ევროპის ერთიანი ბაზარი და მასში საქონლის თავისუფლად გადაადგილების და შეტანის პირობები და კრიტერიუმები
ევროპის შიდა ბაზარი, ასევე ცნობილი როგორც „ერთიანი ბაზარი“, ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალებას. პრაქტიკულად, ის სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს და აძლევს მათი ყიდვის საშუალებას კონკურენტუნარიან ფასად, ამასთანავე, ხელს უწყობს მომხმარებელს იყოს დაცული საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ და/ან ინტერნეტით ვაჭრობისას. ასევე დიდი და პატარა კომპანიებისთვის ამარტივებს კონკურენციას და ამავდროულად ამარტივებს და აიაფებს ბიზნესის კეთებას მთელ მსოფლიოსთან.

ერთიანი ბაზრის ქვაკუთხედია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ცნობილი როგორც „ოთხი თავისუფლება“.

ერთ-ერთი გზა, რომლითაც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წესები ევროპაში ბიზნესის კეთებას ამარტივებს, არის საერთო აღიარება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეროვნულმა წესებმა ევროკავშირში საქონლით თავისუფალი ვაჭრობა არ შეაფერხოს. შესაბამისად, ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ბაზარზე განთავსებული ან ამ ქვეყანაში კანონიერად წარმოებული პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.

ევროკავშირის ბაზარზე ბევრი პროდუქცია ექვემდებარება ჰარმონიზებულ წესებს, რომელიც იცავს მომხმარებელს, საზოგადო ჯანმრთელობასა და გარემოს. ჰარმონიზებული წესები გამორიცხავს განსხვავებული ეროვნული წესების მიღებას და უზრუნველყოფს პროდუქციის თავისუფალ მიმოქცევას ევროკავშირის ფარგლებში. თუმცა, ზოგიერთი სექტორი კვლავ ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება. საქონლის თავისუფალი გადაადგილების პრინციპი უზრუნველყოფს, რომ ამ დებულებებმა ვაჭრობაში გაუმართლებელი ბარიერები არ წარმოიქმნას. ჰარმონიზებული წესები ქმნის ნათელ და გასაგებ სამართლებრივ ჩარჩოს ბიზნესისათვის. თუ მწარმოებლები მიყვებიან ამ წესებს, მათი პროდუქცია თავისუფლად გაიყიდება ერთიან ბაზარზე.



ვაჭრობისათვის გადასალახი ბარიერები - ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, შესაბამისობის შეფასების პროცედურა
ერთიანი ბაზრის კანონმდებლობის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე განთავსებული პროდუქტი აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და ეს პროდუქტი დაშვებულ იქნეს ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ბარიერების გარეშე, მინიმალური ადმინისტრაციული ტვირთით. უმნიშვნელოვანესი ელემენტები საქონლისთვის ერთიან ბაზარზე არის:

• სტანდარტები - სტანდარტები განსაზღვრავს პროდუქტის ტექნიკურ ან ხარისხობრივ მოთხოვნებს, წარმოების პროცესს, სერვისებს ან სატესტო მეთოდებს. სტანდარტიზაცია არის ხერხი, რომლის მიხედვითაც საწარმო ქმნის პროდუქტს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოობასა და ფუნქციონალურ თავსებადობას;

• შესაბამისობის შეფასება - შესაბამისობის შეფასების პროცედურა ტარდება პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე განთავსებამდე. საჭიროა დამტკიცება იმისა, რომ პროდუქტი შეესაბამება ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას და ასევე არის ტესტირებული, შემოწმებული და სერტიფიცირებული. პროცედურამ მომხმარებელი, საჯარო მოხელეები და მწარმოებლები პროდუქტის შესაბამისობაში უნდა დაარწმუნოს;

• აკრედიტაცია - აკრედიტაციის მიზანია უზრუნველყოს, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს (ლაბორატორიებს, ინსპექტირების ან სერტიფიცირების ორგანოებს) ჰქონდეთ თავიანთი მოვალეობის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობა. რეგულირებად სექტორებსა და მოხალისეთა სფეროებში გამოყენებით, აკრედიტაცია ზრდის შესაბამისობის შეფასების ნდობის ხარისხს. ის აძლიერებს პროდუქტების, სერვისების, სისტემებისა და ორგანოების ურთიერთაღიარებას ევროკავშირის ფარგლებში;

• ბაზრის ზედამხედველობა - საბაზრო ზედამხედველობა უზრუნველყოფს, რომ არასაკვებმა პროდუქტმა ევროკავშირის ბაზარზე არ შეუქმნას საფრთხე ევროპელ მომხმარებლებს. ასევე უზრუნველყოფს სხვა საჯარო ინტერესის დაცვას, როგორებიცაა გარემო, უსაფრთხოება და სამართლიანობა სავაჭრო სფეროში. ბაზრის ზედამხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუსაბამო პროდუქტის მიმოქცევის შეჩერების და/ან მათი შესაბამისობაში მოყვანის სანქციები;

• „CE მარკირება – CE მარკირება დაინერგა ევროპის ტექნიკური ჰარმონიზაციის კანონმდებლობის შესაბამისად. იგი სავალდებულოა ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ეხება ერთი ან მეტიევროდირექტივა და უზრუნველყოფს ამ პროდუქტის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში. პროდუქტზე CE მარკირების“ უფლების მოსაპოვებლად მწარმოებლებმა უნდა ჩაატარონ ან ჩატარებული უნდა ჰქონდეთ კონტროლი და ტესტირება იმის დასამტკიცებლად, რომ პროდუქცია შეესაბამება აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებიც მეტწილად ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს შესაბამის დირექტივაშია მითითებული. CE მარკირებასთან დაკავშირებული დირექტივებით გათვალისწინებული პროდუქტების ბაზარზე განთავსება „CE მარკირების“ გარეშე დაუშვებელია. მარკირების შემოწმებისთვის პროდუქტის უსაფრთხოების მეთვალყურეობის ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ შესაბამისობის დეკლარაცია და მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა დაადასტურონ პროდუქტის ტექნიკური შესაბამისობა. მას შემდეგ, რაც პროდუქტს ექნება CE მარკირება, იგი შეიძლება თავისუფლად გაიშვას ერთიან ბაზარზე.


პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები