არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვანთა საპროცესო თავისებურებების მიმოხილვა

არასრულწლოვანთა საქმისწარმოების სახელმწიფო სტრუქტურები - საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მიხედვით,

დაცულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის უფლებები როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის განხილვის პერიოდში და გამოტანილ იქნეს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვანთა საქმეების წარმოების განსხვავებულ წესს, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის საქმისმწარმოებელ პირთა მიერ მოზარდის ბუნების კარგად ცოდნა და საქმისწარმოების დროს მისი გათვალისწინება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის მონაწილე პირი არის მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის საქმეს განიხილავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ან გამომძიებელს პირველი შეხება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ან გამომძიებელთან მოზარდის პირველი კონტაქტით მას ჩამოუყალიბდება წარმოდგენა სახელმწიფო სტრუქტურებზე. ეს კონტაქტი განაპირობებს შემდგომში როგორც მის (მოზარდის) სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობის ჩამოყალიბების საკითხს.
არასრულწლოვანის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, შემოწმება და დათვალიერება - არასრულწლოვნის პირველი კონტაქტი პოლიციასთან, ამ უკანასკნელის მიერ, ბავშვთან კომუნიკაციით იწყება. პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისევე, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, გამოკითხვა ნებაყოფლობითია და მაშინ, როცა საქმე 14 წლამდე ასაკის პირს ეხება, პოლიციამ იგი უნდა გამოკითხოს მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. რაც შეეხება 14 წელს ზემოთ, არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს გამოკითხვის პროცესში ზემოაღნიშნული პირების ჩართვას, თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება არასრულწლოვანთან არაფორმალური „გასაუბრების“ ეტაპზე. გამოკითხვის პროცესში მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის უფლება ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. პოლიციამ ნებისმიერი საპოლიციო მოქმედების განხორციელებისას, უნდა გაითვალისწინოს ბავშვის მოწყვლადობა, მხედველობაში უნდა მიიღოს მისი ასაკი და ნებისმიერი სპეციალური საჭიროება, რაც შეიძლება ქმნიდეს მასთან კომუნიკაციაში სირთულეებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვა ჩატარდეს შესაბამისი გადამზადების მქონე პოლიციელის მიერ. გამოკითხვის პროცესში აგრეთვე მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთან საუბრის ხანგრძლივობის განსაზღვრაც. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაკითხვა არ შეიძლება ჩატარდეს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე, თუმცა არაფერია ნათქვამი გამოკითხვა/დაკითხვის დროის ხანგრძლივობაზე, რაც პრობლემურია. უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვასთან ერთად, პოლიცია თავისი საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს არასრულწლოვანის იდენტიფიკაცია, შემოწმება, დათვალიერება, გადაადგილების შეზღუდვა და სხვა ისეთი ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია საპოლიციო საქმიანობის შესასრულებლად. იდენტიფიკაციის პროცესში, პოლიციელი უფლებამოსილია აუღოს არასრულწლოვანს თითისა და ხელისგულის ანაბეჭდები, გადაუღოს ფოტოსურათი, დააფიქსიროს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები, გაზომოს სიმაღლე და სხვა. ბავშვის შემოწმების ეტაპზე, პოლიცია უფლებამოსილია შეაჩეროს იგი და ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე, ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეეხოს შემოწმების მიზნით. „პოლიციის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ასევე სამართალდამცავის მხრიდან, პირის ჩხრეკის განხორციელებასაც იმ შემთხვევისთვის, თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშობა აღნიშნულის საფუძველი. ჩხრეკის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს არასრულწლოვანის ღირსება და პირადი უფლებები. ასეთ დროს, ბავშვთან კონტაქტი ძირითადად უნდა ქონდეს იმავე სქესის წარმომადგენელ სამართალდამცავს, რა სქესის წარმომადგენელიც არასრულწლოვანია. ასევე, ბავშვს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან იმის შესახებ, თუ რის გამო და რის საფუძველზე ხდება მისი შემოწმება ან/და ჩხრეკა.
განრიდება და მედიაცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შედეგად განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირისათვის ერთი შანსს, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადის ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. განრიდება და მედიაცია წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ მოსამართლე უფლებამოსილია განრიდების მიზნით, საქმე დაუბრუნოს პროკურორს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
განრიდების და მედიაციის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს: ა) არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება; ბ) აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვა; გ) მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება; დ) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა; ე) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; ვ) არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება; ზ) არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება.
არასრულწლოვანთა საქმისწარმოება ხორციელდება იმ საბაზისო ელემენტებით, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები: არასრულწლოვანთა საქმე დახურულ სხდომაზე უნდა განიხილებოდეს. თუ ერთობლივი საქმეა, არასრულწლოვანის საქმე უნდა გამოიყოს ერთობლივი საქმიდან - თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ამით არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
არასრულწლოვანი ბრალდებულის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან - სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მასზე, ხოლო არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნების შემდეგ სასამართლო საჭირო მოცულობითა და ფორმით აცნობს მას მისი არყოფნისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა შინაარსს. იმ პერიოდში, როდესაც არასრულწლოვანი არ ესწრება სასამართლო სხდომას, აუცილებელია მისი ადვოკატის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება.

 

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google