ადვოკატი ალი ბადიროვი პოლიტიკაში დაბრუნდა და მარნეულის მერობისათვის
იბრძოლებს.
ალი ბადიროვი მარნეულის მერობის კანდიდატი პარტია „ჩვენი
გაერთიანებული საქართველოდან“ იქნება - მათი საარჩევნო ნომერია 5.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბადიროვი აცხადებს, რომ პოლიტიკურმა
პარტიებმა „ქართულ ოცნებას“ ადვილად არ უნდა დაუთმონ მერის პოსტი.
თვლის, რომ გამარჯვების შანსი აქვს და ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი
კანდიდატურის წარდგენა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მონაწილეობით, სავარაუდოდ,
მინიმუმ მეორე ტურამდე მაინც წავა საქმე თუ მესამე პოლიტიკურმა
პარტიამ რაღაც ხმები მიიღო. თუ არა და რეალურ შანსებს ვხედავ, რომ
გავხდე მერი“. - აცხადებს ალი ბადიროვი
ბადიროვი ამბობს, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასახელება
მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, რომ „არაცნობადი კანდიდატი
წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ“.
„მარნეულში ბევრი ნამდვილად არ იცნობს დაურ ისმაილოვს,
სწორედ ამან განაპირობა და გადავწყვიტე, რომ სერიოზული შანსები
მექნება“. - ამბობს ალი ბადიროვი
„ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, მას შემდეგ
რაც არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის
კადიდატი დაურ ისმაილოვი იქნებაოდა, ფეისბუქზე გააზიარა მასთან ერთად,
2017 წელს, გადაღებული ფოტო, რომელიც დღეს, პირველ სექტემბერს, მის
ფეისბუქზე აღარ იძებნება. ბადიროვის თქმით, ზუსტად არ ახსოვს, თუ
რატომ გააზიარა ფოტო.
„მაშინ მისი კანდიდატურა ოფიციალურად არ იყო გაჟღერებული.
ერთ-ერთ კანდიდატად შეიძლება მოიაზრებოდა. რადგან, ასე ვთქვათ, მე მას
წლებია ვიცნობ და პატარა ძმას ვუწოდებდი, სწორედ ამისთვის შეიძლება
ყოფილიყო. ზუსტად არ მახსოვს რას ემსახურებოდა გაზიარება. შეიძლება
პატარა ძმასაც გარკვეული შანსები ექნება თქო ამ არჩევნებზე, მაგრამ
სიურპრიზად ვინახავდი იმას, რომ მეც ვარ რეალურად მერობის
კანდიდატი“. - აცხადებს ალი ბადიროვი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პოლიტიკური
პარტიების უმრავლესობამ უნდობლობა და პროტესტი გამოუცხადა და
არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობენ. ცნობილი პარტიებიდან
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ „ლელო“ და „გახარია
საქართველოსთვი“. ბადიროვის განმარტებით, მხარს არ უჭერს „ქართული
ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ პრობლემა
არჩევნებში არმონაწილეობით ვერ მოგვარდება.
„ვერცერთი საღად მოაზროვნე ვერ დაუჭერს მხარს ამ სახის
პოლიტიკას „ქართული ოცნებისა“. თუმცა, პრობლემის მოგვარების გზად არ
მივიჩნევ არჩევნებში არმონაწილეობას, რადგან ასე პოლიტიკური არენა
სრულად „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ ჩავარდეს. სწორედ ამიტომ
მიმაჩნია, რომ მე აუცილებლად უნდა ვიყო ამ არჩევნებზე და გავიმარჯვო
კიდეც“.
კითხვაზე, თუ რამდენად აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების გაყალბების
შემთხვევაში გამოვლინდეს საარჩევნო დარღვევები მაშინ, როდესაც
ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვს
გვპასუხობს, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ოპოზიციური პარტიების
შეფასება ითამაშებს.
„თუ მოხდა ისე, რომ გაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“ დაურ
ისმაილოვის გამარჯვება, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი იქნება
ოპოზიციური წარმომადგენლების შეფასება, თუ რა ვითარებაში ჩატარდა,
როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე. სწორედ
ვფიქრობ, რომ ეს იქნება ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციის
საფუძველი“.
ბადიროვის განმარტებით, მის გუნდს საკმარისი დაფინანსება არ აქვს და
ამიტომ „ცოტა ღარიბად“ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში.
ამომრჩევლებთან შეხვედრას და აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას
ბადიროვი 5 სექტემბრიდან გეგმავს.
ალი ბადიროვს წარსულშიც მიუღია ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის „ლეიბორისტული“
პარტიის წევრი იყო და მარნეულის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოდა.
ბადიროვის პატიამ მარნეულში 1 039 ხმა (2.28%) მოიპივა და ის
საკრებულოს წევრი ვერ გახდა.
2021
წლის 23 დეკემბერს ბადიროვმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ
პოლიტიკიდან წავიდა.
„პოლიტიკიდან წავედი, რადგან 4 წელი დიდი დრო იყო. მე
განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მომწონს ხოლმე
მონაწილეობის მიღება, რადგან მარნეულში მყავს ბევრი მხარდამჭერი და
ამომრჩეველი. ამიტომ, ეს 4 წელი მე არ დამიკარგავს, საადვოკატო
საქმიანობას ვეწეოდი და ვფიქტობ, რომ ჩემი ცნობადობა ძალიან მაღალ
დონეზეა“. - ამბობს ალი ბადიროვი
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4
ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე მარნეულში მხოლოდ ორი მერობის
კანდიდატია ცნობილი, ალი ბადიროვი „ჩვენი გაერთიანებული
საქართველოდან“ და დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნებიდან“.
რა ვიცით პარტიის შესახებ რომლის სახელითაც ალი ბადიროვი იყრის
კენჭს?
პარტიის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ თავმჯდომარე ისაკ
გიორგაძეა. პარტიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამის
ავტორი გოჩა ცოფურაშვილია. გოჩა ცოფურაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 2016
წელს 20 000 ლარი შესწირა.
„ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია
მონაწილეობას იღებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, მაგრამ
შემდგომ თავიანთი კანდიდატურა ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი
დემოკრატების“ სასარგებლოდ მოხსნა.