მარნეული-თბილისი-სადგურის მოედნის მარშუტკებით მგზავრობა გაძვირდა
პირველი მაისიდან მარნეული-თბილისი-სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი მარშუტკების მგზავრობის ღირებულება გაიზარდა. რადიო „მარნეულს“ ავტოსადგური „მგზავრის“ დისპეჩერმა უთხრა, რომ ტარიფის მატება საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია.

„საწვავის ტარიფის გამო მოგვიწია ფასის მომატება. უკვე დიზელს იმხელა ფასი აქვს რომ მძღოლებს აღარაფერი რჩებოდათ და აღარც უღირდათ მუშაობა. სანამ საწვავის ფასი ასეთი ძვირი იქნება მანამდე არამგონია რამე შევცვალოთ“. - გვითხრა დისპეჩერმა

მარნეულიდან

თბილისში ორი სამარშუტო ხაზი, მარნეული-სადგურის მოედანი და მარნეული-სამგორი, დადის. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება მარნეული-სადგურის მოედნის მიმართულებით 1 ლარით გაძვირდა და 4 ლარი გახდა. მარნეული-სამგორის მიმართულებით მოძრავი მარშუტკების მგზავრობის ღირებულება კვლავ 3 ლარი რჩება.

რადიო „მარნეულს“ მარნეული-სამგორის მიმართულებით მოძრავი მარშუტკების მძღოლებმა უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას არ აპირებენ. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეული-სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი მარშუტკების მძღოლმა თქვა, სამგორის ხაზისაგან განსხვავებით სადგურის მოედნის ხაზის მარშუტკებს უფრო მეტი მანძილის გავლა უწევთ, რაც ტარიფის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

მარნეული-სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავ მარშუტკებს, ერთ გზაზე, 42 კილომეტრის გავლა, ხოლო მარნეული-სამგორის მიმართულებით მოძრავ მარშუტკებს 36 კილომეტრის გავლა უწევთ.

BPN-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთ ბენზინგასამართზე საწვავის ფასმა უკვე 4 ლარს მიაღწია. გამოცემა წერს, რომ პირველი მაისის შემდეგ საწვავი საქართველოში 6-დან 20-თეთრამდე გაძვირდა. მათივე ცნობით, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, საბოლოო ჯამში, 9 მარტიდან დღემდე, 27-დან 84 თეთრამდეა გაზრდილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები