1 000 ლარად შეძენილი 2 895 კვ.მ მიწა და 40 000 ლარი ნაღდი ფულის სახით - რა ქონებას ფლობს გარდაბნის მერი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა 2024 წელს 1 000 ლარად შეიძინა 2 895 კვ.მ მიწის ნაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში. გარდაბნის მერის მიერ, 2025 წლის 24 ოქტომბერს, შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კარგარეთელის საკუთრებაში სულ 4 უძრავი ქონებაა.

დეკლარაციის მიხედვით, კარგარეთელმა 2007 წელს რეფორმის შედეგად მიიღო 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ მარტყოფში. ამავე სოფელში, 2016

წელს, მემკვიდრეობით მიიღო 2 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 200 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ ქონებას დავით კარგარეთელი თამარ გულბანთან და გაიანე კარგარეთელთან ერთად ფლობს. კარგარეთელმა 2020 წელს ასევე მემკვიდრეობით მიიღო 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ მარტყოფში, ხოლო 2024 წელს 1 000 ლარად შეიძინა 2 895 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კარგარეთელი მოძრავ ქონებას, ავტომობილს, არ ფლობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი ნაღდი ფულის სახით ინახავს 40 000 ლარს. დეკლარაციის მიხედვით, კარგარეთელმა 2024 წლის განმავლობაში, გარდაბნის მერის პოზიციაზე, ხელფასის სახით 64 207 ლარი და 44 თეთრი აიღო.

აღსანიშნავია, რომ დავით კარგარეთელი გარდაბნის მერი, მეორე ვადით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.


რა არის ქონებრივი დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. ამ გზით საქართველოში თანამდებობის პირებს ყოველ წელს ევალებათ საკუთარი კავშირების, ინტერესის, ქონებისა და ფინანსების გასაჯაროება. პროცესი ელექტრონულია და შევსებული დეკლარაციები ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებგვერდზე – declaration.acb.gov.ge. საჯაროობას აქვს როგორც პრევენციის მიზანი, რომ თანამდებობა პირადი სარგებლის მისაღებად არ იქნეს გამოყენებული, ისე სხვადასხვა სახის დარღვევების, მაგალითად თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრების გამოვლენის მიზანი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარირების სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს. - წერია აგამჭვირვალობა საქართველოს ვებ-გვერდზე.

საქართველოში მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საშუალებით გროვდება ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების კავშირებსა და ინტერესებზე, ისე მათ ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის საშუალებით გასაჯაროებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, იგი არაა სრულყოფილი და, ხშირად, აკლია დეტალიზება, რაც ართულებს მონიტორინგის პროცესს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები