ბრძოლით მოპოვებული განათლების უფლება




„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოქონე“ - ეს სიტყვა ხალხში ბევრ ასოციაციას იწვევს, ზოგს სინანულის და შეცოდების გრძნობა უჩნდება ზოგს კი, მიუღებლობის განცდა აქვს. წლებია ამ სტერეოტიპების დარღვევას საზოგადოებაში ძნელად, თუმცა შემართებით, მარნეულში მცხოვრები ლომსანიძეების ოჯახი ცდილობს. უკვე ცხრა წელია მარიამის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და ცერემბლარული დამბლის დიაგნოსტიკისთვის იბრძვიან. მარიამის დედა, ხათუნა გაბაიძე გვიყვება, რომ შვილის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სკოლამდელი განათლების მიღება იყო, ამ შესაძლებლობის გამოყენება კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ფაქტობრივად შეუძლებელი,  თუმცა ლომსანიძეებმა ბევრი იბრძოლეს იმისათვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას  დაენახა საჭიროება მარიამის დაფინანსებისათვის. მართალია, თავდაპირველად გარკვეული პერიოდი სპეციალურ მასწავლებელს ოჯახი საკუთარი ჯიბიდან უხდიდა თანხას, თუმცა შემდეგ დაფინანსება მარნეულის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. 

მშობლები ასეთ ბავშვებს ხშირად მალევენ და არ იბრძვიან, რომ რაღაც შედეგი მიიღონ და ამ სიტუაციას ეგუებიან. ძალიან ბევრი ვიწვალე საბავშვო ბაღში მიყვანამდე. მგონი, ჩემს გარდა ასეთ დახმარებას არავინ ითხოვდა. მოვითხოვე ბაღი, მოვითხოვე სკოლა, მოვითხოვე სხვადასხვა დახმარება. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო და თვითონაც საქმეში ერკვეოდნენ და ამბობდნენ ჩვენ დაგიკავშირდებით თუ რამე იქნებაო. მე არ დავნებდი, 2-3-ჯერ მივდიოდი კვირაში, რომ რამე სერვისი მიეღო ბავშვს. საბავშვო ბაღში მე ვიხიდიდი ძიძის ფულს, რომ ბავშვს ელემენტარულად კომუნიკაცია ჰონდოდა ბავშვებთან. ეს ყველაფერიც დღის პირველ ნახევარში ხდებოდა, სრული დღე რომ დამეტოვებინა, ამის თანხა არ მქონდა“- თქვა ხათუნა გაბაიძემ

მარიამმა სკოლამდელი განათლება მიიღო. როცა ჯერი სკოლაში წასვლაზე მიდგა, ლომსანიძეები აქაც პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მარნეულის მუნიცილაიტეტის რესურს ცენტრმა მარიამის სკოლაში მიღება მანამდე ვერ უზრუნველყო, ვიდრე საქმეში განათლების სამინისტრო არ ჩაერია.

„მაშინ სკოლაში არ არეგისტრირებდნენ, რესურსები არ გვაქვს ვერ მივიღებთო. განათლების სამინისტროში სამჯერ ჩავიდა ჩემი მეუღლე, რომ სკოლაში რეგისტრაცია გაგვეტარებინა. არ ჰყავდათ სპეციალური მასწავლებელი, არ ჰქონდათ რესურსოთახი, პანდუსებიც კი არ გააჩნდა სკოლას, მაგრამ შევძელით და ჩვენი მაინც გავიტანეთ, დღეს მარიამი მეოთხრ კლასშია“ - ხათუნა გაბაიძემ

მარნეულში არანაირი დაწესებულება არ არსებობს, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებმა საჭირო სერვისები მიიღონ, ამიტომ თორმეტი წლის მარიამი , თბილისში, კვირაში ორჯერ, სარეაბილიტაციო ცენტრში დაჰყავს მშობლებს.

