რას ნიშნავს ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე?
ჯანმრთელობის უფლება არ ნიშნავს ჯანმრთელად ყოფნის უფლებას და იმას, რომ ღარიბი ქვეყნის მთავრობები ვალდებულნი არიან შექმნან მაღალტექნოლოგიური ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლისთვისაც მათ არ აქვთ სათანადო რესურსები. თუმცა, ჯანმრთელობის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლებითაც მიიღწევა ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვა.

ჯანმრთელობა, როგორც უფლება, არ ნიშნავს “უფასო” მომსახურებას,
ან სამედიცინო ორგანიზაციების მიერ მომსახურებების ქველმოქმედების სახით მიწოდებას ან სახელმწიფოს მიერ აბსოლუტურად ყველა სერვისის უზრუნველყოფას. ჯანმრთელობის უფლება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოსახლეობა უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ვინ არიან პროგრამით მოსარგებლეები?
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:
I. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში), რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.1-ით
i. პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა
ii. 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები
iii. წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები; iv. თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება, ასევე ინფექციური დაავადებებების მართვა.

არასრულწლოვანი პაციენტის უფლებები

არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

თუ 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანმა პაციენტმა ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების, ნარკოდამოკიდებულების, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით და ექიმს ან სამედიცინო მომსახურების გამწევს მიაჩნია, რომ ის სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანს უფლება აქვს მოითხოვოს რომ ეს ინფორმაცია არ მიაწოდონ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.

იგივე წესი მოქმედებს, თუ 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, ექიმს მიმართავს აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისას დადებითი შედეგი გამოვლინდება. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს არასრუწლოვანი პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუნარიანად არ ითვლება.

ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით; თუმცა სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.

არასრულწლოვან პაციენტს აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითარების დონეს.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი გვთავაზობს ცხელ ხაზს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. დახმარების მიღება შესაძლებელია, როგორც ტელეფონით ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123