მარნეულის ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, არასრულწლოვნის მიმართ
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნისა
და საკრებულოს აპარატში დასაქმებული მამუკა გიგანის მიერ
ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პეტიცია ვრცელდება.
მამუკა გიგანი მარნეულის საკრბეულოს აპარატის თანამშრომელი და
მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის
შვილია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 19 სექტემბერს, მარნეულის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა ერთ-ერთი საკონდიტროს
თანამშრიმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ენის არ ცოდნის
გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა
ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას არასრულწლოვნის
მიმართ.
„ინციდენტის დროს მამუკა გიგანმა მაღაზიის თანამშრომელი
ქართული ენის არცოდნის გამო სცემა, ხოლო თორნიკე მთვარელიძემ
თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაღაზიიდან ძალით გაიყვანა და
უთხრა: „დაბრუნდი სამშობლოში“.
ამ ინციდენტმა სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია არა მხოლოდ
ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემში, არამედ ქართულ საზოგადოებაშიც.
სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთი დღის შემდეგ მხოლოდ მამუკა გიგანი
დააკავეს, თუმცა თორნიკე მთვარელიძის წინააღმდეგ არანაირი
სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია,
რომ დაზარალებული და მისი ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისა და
პოლიციის ორგანოების ზეწოლის ქვეშ არიან, ხოლო ოჯახი მორალური და
ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშაა“ - აღნიშნულია
პეტიციაში
პეტიციაში, რომლის ავტორიც უფლებადამცველი და აქტივისტი სამირა
ბაირამოვაა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ
აქცევს აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონის
სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ქართული ენის დომინირება კი ხელს
უშლის ეთნიკურად აზერბაიჯანელებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში,
სახელმწიფო ადმინისტრირებაში, ჯანდაცვასა თუ სხვა სერვისებში
მონაწილეობის მიღებასა და სარგებლობაში, ხოლო სახელმწიფომ არ
განახორციელა გრძელვადიანი ადაპტაციის პროგრამები აღნიშნული
პრობლემების მოსაგვარებლად.
„ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია სახელმწიფოს ზოგიერთი
პოლიტიკოსისთვის პრიორიტეტი არ ყოფილა. ამ მიზეზით, გრძელვადიანი და
თანმიმდევრული სტრატეგია არ შემუშავებულა.
საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში ქართული ენის არცოდნა არა
მხოლოდ თემში არსებული ტრადიციული გარემოს შედეგია, არამედ
სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და პოლიტიკურ
სფეროებში საკმარისად თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის პოლიტიკის
გატარების უუნარობის შედეგიც“. - აღნიშნულია
პეტიციაში
პეტიცია „ქართული ოცნებისაგან“ მოითხოვს, რიჩარდ გიგანი და თორნიკე
მთვარელიძე ამოიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
პროპორციული სიიდან და გაათავისუფლონ მარნეულის მუნიციპალიტეტში
თანამდებობებიდან. მარნეულის მუნიციპალიტეტისაგან მოითხოვს, რომ
მამუკა გიგანი გაათავისუფლონ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან და დანერგონ
დისკრიმინაციისა და ტოლერანტობის შესახებ სავალდებულო საგანმანათლებლო
პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში.
პეტიცია სამართალდამცავი ორგანოებისაგან მოითხოვს დაუყოვნებლივ
შეწყდეს მსხვერპლსა და მის ოჯახის წევრზე ზეწოლა და ჩატარდეს
გამოძიება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ფორმით, კანონმდებლობის
შესაბამისად.
პეტიცია ასევე მოითხოვს:
• უნდა გაძლიერდეს დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონების აღსრულება და
დარღვევებისთვის უნდა იქნას გამოყენებული რეალური და სამართლიანი
სანქციები.
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობები განათლებაში,
ჯანდაცვაში, დასაქმებასა და საჯარო სამსახურებში.
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისკრიმინაციის შესახებ საჩივრების
ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოს სახალხო დამცველისა
და დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოების მიერ.