„თბილისში არსებული სერვისები ძალიან განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ვცხვრობთ რეგიონში და თბილისის მერია რომ აძლევს დაფნანსებას ასეთ ბავშვებს, ჩვენ იმას ვერ ვღებულობთ, მაგალითად, კურორტებზე დასვენება, სხვა ბევრი რამ , რაც ჩვენთვის არ არის იმიტომ, რომ რეგიონში ვცხოვრობთ. წარმოიდგინეთ 200 ლარად რა უნდა გააკეთო. მარნეულიდან თბილისში წასვლა-წამოსვლა, მერე მარნეულიდან კიდე ხიხანში ასვლა” - გვითხრა ხათუნა გაბაიძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზაჯლოში ერთადერთი ადრეული ჩარევის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული და აღიარებული. ეს ცენტრი ბაგა ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაშია. როგორც ჩვენთა საუბარში გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი, ამბობს ჯგუფი 29 ბავშვისგან შედგება, რომლებსაც ათამდე სხვადასხვა პროფესიის მასწავლებელი ჰყავს. რაც შეეხება სხვა ბაღებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რაოდებობას, ზაურ ქარამოვი ზუსტ რიცხვს ვერ გვეუბნება.

„სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა. როცა მოდიან, ურიგდ ვიღებთ, მაგრამ რამდენია, ამ ეტაპზე კვლევა არ ჩაგვიტარებია“- თქვა ზაურ ქარამოვმა.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვას, მარნეულის სკოლებში სპეცმასწავლებლები 2015 წლიდან გამოჩნდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებს სულ 122 სსსმ მოსწავლე და 43 სპეცმასწავლებელი ჰყავს.

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ბავშვის უფლებათა მსგავს აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში. სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში. ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლის და ხარისხიანი განათლების მიღების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

ინკლუზიური განათლების სახეები:

სრული ჩართვა- ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე სრულად არის ჩართული სასწავლო პროცესში, იგი ესწრება უკლებლივ ყველა გაკვეთილს და ყველა ამ გაკვეთილისთვის აქვს თავისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

ნაწილობრივი ჩართვა - ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არჩევითად ესწრება გაკვეთილებს. ანუ, მოსწავლის შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მისთვის იქმნება ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგი და იგი ესწრება მხოლოდ იმ გაკვეთილებს, რომელსაც მისი განრიგი ითვალისწინებს.
ინტეგრირებული სწავლება- ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან გაერთიანებულნი ერთ კლასში და სწავლობენ მათთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამით. ინტეგრირებული კლასის სასწავლო პროგრამა დგება მოსწავლების ინდივიდუალური საჭიროებებისა და სკოლის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები ჩართულები არიან ყველა სასკოლო აქტივობაში.

რესურს ოთახი- არის სკოლაში სპეციალურად გამოყოფილი ოთახი, რომელიც აღჭურვილია მოსწავლეების განათლების ხელშემწყობი ყველა აუცილებელი თვალსაჩინოებითა და ტექნიკური საშუალებებით. ადაპტირებული ავეჯი, მრავალფეროვანი თვალსაჩინო სასწავლო მასალა, აუდივიდეო აპარატურა. რესურს ოთახს შესაძლოა ემსახურებოდეს სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი და ყველა ის მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინკლუზიური განათლების პროცესში მონაწილეობს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფუნქცია მოვალეობები და ვალდებულები:

რესურსცენტრის ძირითადი მისიაა, დაეხმაროს სკოლებს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებაში ინფორმაციის, რესურსების მიწოდებით, სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობების აწყობით, სახელმძღვანელოების ან ტრენინგების მიმწოდებლებთან დაკავშირებით და სხვ. რესურსცენტრი ეხმარება სკოლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში საჭირო კონსულტაციების გაწევის გზით.

რესურსცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის ინკლუზიური სწავლების მეთოდების დანერგვას.


რადიო "მარნეული" 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები