რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და რატომ ვერ ამბობს ირაკლი კობახიძე სიტყვას „რუსეთი“?
1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, უმაღლესი ეროვნული თვითშეგნების დღე — დღე, როცა რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიამ ქართველი ახალგაზრდების სისხლი დაღვარა, თუმცა ამავე დღეს თავისუფლების იდეამ სძლია მონობას.

36 წლის შემდეგ, 2025 წლის 9 აპრილს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ ტრაგედიის მიმართ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, თუმცა ისტორიული ფაქტი – ის, რომ სისხლიანი დარბევა რუსეთმა განახორციელა – ვერ და არ თქვა ხმამაღლა. მან ნაცვლად სიტყვებისა "რუსეთი" ან "საბჭოთა კავშირი", წარმოთქვა არაფრისმთქმელი ფრაზა: „უცხოური ძალა“.

„დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს...“, – განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი ტანკები, რაზმები და სპეცდანიშნულების ძალები ხოცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს 36 წლის წინ.

და თუ კობახიძე ვერ ამბობს – ჩვენ გავიხსენებთ.

ვის ეკუთვნოდა 1989 წლის 9 აპრილის სისასტიკე?

1989 წლის 9 აპრილს, თბილისის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალებმა სისხლში ჩახშეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური, რუსი გენერალი იგორ როდიონოვი.

დარბევაში მონაწილეობდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და შინაგანი ჯარების შემდეგი ქვედანაყოფები:

მე-4 მოტომსროლელი პოლკი ძერჟინსკის დივიზიიდან – 650 ჯარისკაცი

კიროვობადის 345-ე საჰაერო-სადესანტო პოლკი – 440 ჯარისკაცი

რუსეთის პერმისა და ვორონეჟის ОМОН-ის სპეცდანიშნულების რაზმები – 160 სპეცრაზმელი

შსს-ის გორკოვის უმაღლესი სკოლის კურსანტები – 450

მე-8 მოტომსროლელი პოლკი – 650

დამატებით გამოიყენეს:

6 ერთეული BTR-70 ჯავშანტრანსპორტიორი

8 ერთეული BMD ტიპის სადესანტო საბრძოლო მანქანა

საპოლიციო ძალები, რომლებიც უნდა ჩამდგარიყვნენ რუს ჯარისკაცებსა და მომიტინგეებს შორის, შეგნებულად არ გამოიყენეს. გენერალმა როდიონოვმა ისინი განგებ არ გააძევა მოედნიდან და ბრძანა – გაევლოთ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ამ დღეს 21 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ასფიქსიით ან თავის ქალის დაჟეჟილობით გარდაიცვალა. ასობით დაშავდა.

რას აკეთებს „უცხოური ძალა“ დღეს?

პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ 9 აპრილის „უცხოური ძალა“ იყო რუსეთი – საბჭოთა რუსეთის არმია, საბჭოთა კავშირის სახელით. 2025 წელს კი, ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მისი პრიორიტეტი იყო ევროინტეგრაცია, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს რუსულ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლოები – ლურჯი ფონზე განთავსებული ვარსკვლავი – ევროკავშირის დროშის ასოციაციას ქმნის და დასავლურ კურსზე მიანიშნებს, მმართველობის მე-13 წელს მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან რეალურ პარტნიორობაზე და მოქმედებს ისე, როგორც პრორუსული ძალა.

ის არ უწოდებს თავს პრორუსულ ძალას, მაგრამ ასე იქცევა – ასუსტებს ისტორიულ მეხსიერებას, აბუნდოვნებს ფორმულირებებს, უარყოფს წარსულის ტკივილს და ცდილობს ქვეყნის ტრაგედიები საკუთარი პოლიტიკისთვის გამოიყენოს. ეს მხოლოდ მორალური ზიანის მიყენება კი არა, ღია დისტანცირებაა იმ ღირებულებებისგან, რომლებზეც აშენდა საქართველოს გზა თავისუფლებისა და ევროპისკენ.

და ამავე დროს, ისევ რუსთაველის გამზირზე:

იჭერენ ახალგაზრდებს

ახორციელებენ „ზედაპირულ ჩხრეკებს“

ცდილობენ ხმა წაართვან, გააჩუმონ მედია

და, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას – თავისუფლების იდეას ებრძვიან

9 აპრილმა გვასწავლა: ძალადობა წახდება, მაგრამ თავისუფლების იდეა რჩება.

დღესაც, ჩვენი ვალდებულებაა დავარქვათ ზუსტად თავისი სახელი, რაც მოხდა:
9 აპრილს რუსეთმა დახოცა ქართველი ახალგაზრდები.

და თუ პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით სიმამაცე, რომ ეს თქვან, ამას ვიტყვით ჩვენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები