ეკოლოგიური უფლებები და მდგრადი სოციალური განვითარება
გარემოს დაცვის მნიშვნელობა, როგორც ეს მოცემულია საერთაშორისო სამართალში, ორმაგი დატვირთვისაა, რადგან, ერთი მხრივ, ის ემსახურება ბუნებრივი გარემოს და ველური ბუნების შენარჩუნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ის ემსახურება ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვას.

სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე.

1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.


საქართველოში მოქმედებს “საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ” კანონი, რომლის მიზანია, “უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.”

საქართველომკანონი “გარემოს დაცვის შესახებ” 1996 წელს მიიღო.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მასში გაერთიანებული სააგენტოებით, შექმნილია, რათა იზრუნოს საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. 2005 წელს სამინისტროში შეიქმნა გარემოს დაცვის ინსპექცია, რომლის ამოცანაა გამოავლინოს და აღმოფხვრას დარღვევები გარემოს დაცვის სფეროში, ასევე, გაატაროს ღონისძიებები ამგვარი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით.

 საქართველოსთვის სპეციფიური რისკები მოიცავს: ჰაერის დაბინძურებას ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით; ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას; მინერალების ღია კარიერული წესით მოპოვებას; წყლის და კანალიზაციის გაუმართავი სისტემების არსებობას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. პრობლემურ საკითხებს შორის გამოყოფილია აგრეთვე თურქეთის მიერ მდ.ჭოროხზე ჰესების მშენებლობა, რაც იწვევს შავი ზღვის სანაპიროს წარეცხვასა და ეროზიას, საძოვრების დეგრადაციასა და ტყეების გამეჩხერიანებას, მდ. მტკვრის დაბინძურებას.

საბჭოთა მემკვიდრეობიდან დარჩენილია: ნიადაგების დეგრადაცია და ეროზია, დაბინძურება პესტიციდებით და მძიმე მეტალებით, საშიში ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებები ყოფილი სამხედრო ბაზებიდან.

მდგრადი განვითარების დოქტრინის მიზანია ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოს დაცვით ნორმებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენა.

მდგრადი სოციალური განვითარება, პირველ რიგში, გულისხმობს ყველანაირი დისკრიმინაციის აღმოფხვრას და საზოგადოების მოწყვლადი წევრების - შშმ პირები, ქალები, უმცირესობები - სოციალური უფლებების დაცვას. ამისთვის აუცილებელია ადეკვატური სოციალური პოლიტიკის შემუშავება, დასაქმებასა და უთანასწორობის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.

მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ კავშირშია როგორც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან, ისე სოციალურ სოლიდარობასთან. მდგრადი განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უარს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომლებიც მას ტექნოლოგიურმა თუ ინდუსტრიულმა პროგრესმა მიანიჭა. ის მხოლოდ ცდილობს, ეკონომიკური კეთილდღეობა ისე მოიპოვოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს გარემო და მეტად იზრუნოს საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე. მცირე საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, გადამუშავებული მასალის (მინა, ქაღალდი) ხელმეორედ გამოყენება წარმოებაში ის მცირე ჩამონათვალია, რითაც ეკონომიკური განვითარება არც შეფერხდება, თუმცა არც მომავალი თაობების ინტერესებს დააზარალებს.

რადიო "მარნეული"

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები