მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთელი-ნორგიული-დიდი მუღანლო-კოსალარის
დამაკავშირებელი გზის მე-5 და მე-6 კილომეტრზე გზა კვლავ ჩაინგრა.
გზის დაზიანება აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას და საფრთხეს
უქმნის მძღოლების უსაფრთხოებას.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მძღოლები აღნიშნავენ, რომ ამ გზით
სარგებლობისას ხშირად აწყდებიან სახიფათო სიტუაციებს. ისინი
შესაბამისი უწყებებისგან გზის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ.
მძღოლების აზრით, პრობლემის დროულად მოუგვარებლობამ შესაძლოა
სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე
ადამიანების სიცოცხლეს.
გზის ჩანგრევა დაფიქსირდა ზუსტად იმ მონაკვეთზე, სადაც გადის
სავარგულების მოსარწყავად განკუთვნილი სარწყავი არხი. აღსანიშნავია,
რომ აღნიშნული მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც მარნეულს შვიდ
სოფელთან აკავშირებს.
რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ საკითხთან
დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა შესაბამის სამსახურებს
უკვე აცნობეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება გზის სარემონტო
სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტის
სახსრებით 2015 წელს განხორციელდა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ
750 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
წერეთელი-ქესალოს გზატკეცილის მე-5 და მე-6 კილომეტრზე გზა
ჩამოინგრა
წერეთელი-ქესალოს გზის მე-5 და მე-6 კილომეტრზე ჩამონგრეული
გზა აღადგინეს