თასუას მსვლელობა მარნეულში - რელიგია და პოლიტიკა ერთ სივრცეში
თასუას, ანუ სამგლოვიარო მსვლელობა მარნეულში ყოველწლიურად იმართება. მსვლელობაში მუსლიმი შიიტები მონაწილეობენ და იხენებენ იმამ ჰუსეინს, რომელიც 680 წელს ბრძოლის ველზე ქალაქ ქარაბალაში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მოკლეს. შავებში შემოსილი მორწმუნეები მარნეულში იმამ ალის მეჩეთთან შეიკრიბნენ და ქალაქში მსვლელობით გაიარეს - გულზე ხელის რტყმით გულისტიკივილს გამოთქვამენ და ჰყვებიან სამგლოვიარო ლექსს იმამისა და 72 წამებულის საპატივსაცემოდ.

მარნეულში, ტრადიციულად, შავებში

შემოსილი მორწმუნე ქალები და კაცები რელიგიურ მსვლელობას აჰლი-ბეითის ოფისიდან იწყებენ და მას იმამ ალის სახელობის (ე.წ. წითელ) მეჩეთთან ასრულებენ. წინა წლებში ამ მსვლელობას ხშირად უერთდებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მერები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები. თუმცა, წელს ისინი არათუ წინა რიგებში, არამედ საერთოდ არ მონაწილეობდნენ მსვლელობაში. გამონაკლისი მხოლოდ ადგილობრივი, ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენლები იყვნენ.

ბოლო პერიოდში სასულიერო პირები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოუგვარებლობის, ისე რელიგიური გაერთიანებებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის გამო. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიხილეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლები წლევანდელ მსვლელობაში.

ბოლო წლებში საზოგადოების ყურადღება სულ უფრო მეტად ექცევა არა მარნეულში მიმდინარე მასშტაბურ რელიგიურ მსვლელობას, არამედ იმას, რომ ამ მსვლელობების დროს ხშირად ისმის პოლიტიკური გზავნილები. ეს კი საქართველოს საგარეო კურსის ბოლო პერიოდის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. გამწვავებული საომარი მდგომარეობა რელიგიურ რიტუალს შორიდან უფრო პოლიტიკურ ელფერს სძენს.

არის თუ არა თასუას მასშტაბური მსვლელობა გამოყენებული პოლიტიკურ პოლიგონად ადგილზე მყოფი რელიგიური ორგანიზაციის მიერ? და რას გვეუბნებიან ისინი აიათოლას დაპრინტული სურათებითა და ტრამპის სისხლიანი ფოტოებით მუჰამადის შვილიშვილის გარდაცვალების გამო გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე?

რა გამოჩნდა წლევანდელ მსვლელობაზე

მსვლელობის დროს მოქალაქეებს ხელში ეჭირათ სხვადასხვა დროშები - მათ შორის პალესტინის დროშა და ბანერები - მათ შორის ერთი ბანერი სადაც გამოსახულია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელთაც ხელები წითლად აქვთ შეღებილი - სისხლიანი ხელების აღსანიშნავად - ხოლო მათ შორის არის ფოტო, რომელზეც გამოსახულია კაცი, რომელსაც ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვი უკავია ხელში - „შეწყვიტეთ ბავშვების მკვლელოა“ ვკითხულობთ წარწერას ბანერზე.
მორწმუნეთა ნაწილს ხელში ეჭირა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ფოტოებიც მხარდაჭერის გამოხატულების ნიშნად.

ტასუას მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ შიიტი სასულიერო ლიდერებიც, მათ შორის იმამ ალის მეჩეთის ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი.

იმამ ალის მეჩეთის ახუნდს, ჰაჯი ჰაჯიევს ვკითხეთ, თუ რატომ იყო მსვლელობაზე სხვა ქვეყნის დროშები და ირანის სულიერი ლიდერის ფოტოები. ჰაჯიევმა გვიპასუხა, რომ პალესტინის დროშები ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა.


დაპირისპირება მარნეულის რელიგიურ მსვლელობაზე: შეიხ ფაიგ ნაბიევის გაძევება

საზოგადოებისთვის ნაკლებად შესამჩნევი, თუმცა მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. 2024 წელს დეკემბერში სრულიად საქართველოს მულსიმთთა სამართველოში არსებული უმაღლესი სასულიერო საბჭოს მიერ შიდა არჩევნების გზით, არჩეული  ფაიგ ნაბიევი, მარნეულში ჩავიდა, რათა თასუას მსვლელობაში მიეღო მონაწილეობა.

მისი დანიშვნიდანვე ცხადი გახდა, რომ ადგილობრივი იმამ ალის მეჩეთის სასულიერო პირები არ აპირებდნენ მასთან თანამშრომლობას. ნაბიევი უკვე ერთხელ იყო გაძევებული მარნეულიდან. წელსაც, მორწმუნეების ნაწილმა შექმნა "ჯაჭვი" და საერთო მსვლელობიდან ფაიგ ნაბიევი გააძევა, რის გამოც მას მოუწია პროცესიიდან გამოთიშვა.

მომხდარს გამოეხმაურა მარნეულელი პოლიტიკოსი ახმედ იმამკულიევი, რომელიც ფაიგ ნაბიევისთვის მიძღვნილი პლაკატით გამოვიდა, სადაც ეწერა: "დღევანდელი "უსამართლო პირები" სწორედ მოძალადეების მხრიდან დანიშნული შეიხებია".
იმამ ალის მეჩეთის ახუნდმა, ჰაჯი ჰაჯიევმა, განაცხადა: "ტასუას მსვლელობაზე არავინ იღებს მოწვევას. და თუ იქ პროტესტი დაფიქსირდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ სასულიერო მმართველობა არ არსებობს სათანადოდ. ყოველ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება."

ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაძაბულობას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ დანიშნულ სასულიერო პირებსა და ადგილობრივ მორწმუნეებს შორის, რაც კონფლიქტის პოლიტიკურ კონტექსტსაც აძლიერებს.
იმამკულიევი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ის საქართველოში მუსლიმთა სულიერ ლიდერად არ აღიარებს არც ერთ ოფიციალურად დანიშნულ პიროვნებას, ვისაც "შეიხის", "მუფტის" ან "ახუნდის" წოდება აქვს. ამბობს, რომ ისინი ხალხის მიერ არ არიან არჩეული და დანიშნული არიან სახელმწიფო უწყებების მიერ.

"მეკითხებით, ტასუას დღეს ასეთი პლაკატის აწევა რამდენად სწორი იყო? გიპასუხებთ – დიახ, სწორი იყო. რადგან იმ დროის გმირის, წამებული იმამ ჰუსეინის იდეოლოგიის არსიც სწორედ ეს არის – არ დაემორჩილო და იბრძოლო მოძალადეების წინააღმდეგ, თუნდაც სიცოცხლის ფასად. ჩემი პლაკატითაც სწორედ ამას გამოვხატავდი – ვამხელდი მოძალადეებსა და მათ მიერ დანიშნულ, მათ წინაშე მორჩილ "შეიხებს". 

მე მხოლოდ ჩემი ზოგადი მოსაზრება გამოვხატე, რომელიც ყველასთვის გასაგებად და ღიად ჟღერდა – და ხალხმაც ეს მესიჯი მიიღო: საქართველოში მართლაც არსებობენ მოძალადეებით დანიშნული შეიხები. მიხარია, რომ ჩემი გზავნილი მიზანმიმართული და ჭეშმარიტებასთან შესაბამისი იყო“. - ამბობს ახმედ იმამკულიევი

სამწუხაროდ, ფაიკ ნაბიევი პოზიციის გაგება ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ის ჩვენ ზარებს და წერილობით შეტყობინებებს არ პასუხობს. ამიტომ არსებული დაძაბული ფონის შესახებ მისი პოზიციის გაგება ვერ მოხერხდა.

რელიგიური მსვლელობის დროს პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებასა და პალესტინის დროშისა და ირანის სასულიერო ლიდერის სურათებით მსვლელობის გამართვასთან დაკავშირებით კითხვები დავუსვით სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხს, მირთაგი ასადოვსაც. ასადოვის განმარტებით, ამ ფორმით მორწმუნეებმა გამოხატეს მოწოდება მშვიდობისა და ბავშვთა მკვლელობის შესახებ.

ვინ არის მირტაგი ასადოვი?
სეიდ მირტაგი ასადოვი წლების განმავლობაში იყო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს (Ümumi Gürcüstan Müsəlmanları Ali Dini İdarəsi) თავმჯდომარე. იგი ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად ჩამოყალიბდა მუსლიმი თემიებისთვის რელიგიური თვითმმართველობისა და თანაბარი უფლებების დაცვის პროცესში. ასადოვი ედავებოდა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ რელიგიურ სამმართველოს, მათ შორის შეიხის სტატუსის განსაზღვრის საკითხში. მან ასევე სამართლებრივი დავა წამოიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ, რელიგიური გაერთიანებებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების დისკრიმინაციულად განაწილების საფუძველზე. ბოლო წლებში ასადოვი აღარ გამოირჩევა აქტივობით.

ირანის დროშა არ მინახავს – იქ იყო პალესტინის დროშა. ეს სიმბოლო იყო პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მხარდაჭერის. დღესაც ისრაელი ითვისებს პალესტინელების მიწებს, რაც სამართლიანი პროტესტის საფუძველია. ასევე იქ იყო აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები. როგორც ცნობილია, ისრაელი ემუქრება მის სიცოცხლეს, ამიტომ მუსლიმები მთელ მსოფლიოში გამოდიან მისი მხარდასაჭერად. ხამენეი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სულიერი ლიდერიცაა“. - ამბობს მირთაგი ასადოვი

ასადოვის განმარტებით, თასუას მსვლელობა ღიაა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია. წუხს, რომ მსვლელობას ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეუერთდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანადამფუძნებელი და დირექტორი თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ თასუას მსვლელობას სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებაში აქტიური და კრიტიკული განხილვები მოჰყვა იქ გამოთქმული მოსაზრების გამო. თვლის, რომ კონკრეტული რელიგიური ჯგუფების გამოხატვის საკითხებზე მოსაზრებების გამოთქმისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რამაც ქართულ საზოგადოებაში თასუას მსვლელობასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება განაპირობა.

„გარკვეულწილად, თასუა სხვა მუსლიმური დღესასწაულებისაგან განსხვავებით, როგორიცაა ყურბან ბაირამი და რამაზან ბაირამი, ნაკლებად არის ცენტრის, ანუ ქართულ კულტურულ მზერაში მოხვედრილი როგორც მნიშვნელოვანი თარიღი. შეიძლება ითქვას, რომ დომინანტური პერსპექტივა, კულტურული პერსპექტივა შეგუებულია რამაზანისა და ყურბან ბაირამის დღესასწაულების აღნიშვნას, მისი ესთეტიკურობით, მნიშვნელობით. თუმცა, ეს შიიტური დღესასწაული ნაკლებად არის კულტურულად გაზიარებული. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არის კულტურული გაუცხოება ამ მოვლენის მიმართ და ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მუდმივად გაუცხოებას იწვევს“. - აცხადებს თამთა მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, არაა გასაკვირი, რომ მუსლიმ თემში მაღალია პალესტინელების გენოციდის მიმართ სენტიმენტი, ხოლო აიათოლას პლაკატებისა და ისრაელსა და აშშ-ზე გაკეთებული განცხადებები, სავარაუდოდ, უკავშირდება ისრაელ-ირანის კონფლიქტს.


თამთა მიქელაძის განმარტებით, საზოგადოების ნაწილში ან ლიდერებში არის ანტიდასავლური განწყობები და ამის მიზეზი სახელმწიფო ინსტიტუტების, ოპოზიციის და მათ შორის, საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ამ თემებში ნაკლები მუშაობაა. აცხადებს, რომ სტრუქტურები საკმარისად არ მუშაობენ, რათა თემში გაძლიერდეს თანხმობა ევროპული და დასავლური განვითარების პროცესის მიმართ, რაც სხვადასხვა კვლევებითაც ჩანს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, არსებული გამოწვევების გადაჭრა და პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ საქართველოში იქნება ძლიერი საინფორმაციო, განათლების და ინტეგრაციის პოლიტიკა აზერბაიჯანულენოვან თემში.


მიქელაძის განმარტებით, გამოწვევა არის, რომ მოქალაეთა ნაწილი შეიძლება არ ეთანხმებოდეს ევროპეზაციის, დემოკრატიზაციის ტრაექტორიას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის სახელმწიფოსა და პოლიტიკური ელიტების პასუხისმგებლობა.

შეგახსენებთ, რომ თასუას მსვლელობა ყოველწლიურად მაჰარამის თვეს იმართება. მაჰარამი მუსლიმურ კალენდარში, წლის პირველი, წმინდა თვეა. მაჰარამის თვე გლოვის პერიოდია და ის ჰიჯრი-გამარის (მთვარის) კალენდარით აღინიშნება - მზის კალენდარში 365 დღეა, ხოლო მთვარის კალენდარში 355, შესაბამისად მზის კალენდრის მიხედვით თასუას მსვლელობა ყოველწლიურად სხვადასხვა დღეს იმართება. მაჰარამის თვის პირველი 10 დღე გლოვის დღეა, მე-9 დღეს კი თასუას მსვლელობა იმართება. ამ დღეს მუსლიმები იხსენებენ 72 წამებულ შიიტს. მათშორის შიიტების იმამს - ჰუსეინს. რომელიც 680 წელს ბრძოლის ველზე მოკლეს პატარა ქალაქ ქარბალაში, დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები