კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, აბონენტებისთვის გაზის
მიწოდების აღდგენის დრო შეიცვალა.
ნაცვლად 9 ივლისის 09:00 საათისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დღეს, 7
ივლისს, 15:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც რადიო „მარნეულს“ კომპანიაში განუცხადეს, გაზის ვადაზე
ადრე ჩართვა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმ კონკრეტულ აბონენტებს
შეეხებათ (როგორც ქალაქში, ისე სოფლებში), რომლებიც „სოკარ გაზისგან“
შესაბამის სმს შეტყობინებას მიიღებენ.
უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას,
გაზის მიწოდების აღდგენამდე ყველა გაზის დანადგარი და ონკანი ჩაკეტილ
მდგომარეობაში იქონიონ.
რა გახდა გაზის გათიშვის მიზეზი?
ბუნებრივი გაზის შეზღუდვის მიზეზი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების
კომპანიის“ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც
წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე
მიმდინარეობს და მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც მოიცავს.
კომპანიის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ტარდება შემდეგი
სამუშაოები:
მარნეულის გამზომი კვანძისა და ონკანის რეკონსტრუქცია;
ბოლნისისა და კაზრეთის გამანაწილებელი სადგურების განშტოების
ონკანების შეცვლა;
სახაზო ონკანის შეცვლა;
გაზის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები და კოროზირებული მონაკვეთის
შეცვლა.