სოფელ ყიზილაჯლოში გზის ნაწილი ჩავარდა - მძღოლებს გადაადგილება უჭირთ (ვიდეო)
ფონიჭალა-მარნეული-გუგითის გზატკეცილზე, სოფელ ყიზილაჯილოში გამავალ მონაკვეთზე, გზის ნაწილი ჩავარდა. ჩავარდნილი ნაწილი ყიზილაჯლოს ხიდთან დაფიქსირდა და ამჟამად სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის მძღოლებისათვის. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რადგან მასზე გადის სომხეთსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონისკენ მიმავალი ერთადერთი გზა.

მძღოლებმა რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე გავლისას მანქანები ცუდად მოძრაობენ. მათი თქმით, გზაზე ავარიის მაღალი ალბათობაა. თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, ინციდენტები,

რომლებმაც შეიძლება ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს, შესაძლოა გარდაუვალი იყოს.

მაცხოვრებლები და მძღოლები მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და უზრუნველყონ გზის აღდგენა.

რადიო „მარნეული“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გზის ჩავარდნილ მონაკვეთთან, წყლის გაჟონვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. იმ მონაკვეთზე, სადაც წყალი ჟონავს, გადის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სასმელი წყლისა და კანალიზაციის მილები. დეპარტამენტმა ასევე დასძინა, რომ თუ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შესაბამის პრობლემას მოაგვარებს, გზის ჩავარდნილი მონაკვეთი შეკეთდება.

პრობლემის გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. კომპანიამ გვითხრა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ყიზილაჯილოს გზაზე ჩავარდნის შესახებ. კონტრაქტორი კომპანია ინფორმირებულია პრობლემის შესახებ და პრობლემა 10 დღის ვადაში უნდა მოგვარდეს.


აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და მისი სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზები გათხარეს, ინფრასტრუქტურა დაინგრა, რამაც ზიანი მიაყენა როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე კერძო მანქანებს.

თავდაპირველად, კომპანია „აკელიკ ჯგუფს“ პროექტი 2021 წლის მარტისთვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ამ მიზეზით, 55 940 022 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. სამუშაოებს ჩინეთის გეოინჟინერიის კორპორაცია (CGC) და POLAT Yol Yapı Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi ახორციელებენ.

პროექტის ღირებულება 135 მილიონ ლარზე მეტია და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება. ის მოიცავს ახალი წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, წყლის რეზერვუარების, ახალი კანალიზაციის ქსელის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით და ახალი კანალიზაციის ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები