რა ქონებას ფლობს მარნეულის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი - დეკლარაცია
მარნეულის მერის მოადგილის, ზურაბ ფანგანის მიერ 2024 წელს შევსებულ
ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონება მითითებული არ იყო,
მაგრამ მის მიერვე 2025 წლის 22 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში
მითითებულია, რომ ფანგანი 6 უძრავ ქონებას ფლობს.
დეკლარაციის მიხედვით, ზუაბ ფანგანმა მიწის ნაკვეთები მარნეულსა და
მესტიაში მემკვიდრეობით მიიღო. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
თამარისში ფანგანმა 14 934 კვ.მ მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით 2012
წელს მიიღო. ქალაქ მარნეულში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში 44,51 კვ.მ
მიწის ნაკვეთი 2013 წელს მიიღო მემკვიდრეობით.
ფანგანმა 2023 წელს 4 მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით მესტიის
მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში. ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით, ფანგანმა ბეჩოში ჯამში 7 429 კვ.მ მიწის
ნაკვეთი მიიღო.
ზურაბ ფანგანის სახელზეა რეგისტრირებული ერთი ავტომობილი. 2022 წელს
ფანგანმა 8 000 დოლარად შეისყიდა FORD FUSION HIBRID. ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ ფანგანის შვილი, ვალერი ფანგანი ფლობს
TOYOTA PRIUS-ს, რომელიც 2024 წელს ჩუქებით მიიღო.
მარნეულის მერის მოადგილე 3 კომპანიას ფლობს. ზურაბ ფანგანი 50% წილს
ფლობს შპს “ფანგანი საქართველო”-ში, კომპანიის მეწილეები არისნ
გულნარა ფანგანი და ლაშა ფანგანი. ფანგანი 100% წილს ფლობს შპს “პერო
2003”-ში და ის ასევე 50%-იანი წილის მფლობელია შპს “ექსპრესი
საქართველოში”, საედანაც 2024 წელს შემოსავლის სახით 2 415 ლარი
მიიღო.
ზურაბ ფანგანის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024
წლის განმავლობაში, მარნეულის მერის მოადგილის თანამდებობაზე ხელფასის
სახით 44 911 ლარი და 44 თეთრი მიიღო.
რა არის ქონებრივი დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:
თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული
ინსტრუმენტია. ამ გზით საქართველოში თანამდებობის პირებს ყოველ წელს
ევალებათ საკუთარი კავშირების, ინტერესის, ქონებისა და ფინანსების
გასაჯაროება. პროცესი ელექტრონულია და შევსებული დეკლარაციები
ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებგვერდზე – declaration.acb.gov.ge.
საჯაროობას აქვს როგორც პრევენციის მიზანი, რომ თანამდებობა პირადი
სარგებლის მისაღებად არ იქნეს გამოყენებული, ისე სხვადასხვა სახის
დარღვევების, მაგალითად თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრების
გამოვლენის მიზანი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარირების
სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს. - წერია
გამჭვირვალობა საქართველოს ვებ-გვერდზე.
საქართველოში მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
საშუალებით გროვდება ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების
კავშირებსა და ინტერესებზე, ისე მათ ქონებასა და ფინანსურ
მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის საშუალებით
გასაჯაროებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, იგი არაა სრულყოფილი და,
ხშირად, აკლია დეტალიზება, რაც ართულებს მონიტორინგის პროცესს.
რადიო „მარნეული“