საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც
უცხოელი დონორებისა და პარტნიორებისგან მიღებული 3,5 მილიარდი ლარის
ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებზე გადანაწილებას ისახავს მიზნად.
ეკონომიკისა და მეწარმეობის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდ 110 მილიონი
ლარის გამოყოფა დაანონსდა, რომელიც განაწილდება მოქმედი კერძო
სექტორის მხარდაჭერაზე, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდასა და
ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე.
მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 1
მილიარდ 35 მილიონი ლარი
მოხმარდება. გეგმის სოციალური ნაწილი მოიცავს
კორონავირუსის კრიზისის პირობებში დაზარალებული იმ ადამიანების და
შინამეურნეობების საჭიროებებს, რომლებიც:
- წარმოადგენდნენ დაქირავებით დასაქმებულებს და კრიზისის
პერიოდში დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო
შვებულებაში
კორონავირუსის პანდემიის შედეგად
ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა
ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში
მოქალაქეები ვეღარ იღებენ ყოველთვიურ ხელფასს. აღნიშნული პირების
დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა
განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის
ოდენობით. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც
2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც
აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო
დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი. დაქირავებულზე
კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში
წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
- წარმოადგენდნენ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ან
თვითდასაქმებულ პირებს და შეუწყდათ შემოსავალი.
თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა
რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა
დაქირავებით დასაქმებულისა. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის
მოცულობა განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მისაღებად
აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში
ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.
ვინ შეიძლება მოხვდეს
არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა
დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს?
თვითდასაქმებულებს წარმოადგენენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც მგზავრები
ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში გადაყავდა, მაგრამ არ გააჩნია
კონტრაქტი რომელიმე კომპანიასთან. ასევე, პირი, რომელიც დღიურად
აქირავებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების
ელექტრონული პორტალების მეშვეობით, პირი, რომელიც ამზადებდა
სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის
მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს, პირი, რომელიც
მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე
და ა.შ.
ამას გარდა, ერთჯერადი სასურსათო დახმარება გადაეცემათ მარნეულელებსაც
რაზეც 30 მარტს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო "მარნეულთან"
ისაუბრა.
რადიო "მარნეული"
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების
პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული
მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის თვალსაზრისს.