მენსტრუაცია არ ნიშნავს დაოჯახებისთვის მზადყოფნას - მითები, რომლებიც მოზარდებს აზიანებს
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს მითი: „თუ სხეული მზად არის, უკვე დროა დაოჯახდეს გოგო.“ მენსტრუაცია დღესაც აღიქმება სიმწიფის ოფიციალურ ნიშნად, რაც ფაქტობრივად გოგოების მომწიფების ბიოლოგიურ პროცესს სოციალურ და კულტურულ მოთხოვნებთან აკავშირებს.

ეს რეალობა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს რეგიონებში, ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც სოციალური და კულტურული მოლოდინები ხშირად გოგოებს თავისუფლებასა და არჩევანის შესაძლებლობას უზღუდავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მენ -

გინეკოლოგად მუშაობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს პაატა ხოლუაშილს. ექიმი განმარტავს, რომ თანამედროვე რეალობაში გოგოების ფიზიკური განვითარება დაჩქარებულია და 13-14 წლისას შესაძლოა გაცილებით უფროსი ასაკის შეხედულება ჰქონდეს.

თუმცა, ეს მხოლოდ გარეგნული ფორმებია, ჰორმონალური ცვლილებები კი არ ნიშნავს მზადყოფნას ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრებისთვის.

თანამედროვე ცხოვრებაში გოგოების ფიზიკური განვითარება , ანუ აქსელერაცია , უფრო სწრაფია, ვიდრე ბიჭების. 13-14 წლის გოგო შესაძლოა ისე გამოიყურებოდეს, როგორც 17-18 წლის ასაკის ადამიანი. შესაძლოა მენსტრუაციული ციკლი ნორმალურად მიმდინარეობდეს, მაგრამ ის ჰორმონალური ფონი, რომელიც ორგანიზმში ვითარდება, ჯერ კიდევ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ გოგონა ფიზიოლოგიურად მომწიფებულია. საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირება არ ნიშნავს, რომ ქალის ორგანიზმი მზად არის ქორწინებისთვის. საშვილოსნო ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ მასში ნაყოფი განვითარდეს და ორსულობა სრულად 40 კვირის განმავლობაში წარმატებით ჩაიაროს.”


პაატა ხოლუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ქორწინება მოზარდისთვის ერთგვარი „დაცვის მექანიზმია“. მათთვის ეს ნიშნავს სტაბილურობის, “პატიოსნებისა” და „სწორი გზის“ გარანტიას განსაკუთრებით იმ პირობებში, სადაც საზოგადოებრივი სტიგმა, ტრადიციად ქცეული წნეხი და ინფორმაციის დეფიციტი ბევრ პრობლემას ქმნის.

ზოგადად, თუ ვსაუბრობთ ნაადრევ ქორწინებაზე, მას თან ახლავს რისკები. შესაძლოა განვითარდეს ნაადრევი მშობიარობა, შეწყვეტილი ორსულობა, შემდგომში სამშობიარო ტრამვებით, რომელიც ხშირად ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქალის, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურს ჯანმრთელობას. ნაადრევ ქორწინებაზე დიდი დანაშაული არაფერია! სამწუხაროდ, მშობლები გოგოებს ხშირად აიძლულებენ ან ლამაზად წარმოუსახავენ ოჯახის შექმნას. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გარშემომყოფი საზოგადოება, რომ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას და, რომ ნაადრევი ქორწინება ძალადობაა. ყველა უნდა იყოს ინფორმაციის გავრცელების ნაწილში ჩართული. როცა ეს ასე არ ხდება, იმ ბავშვის გარშემო ყველა არის დამნაშავე. სკოლას ამ ნაწილში ძალიან დიდი როლი აქვს. ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და ტაბუდადებული არ უნდა იყოს. ქალებს უნდა ჰქონდეთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ხარ ინფორმირებული ნიშნავს, რომ ხარ მომზადებული. სამწუხაროდ, მხოლოდ ფეისბუქი და ტიკტოკი არ იძლევა იმ ინფორმაციას თუ განათლებას, რომელიც სჭირდება ბავშვს განვითარებისთვის. ამას უნდა ვაძლევდეთ ჩვენ, სკოლა, პედაგოგები“ - გვეუბნება ექიმი.

ექიმის მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინება გოგოების ცხოვრებაში არაერთ სერიოზული პრობლემა ქმნის. მისი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგია გოგოებისთვის ოჯახებში კონტროლის მკაცრი სისტემის შემოღება, რომელიც ახალგაზრდების თავისუფლებას და არჩევანის შესაძლებლობას ართმევს.


ჩემთან მოსულა მამამთილი, რომელმაც იცის მისი რძლის ის საკითხები, რომელიც ეხება მის ინტიმურ ცხოვრებას, დაწყებული მენსტრუაციიდან დამთავრებული სექსუალური ცხოვრებით. ამ ფაქტს, როგორც წესი ენობრივ ბარიერს აბრალებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ექთნები, რომლებიც ფლობენ ენას და მათ შეუძლიათ, რომ დაგვეხმარონ კომუნიკაციაში, გადათარგმნონ საუბარი, მამამთილი მაინც თვლის, რომ მან უნდა იცოდეს ყველაფერი და უნდა ესწრებოდეს კომუნიკაციას. როგორ შეიძლება დედამთილ-მამამთილსს ჰქონდეს ინფორმცია ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრების შესახებ?! შვილის დაგეგმვა იქნება თუ დაორსულება, ეს ყველაფერი მხოლოდ დაოჯახებული ქალის და კაცის გადასწყვეტია! მე ყოველთვის ვცდილობ კონსულტაცია დაოჯახებულ პირებთან ჩავატარო კონფიდენციალურ გარემოში და ოთახის დატოვებას ვთხოვ თანმხლებ პირებს. მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სამწუხაროდ, ახალდაქორწინებულ ქალს არ აქვთ სრული უფლებები და თავისუფლებები, როგორც ოჯახის სხვა ყველა წევრს. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, ქალს ხშირად მხოლოდ ბავშვის გაჩენის ფუნქცია აქვს.“

ექიმის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნაადრევი ქორწინება საფრთხეს უქმნის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. სწორი განათლებისა და ღია დიალოგის გარეშე, ეს პრაქტიკა ახალგაზრდა ქალების განვითარებას აფერხებს. ამიტომ აუცილებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ტაბუს მოხსნა და მოზარდების უფლებების დაცვა, რათა თითოეულმა გოგომ თავისუფლად აირჩიოს საკუთარი მომავალი.

2024 წლის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ იკვეთება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის კოორდინირებული მუშაობის და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებებიდან მხოლოდ სააგენტოს აქვს დამტკიცებული „სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი, შესწავლილი ინდივიდუალური საქმეებიდან კვლავ იკვეთება სოციალურ მუშაკთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება, რაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებითაა გამოწვეული.

ასევე, პრობლემურია ბავშვობის ასაკში შესაძლო ქორწინების ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 184 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 74 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ შსს პერიოდულად ახორციელებს კამპანიებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, მათ შორის მობილური შეტყობინებებით, პრობლემა რჩება ენობრივ ბარიერში, შეტყობინებები მხოლოდ ქართულ ენაზეა, რაც ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში ინფორმაციის სწორი და ფართო გავრცელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.


პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ქორწინების მიზეზით 43 მოსწავლეს (38 გოგო 5 ბიჭი) შეუწყდა ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი.

თუმცა სტატისტიკური მონაცემი, შესაძლოა, რეალურ სურათს არ ასახავდეს, რადგან სწავლის მიტოვების საფუძვლები ხარვეზულად მიეთითება. განსაკუთრებით პრობლემურია „მშობლის განცხადების“ საფუძველზე მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა, რომლის უკან, რიგ შემთხვევაში, სწორედ ბავშვთა ქორწინების მოტივი დგას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები