ზიანის ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებებში
შეუძლია თუ არა პაციენტს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სამედიცინო პერსონალის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურება?
პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში (საქ. კანონი ჯანდაცვის შესახებ, მუხლი 104).

რა შეუძლია მოითხოვოს დაზარალებულმა?

პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
ა) კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით; ამედეცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით;სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით;
ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;
გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს როგორც პაციენტს, ასევე მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო სარჩელზე მოპასუხე პირი შეიძლება იყოს ექიმი, ექთანი, მედიცინის სხვა მუშაკი ან სამედიცინო დაწესებულება. მკურნალი ექიმი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მოპასუხე, თუ იგი დამოუკიდებელ სამედიცინო პრაქტიკას აწარმოებს. კლინიკაში მკურნალობის შედეგად მიყენებული ზიანისას პასუხისმგებელი მხარეა არა კლინიკაში მომუშავე ექიმი, არამედ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია, რადგან მკურნალობაზე ხელშეკრულების მხარე არის სამედიცინო დაწესებულება.



ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება წარმოიშვას როგორც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე დელიქტის საფუძველზე. სამოქალაქო სამართალში დელიქტად ითვლება ისეთი სამართალდარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული სახელშეკრულებო სამართადარღვევასთან, არამედ გულისხმობს ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანის (ჯანმრთელობის დაზიანება, მორალური ზიანი) მიყენებას.
მიზეზობრივი კავშირი. 

მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა ჩატარებული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას.

ზემოაღნიშნული დასკვნა მომდინარეობს ჯანმრთელობის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული რისკებიდან, რომლებიც შეიძლება სწორად ჩატარებულ მკურნალობასაც მოჰყვეს. ასეთი რისკი ექიმს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი წინასწარ, სათანადოდ გაფრთხილებულია მოსალოდნელი რისკების თაობაზე და თანახმაა მკურნალობის ჩატარებაზე.
ზიანი
მატერიალური ზიანის ოდენობა დგინდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება-აღდგენისათვის უკვე გაწეული და სამომავლოდ აუცილებლად გასაწევი ხარჯების გათვალისწინებით.

ამავდროულად, უნდა ანაზღაურდეს ის ზიანიც, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულის შრომის უნარის დაკარგვით ან შემცირებით, ანდა მისი მოთხოვნილებების გაზრდით (საჭიროებს სპეციალურ კვებას, სპეციალურ დასვენებას, მოვლას და სხვა). ამ შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დასაბუთდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით.

მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია როგორც სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლით. მორალური ზიანი არის ის განცდა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული განიცდის. ტკივილისა და სულიერი ტანჯვის აღქმა არ უკავშირდება პირის ქმედუნარიანობას (სრულწლოვნების ასაკს) და იგი ასაკობრივი თავისებურებების გამო (პრესტიჟის, პიროვნების თვითდამკვიდრების გამახვილებული გრძნობა და სხვ.) შესაძლოა უფრო მეტი სიმწვავით განიცადოს მოზარდმა, რომლის ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს
Print