„ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიებმა
ასად ალიევი მარნეულის მერობის ერთიან კანდიდატად წარადგინეს.
როგორც „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აგილ მუსტაფაევმა, რადიო
“მარნეულთან” განაცხადა, ასად ალიევის კანდიდატურა ადგილობრივი და
ცენტრალური ორგანიზაციების გადაწყვეტილებით დამტკიცდა.
მუსტაფაევის თქმით, მარნეულის მერობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა
უახლოეს მომავალში გაიმართება და ასევე გამოცხადდება მუნიციპალური
საკრებულოს კანდიდატების ვინაობა
ასად ალიევმა, რომელიც მარნეულის
მერობის კანდიდატად „ლელო - ძლიერი
საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიებიდან არის
წარდგენილი, რადიო “მარნეულთან” განაცხადა, რომ „ლელოს“ ქვეყანაში
ყველაზე ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიად მიიჩნევს და ამიტომ გადაწყვიტა მათი
რიგებიდან მარნეულის მერობისათვის კენჭის ეყარა.
„მე „ლელოს“ პარტიას ქვეყანაში ყველაზე ორგანიზებულ და
ჯანსაღ პოლიტიკურ გაერთიანებად მივიჩნევდი. ამრიგად, „ლელოს“ პარტიის
პოლიტიკური საბჭოს მიერ ჩემი კანდიდატურის დამტკიცება ჩემი და ჩვენი
ადგილობრივი რეგიონული გუნდის შრომის დამსახურება იყო. ჩვენი
საარჩევნო კამპანია უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შემდეგ
საზოგადოებას და მედიას ჩვენი გეგმების შესახებ ვრცელი ინფორმაცია
მიეწოდება. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ. მჯერა, რომ
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მარნეულის მაცხოვრებლების დარწმუნებას
შევძლებთ. ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ, როგორც
ღირსეული, უფრო პერსპექტიული კანდიდატი და გუნდი“, -
განაცხადა ასად ალიევმა
აღსანიშნავია, რომ ასად ალიევი 1988 წელს მარნეულის რაიონის სოფელ
კაჩაგანში დაიბადა. მან საშუალო სკოლა ამავე სოფელში დაამთავრა.
უმაღლესი განათლება აზერბაიჯანში მოქმედი ბაქოს ევრაზიული
უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო. 2010 წელს, უმაღლესი
განათლების მიღების შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა.
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას 4
სექტემბერს დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მარნეულის მერობის კანდიდატები ასევე
არიან „ქართული ოცნებიდან“ დაურ ისმაილოვი და „ჩვენი ერთიანი
საქართველოდან“ ალი ბადიროვი.