404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
საზღვრის გახსნამდე, ვიდრე საკუთარ დახლს დაუბრუნდება, 72 ჰუმაი ქსოვით ირთობს თავს
სოფელ კირეჩ მუღანლოში მცხოვრები 72 წლის ჰუმაი ჰაჯიევა 17 წელია დასაქმებულია. სამი შვილის დედას მეუღლე ახალგაზრდობაში გარდაეცვალა და ბავშვების მოვლის მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრა. იძულებული გახდა, რომ შვილების სარჩენად ემუშავა. ჰუმაის თქმით, როდესაც მისი შვილიშვილები დაიბადნენ, უფრო მეტი მუშაობა მოუწია. ის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რძის პროდუქტებს ყიდის. პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა, ეს კი მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. 17 წლის განმავლობაში პირველად დარჩა სამსახურის გარეშე.

ჰუმაი წითელ ხიდზე საზღვარს ყოველდღიურად კვეთდა და აზერბაიჯანში პროდუქტებს ყიდიდა. საზღვრების ჩაკეტვის გამო გასაყიდი პროდუქტები აზერბაიჯანში დარჩა. 

„გარეთ ვერ გავდივარ, მაგრამ სახლშიც ვერ ვრჩები, მუშაობა მინდა. აზერბაიჯანში რა პროდუქტიც ჩავაბარე იქედან ფული დამრჩა ასაღები. პროდუქტი ნისიად დავარიგე და საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ ასაღებად უკან ვეღარ წავედი. ძირითადად ყველი, ხაჭო და კვერცხი მიმქონდა, მაღაზიიდან რაც სურდათ ისიც მიმქონდა და ვყიდდი. სოსისი, ძეხვი, სარეცხი საშუალებები, რაც მქონდა იქ მიმქონდა, იქ დახლი მქონდა და ვყიდდი. საზღვარზე ადვილად გადავდიოდი. ორივე ქვეყნის მებაჟეები მიცნობდნენ და როცა იქედან ვბრუნდებოდი და ბევრი ხალხი იყო რიგში მიძახდნენ მებაჟეები და ისე მატარებდნენ“ - გვიყვება ჰუმაია

ვინაიდან ჰუმაი 70 წელს გადაცილებულია, მისთვის სახლიდან გასვლა აკრძალულია. ჰუმაი იმ დღეებს იხსენებს, როდესაც კორონავირუსის შიშის გამო ბაღშიც ვერ გადიოდა სამუშაოდ.

„კორონას გამო ყველაფერი რომ დაიკეტა შიშით მიწაზე სამუშაოდაც ვერ გავდიოდი, მეგონა დამიჭერდნენ. ჩუმად მივდიოდი, ხეებს ვრწყავდი და უკან ვბრუნდებოდი. ერთხელ მაღაზიაში მოვედი რომ ნესვისა და საზამთროსათვის შხამ-წამლები მეყიდა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ კორონა იყო და დამაჯარიმებდნენ და უკან დავბრუნდი. ძალიან ცუდი დღეები იყო, გარეთ ვერ გავდიოდი და ვერ ვმუშაობდი.“ - ამბობს ჰუმაი

ჰუმაისათვის გაზაფხულზე მუშაობა ადვილი იყო, მაგრამ ზამთარში ბაღის საქმეები აღარაა და მისთვის რთულია. ამბობს, რომ სახლში ჯდომა და დროის გაყვანა ურთულდებოდა. ერთფეროვნებისაგან თავის დასაღწევად ჰუმაიმ შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის ქსოვა დაიწყო.

„ამ ყველაფრის დასავიწყებლად მარნეულში წავედი, ძაფები ვიყიდე და შვილიშვილებისთვის ქსოვა დავიწყე. 10 საათზე ვიწყებ და საღამომდე ვქსოვ. დღეში ერთი წინის მოქსოვას ვახერხებ. ისე მავიწყდება ყველაფერი, რომ გარეთ გასვლაც არ მინდა. სახლში მინდა ყოფნა და ამათი ქსოვა.“ - გვითხრა ჰუმაიმ

ჰუმაი იმედოვნებს, რომ საქართველოს საზღვრები მალე გაიხსნება და ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდება. 

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია