დღეს, 8 მაისს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული
კულტურის მუზეუმში გამოჩენილი
ხელოვანის, აშუღ ჰუსეინ სარაჩლის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საზოგადო მოღვაწეებმა აშუღის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და
მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება დაიწყო ჰანგით „რუჰანი“,
რომელსაც ჰუსეინ სარაჩლი ცნობილ ფილმში „სალამურის ხმა“ ასრულებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშუღები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები.
სტუმრებს შორის იყო საქართველოში
აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი
ჯავიდ მაჰარამოვი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ჰუსეინ სარაჩლის ურყევ
კავშირს სამშობლოსთან და აღნიშნეს, რომ ის თავის დროზე ბოლნისის
კულტურის ცენტრში ბორჩალოს აშოღთა კავშირს ხელმძღვანელობდა.
მისი აშუღური ხელოვნების გარდა, განსაკუთრებით აღინიშნა მისი
განუმეორებელი შესრულებები აზერბაიჯანულ კლასიკურ ფილმებში.
ღონისძიების მსვლელობისას აშუღმა ნარგილე მეჰტიევამ ყურადღება
გაამახვილა იმაზე, რომ სახლი, სადაც სარაჩლი დაიბადა და გაიზარდა,
ამჟამად მოვლა-პატრონობის გარეშეა და რესტავრაციას საჭიროებს. მან
ხელოვანის ხსოვნის უკვდავსაყოფად სახლ-მუზეუმის შექმნის აუცილებლობაზე
ისაუბრა.
შეხვედრის ორგანიზატორმა, ახალგაზრდა აშოღმა ჯალალ იადიგარლიმ
განაცხადა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ჰუსეინ
სარაჩლის შემოქმედების გაცნობა იყო.
„ვეცადე, ძირითადად ახალგაზრდები დამეპატიჟებინა, რათა
მათ მოესმინათ ინტელიგენციის გამოსვლები და გაეცნოთ ჰუსეინ სარაჩლი.
ჩვენ მისი დიდი ვალი გვაქვს, რადგან მან შეინარჩუნა ბორჩალოს აშუღური
სკოლა და ის მთელ მსოფლიოს გააცნო. ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა.
იმედი მაქვს, ახალგაზრდებში სარაჩლის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო
გაღრმავდება“, - აღნიშნა ჯალალ იადიგარლიმ.
ინფორმაციისთვის: აშუღი ჰუსეინ სარაჩლი დაიბადა 1916 წლის 15
თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარაჩლიში. მას დაუვიწყარი
საზის ჰანგები აქვს შესრულებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „სიყვარული
პირველი დანახვით“, „ფირანგიზი“, „დედე ალესკერი“, „მომღერალი მიწა“,
„გრძელი ცხოვრების აკორდები“ და „სალამურის ხმა“.