არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპების მიმოხილვა
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი განიმარტება, როგორც „არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომელთა განსაზღვრა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის ან ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის ცნება ორ საკითხს აერთიანებს: კონტროლს და გამოსავლის ძიებას. კონტროლის კრიტერიუმი გულისხმობს ბავშვის უფლებებისა და მასთან მიმართებით არსებული ვალდებულებების ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფას ხოლო გამოსავლის ძიების კრიტერიუმი _ გადაწყვეტილების მიღების დროს ყველა შესაძლო გამოსავალი იქნეს მოძიებული და შეფასებული ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ბავშვის კონკრეტულ ინტერესს განეკუთვნება. არასრულწლოვანის დაკავებისთანავე პროკურორი, გამომძიებელი ან არასრულწლოვანის დამკავებელი პირი ატყობინებს არასრულწლოვანის მშობელს, ახლო ნათესავს ან არასრულწლოვანის მიერ მითითებულ პირს.
დისკრიმინაციის აკრძალვა - აკრძალულია არასრულწლოვნის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით/ნიშნებით. დისკრიმინაციისაგან დაცვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ამ მუხლით დაცულია ადამიანთა იურიდიული თანასწორუფლებიანობა რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა კუთვნილებისგან.
არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარების უფლება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანს აქვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე არათუ შეაფერხოს, არამედ უზრუნველყოს არასრულწლოვანის განვითარება.
თანაზომიერება - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.
ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა და პატიმრობა როგორც უკიდურესი ღონისძიება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. გაჭიანურებული პროცესის დროს რთულდება მტკიცებულებების შეგროვება, ხოლო დაჩქარებული პროცესის შემთხვევაში ხდება მტკიცებულებების სწრაფი მოპოვება; გაჭიანურებული პროცესის დროს იზრდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობა, თუ არასრულწლოვანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ არის შეფარდებული; გაჭიანურებული პროცესის დროს კლებულობს შეფარდებული სასჯელის ეფექტიანობა; გაჭიანურებული პროცესი უარყოფითად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე; გაჭიანურებული პროცესი ეწინააღმდეგება დაზარალებულის სურვილს.
არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა - არასრულწლოვნის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და გამოქვეყნება. მართლმსაჯულების კონტექსტში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი მოიცავს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: 1) სახელმწიფომ არ დაუშვას კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის შესახებ ისეთი ხასიათის ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მის იდენტიფიცირებას გამოიწვევს; 2) სატელევიზიო რეპორტაჟების დროს არ უნდა იყოს მოზარდის გარეგნული იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან დამნაშავედ იდენტიფიცირებული მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციას და რესოციალიზაციას შეეშლება ხელი.
არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომა - არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google