ასაცრელი სივრცეები შესაძლოა, სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივლისიდან ქვეყანაში დამატებითი ასაცრელი სივრცეების მოწყობა იგეგმება. მათ შორის, განიხილება სავაჭრო ცენტრები, სპორტული დაწესებულებები და სხვა.

გამყრელიძემ განმარტა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში მოქალაქეებს 132 სამედიცინო დაწესებულება ცრის, 250 ბრიგადით. ბრიგადაში კი შედიან – ექიმი, ექთანი და ადმინისტრატორი (ადამიანი, ვისაც მონაცემები ბაზაში შეჰყავს).

ის აცხადებს, რომ 250-ვე ბრიგადა რომ ფუნქციონირებდეს ყოველდღე, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით, მაშინ ყოველდღე ქვეყანაში 15 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი აიცრებოდა. თუმცა ბრიგადები არ მუშაობენ ამგვარი გრაფიკით და მათი გამტარუნარიანობა საშუალოდ 7 ათასია.

ამირან გამყრელიძე დასძენს, რომ ივლისამდე ქვეყანაში არსებული ვაქცინების სრული ადმინისტრირებისთვის საჭიროა, რომ დღეში დაახლოებით 7 ათასი ადამიანი იცრებოდეს, დღეს იცრება 5 ათასი.

ქვეყანა ივლისიდან გეგმავს, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს, რაც ნიშნავს, რომ დღეში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს. გამყრელიძე ამბობს, რომ მაღალი ალბათობით, ივლისი – ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მლნ-ზე მეტ დოზას მიიღებს. შესაბამისად, საჭირო იქნება ასაცრელია ადგილების დამატებაც.

„ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში -უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში- მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში, თითო-თითო. კარვებზე არ არის საუბარი, დიდ სივრცეებზეა საუბარი. მაგალითად, თბილისში აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასევე ვმუშაობთ „ჰუალინგის“ ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებისთვის, ასევე, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, და ასევე- მოლებთან, რომ იქნეს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. როგორც ეს იქნება წინასწარი დაჯავშნით, ასევე, ცოცხალი რიგით“,
– განაცხადა გამყრელიძემ მთავრობაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია