„მარნეულელობა 2025“-ს აღსანიშავ ტენდერში მონაწილე დისკვალიფიცირებულია
მარნეულის მერიამ „მარნეულობა 2025“-ს აღნიშვნისათვის გამოცხადებულ, 198 788 ლარის ღირბეულების, ტენდერში მონაწილე კომპანიას, შპს „სთორი +“-ს ტექნიკური დოკუმენტაციის არასწორად შევსების საბაბით დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რა გადაწყვეტილებაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ გააუქმა, მაგრამ მერიამ ტენდერი კვლავ შეწყვეტილად გამოაცხადა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „სთორი +“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ბენდიანიშვილმა განაცხადა, რომ მარნეულის მერიამ მათ დისკვალიფიკაცია მიანიჭა მერიის თანამშრომლის,

ტენდერის გამოცხადებაზე პასუხისმგებელი პირის, შეცდომის გამო. სწორედ ამიტომ მიმართა შპს „სთორი +“-მა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მერიის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, რა მოთხოვნაც საბჭომ სრულიად დააკმაყოფილა. შპს „სთორი +“-მა მერიას სამუშაოების შესრულება 155 501 ლარად შესთავაზა.

„წარმოდგენილი ჰქონდათ ექსელის ფაილი და მოთხოვნა ჰქონდათ, რომ საბოლოო ღირებულება უნდა წარგვედგინა დღგ-ს გარეშე. ამიტომ, ექსელის ფაილი შედგენილი იყო დღგ-ს გარეშე ფასთა ჯამით, ხოლო საბოლოო ფასის დაფიქსირება სადაც უნდა მომხდარიყო იქ ითხოვდნენ, რომ ფასი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დღგ-ს ჩათვლით. ჩვენ 14 წლიანი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით და მსგავსი პრეცედენტი არასოდეს არ გვქონია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს ახალი მოთხოვნა იყო და ასე უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, ექსელის ფაილი წარვადგინეთ დღგ-ს გარეშე, ხოლო ბოლო ფასი უკვე დაფიქსირდა დღგ-ს თანხის ნამატით, რაც უშუალოდ მათგან იყო მოთხოვნილი“.

შპს „სთორი +“-სთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების გამომწვევად მარნეულის მერიამ, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, სწორედ ექსელის ფაილში დღგ-ს გარეშე მოყვანილი ფასები დაასახელა.

„როდესაც ჩვენს დისკვალიფიკაციაზე მიდგა საქმე ჩვენ ვესაუბრეთ მათ და აღმოჩნდა, რომ ეს ტექნიკური პრობლემა შეიქმნა რადგან ვინც უშუალოდ აკეთებს ამ სატენდერო დოკუმენტაციას მას შეეშალა. თუმცა ასე საჯაროდ ცვლილებას ვერ მოახდენდა და ამიტომ მივმართეთ უკვე სატენდერო კომისიას, რომელმაც უკვე საჩვენოდ გამოიტანა განაჩენი და ჩვენ გაგვამართლა, რადგან რეალურად ჩვენ ის გავაკეთეთ, რისი მოთხოვნაც თავად ჰქონდათ“. - ამბობს სალომე ბენდიანიშვილი

მარნეულის მერიამ შპს „სთორი +“-ს პირველი დისკვალიფიკაცია 11 აგვისტოს მიანიჭა. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ შპს „სთორი +“-ის სარჩელი 26 აგვისტოს სრულად დააკმაყოფილა და მერიას კვლავ დაავალა შპს „სთორი +“-ის წინადადების განხილვა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის მიღებას წერილობითი მიმართვით შევძლებთ.

2025 წლის პირველ საექტემბერს სატენდერო კომისიამ სხდომა გამართა, სადაც დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება განიხილა და ბათილად ჩათვალა მათ მიერ შპს „სთორი +“-სათვის მინიჭებული დისკვალიფიკაცია. მომდევნო სხდომა კომისიამ 2 სექტემბერს გამართა, აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ფასების ცხრილში ღირებულების დღგ-ს გარეშე მითითება, რაც მერიისავე დავალება იყო, წარმოადგენდა სატენდერო დოკუმენტაციის ხარვეზს/უზუსტობას და შესყიდვის მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელი იყო აღნიშნული უზუსტობის გამოსწორება, რის გამოც კომისიამ ტენდერი შესყვეტილად გამოაცხადა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „სთორი +“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიაში ტენდერის შეწყვეტილად გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს და ამ ეტაპზე მსჯელობენ თუ რა სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან.

მარნეულის მერიამ „მარნეულობა 2025“-ს აღსანიშნავად ახალი ტენდერი ასევე 2 სექტემბერს გამოაცხადა. მერია მომსახურების შესყიდვას კვლავ 198 788 ლარად გეგმავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები