ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების სისწრაფე არ არის ისეთი, როგორიც კოვიდ პანდემიის, მაგრამ აუცილებელია იყოს მზადყოფნა
მაისის შემდეგ „მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა, რომელთაგან 9 შემთხვევა ლაბორატორიულად იქნა უკუგდებული, ხოლო 1 დადასტურდა და პაციენტი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს - ორშაბათს ახალი რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე საქართველოში შესაბამისი წინასწარი სამუშაოები ჩატარდა.

„ჯანმო-ს მხრიდან საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რადგან “მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები იმატებს. ამ დაავადებისთვის პირველად არის ამდენი რაოდენობა, რომ ფიქსირდება. მან განმარტა, რომ ეს არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია ადამიანების გარკვეულ ჯგუფში და ჯგუფებში, უფრო მეტად მამაკაცებში და გავრცელების სისწრაფე არ გახლავთ ისეთი, როგორიც გვაქვს კოვიდ პანდემიის პირობებში, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს მზადყოფნა ქვეყნებში და ამ მზადყოფნისთვის მოუწოდა ქვეყნებს. ქვეყნები ოთხ ჯგუფად დაიყო, ჩვენ პირველ ჯგუფში შევდივართ - ეს არის ის ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა "მაიმუნის ყვავილი", ან იყო "მაიმუნის ყვავილი" და ბოლო 21 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ აღირიცხა. ჩვენ გვქონდა ერთი დადასტურებული შემთხვევა. მაისის შემდეგ გვქონდა „მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა, რომელთაგან ცხრა შემთხვევა ლაბორატორიულად იქნა უკუგდებული, ხოლო ერთი დადასტურდა და პაციენტი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

როდესაც პირველად დაფიქსირდა შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ შესაბამისი წინასწარი სამუშაოები ჩავატარეთ. გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე. გვაქვს ჩვენ „ლუგარში“ ლაბორატორიული შესაძლებლობა როგორც „პისიარ“ ტესტის საშუალება, ასევე შეგვიძლია გენომის კვლევით დავსვათ დიაგნოზი.

შესაბამისი რეკომენდაციები კიდევ გამოქვეყნდება ორშაბათს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ერთ-ერთი მთავარი არის მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ინფორმირება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს ქვეყანა“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები