადაკეტეს. ყველანაირი ჭურჭელი გამოვიყენე, წყალი დავაგროვე
მეზობელთან. ის ახლა ყველაზე დიდი ადამიანია ჩემს თვალში - წყლის მილი
აქვს მეზობელი ქუჩიდან გაყვანილი და წყალიც აქვს.
ვედროებით მოვათრიე, რამდენიმე რეისი გავაკეთე, ვინ მოთვლის. სულ სულ
ძველი დრო გამახსენდა.
მშობლების სახლში წყალს ასე ვეზიდებოდით.
როგორ მჭირდება წყალი: ბავშვების დასაბანად, საჭმლის
გასაკეთებლად, სარეცხისთვის. მთელი დღეა ვუყვირი და ვაკონტროლებ
პატარებს, რომ არ მოითხვარონ. რა ვიცი, როდის მოვა წყალი... კიდევ
მათხოვრად ვიარო წყალზე მეზობელთან?
სანამ ოჯახს შევქმნიდი, უწყლობას ასე მტკივნეულად არ აღვიქვამდი.
გაუცხოებულად რეპორტაჟებსაც კი ვაკეთებდი სოფლად
მცხოვრებ ქალებზე. ადამიანებზე, რომლებსაც წყაროზე დაჰქონდათ ჭურჭელი
და გასარეცხი ტანსაცმელი. რამდენიმე წინდას და ზედას რომ იცმევდნენ.
ცოტა ირონიულადაც ვუყურებდი. ახლა გარეთ რომ მიწევს თასში ჭურჭლის
გარეცხვა მესმის - მათ უბრალოდ სციოდათ, ძალიან
სციოდათ. თან, გარეთ რომ რეცხავ, თბილ წყალში და
მაინც ცივი ჰაერი ეჰება ცხელ
ხელებს, როგორც ჩანს
უფრო მეტად აზიანებს. ძილის წინ ხელის კრემს წავისმევ, იქნებ ცოტა
ეშველოს ამ ხელებს. სახეზეც კი ვერ ვისმევ ისეთი უსიამოვნო
შეგრძენბაა. ნეტავ მათ, იმ ჩემ გმირ ქალებს თუ ჰქონდათ
ხელის კრემი. ამ დროს თითქოს ქალურ სინაზეცსაც
კარგავ.
ასე მოკრძალებულად ჩემ ბავშვებს პირი არასდროს დაუბანიათ. წვეთებს
ვითვლიდი და ფრთხილად ვბან. ზედმეტი არ დამეხარჯოს. უიმედოთ ვრეკავ
ცხელ ხაზზე, იქნებ გვეშველოს. ის მაინც მაწყნარებს რომ დროებითია.
ჩემი გმირი ქალები სოფლიდან კი ამ იმედის გარეშე ცხოვრობენ.
იცით განა არ ხვდებიან რომ უკეთესად შეიძლება იცხოვრონ?! მაგრამ არ
იციან რა გააკეთონ რომ ეს ტანჯვა დასრულდეს. ერთ სოფელში ვიყავი
გადაღებაზე. ჭიშკარი ჰქონდათ მაგრამ ეზო შემოღობილი არ იყო. შემოვედით
და ვეუბნებით გარეთ მდგარ კაცს, რომ სოფლის პრობლემების გაშუქება
გვინდა. ბრეზენტით შემოღობილ პატარა ოთახიდან გვესმის ხმა. მოდით,
მოდით და ნახეთ რა პრობლემები გვაქვს. კაცმა სიცილი დაიწყო.
ეს კუსტარული აბანო იყო. იქ ასაკოვანი ქალი ბანაობდა. კაცმა გვანახა
წყალი რითაც ეს ქალი ბანაობდა - ყავისფერი იყო. ადუღებული წყალია.
სოფლის წყაროდან. დასალევად არ ვარგა და ამით ვბანაობთ. რძლისთვის და
ბავშევბსითვის ვყიდულობთო მე მაინც არ ვახარჯინებ ჩემზე ნაყიდ წყალს
და ამ შავი წყლით ვბანაობ..
ეს ისტორია რომ გავიხსენე, მივხვდი რომ ამ
უწყლოობაში ბევრ რამეზე ვიფიქრე, გავითვალისწინე.
მაგრამ მე რომ მჭირდება წყალი არ დავფიქრებულვარ. კი, მეც მჭირდება
ელემენტარული ჰიგიენის დასაცავად წყალი.
ამინდი მიჩვენებს, რომ ხვალ წვიმაა, იქნებ წვიმის წყალი დავაგროვო.
გლობალური სტატისტიკის მიხედვით, განვითარებად
ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიანო. მათ შორის –
გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.
განათლების გარეშე დარჩენილ გოგონებს კი, დიდი ალბათობით, თავადაც არ
ექნებათ შემოსავალი მომავალში.
ასევე სტატისტიკის მიხედვით, თუ დღეისთვის მოსახლეობის 40% განიცდის
წყლის დეფიციტს, 2025 წლისთვის უკვე მისი 2/3 შეეჯახება ამ
პრობლემას.
დილის 8 საათია. გაღვიძებისთანავე ტელეფონს შევხედე, გარეთ მინუს 4
გრადუს ყინვას მიჩვენებს. ნეტავ დღეს წყალს გამოუშვებენ თუ არა...
ყდის ფოტო:სოფელი ლეჟბადინი, რადიო "მარნეულის" არქივი
ავტორი: აინურა ალიევა