ქარელის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ საქონლის ხორცში ცხენის
ხორცის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.
ინფორმაციას გამოცემა „ქართლის ამბები“ სურსათის ეროვნული სააგენტოს
დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანია, რომელიც ქარელის საბავშვო
ბაღებს ხორცით ამარაგებდა, „შპს ქართული ხორც-პროდუქტების
ფერმაა“.
„რადიო მარნეული“ დაინტერესდა, აწვდიდა თუ არა იგივე კომპანია ხორცს
ქვემო ქართლის რომელიმე ბაღს. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ამავე კომპანიას შეჰქონდა
ქათმისა და ძროხის
ხორცი (ტენდერის ღირებულება 170 880 ლარია).

„რადიო მარნეული“ დაუკავშირდა თეთრიწყაროს ბაგა-ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელს, ფიქრია მეშველიანს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ
კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილია, ვინაიდან ბოლოს ორჯერ
შეტანილი ხორცი ვიზუალურად არ მოეწონათ და ეჭვი შეიტანეს.
„კომპანიას დისკვალიფიკაცია მივეცით. გაფრთხილების შემდეგ
ორჯერ გავამაოცვლევინეთ ხორცი უკვე გავუშვით კომპანია და ახლა ახალი
ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. ბოლო შემოტანისას ხორცი აღარ
შემოვატანინეთ. როცა მივხვდით, რომ გაფრთხილებამ არ გაჭრა და მაინც
ისეთი ხორცი შემოჰქონდათ აი, ბევრი აპკები ჰქონდა.
ჩვენ მკაცრად გვაქვს ეს საკითხი დაყენებული. მანამდე არც შეგვპარვია
ეჭვი ხორცში. ჰასპის და ჰიგიენის სპეციალისტი მყავს გადამზადებული. მე
თვითონც გავლილი მაქვს ეს საკითხები. მივიდოდით არ მოგვეწონებოდა.
ვაბრუნებდით უკან, და როცა შევატყვეთ რომ ხორცი საეჭვო იყო აღარ
მივიღეთ. “ - გვითხრა ფიქრია მეშველიანმა.
სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებით, „შპს ქართული ხორც-პროდუქტების
ფერმა“ თეთრიწყაროს საბავშვო ბაღებს 1 კილოგრამ საქონლის ხორცს 30
ლარად აწვდიდა.
სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიას „თეთრიწყაროს სკოლამდელი
აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“
შემადგენლობაში შემავალი ბაღები ხორცით 2026 წლის 25 დეკემბრამდე უნდა
უზრუნველეყო. თუმცა, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო,
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ხორცის შესყიდვაზე ახალ ტენდერს
გამოაცხადებენ.