მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმის, ქენან ისმაილოვის სასამართლო
სხდომა 15 ივნისს, 14:00 საათზე, გაიმართება.
ქენან ისმაილოვი ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული და მას
წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისმაილოვის მომდევნო
სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოშია ჩანიშნული. საქმეს
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.
ქენან ისმაილოვის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო სხდომა 8 აპრილს
გაიმართა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების
შუამდგომლობით მიმართა. რადიო “მარნეულის” ინფორმაციით,
მოსამართლე
გვანცა ჩიქოვანმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და
ისმაილოვი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
უფლებადამცველის, სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ინფორმაციის
მიხედვით, ისმაილოვების ოჯახი სასმართლოს გირაოს სახით 100 000 ლარს
სთავაზობდა, რა შუამდგომლობაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის ძმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6
აპრილს დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის
მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი
შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების
გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს."
- აღნიშნულია პროკურატურის განცხადწბაში
ქენან ისმაილოვს ბრალი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის
120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება,
ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს სხდომათა განრიგის
მიხედვით, ქენან ისმაილოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
პირველი პრიმა ნაწილით აქვს წარდგენილი. დანაშაული ორ წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რადიო „მარნეული“