მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიისა და საკრებულოს
დებულებებიდან ტერმინის „გენდერული თანასწორობა“ ამოღებას დაუჭირეს
მხარი.
საკრებულოზე გენდერის ამოღებისათვის 4 საკითხი განიხილეს.
ტერმინი გენდერული თანასწორობა ამოიღეს საკრებულოს რეგლამენტიდან.
საკითხის მომხსნებელემა, ცოტნე ბოჭოიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ
რეგლამენტიდან გენდერის ამოღება საკანონმდებლო ცვლილებებმა და
მთავრობის რეკომენდაციამ გამოიწვია.
„მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციისგან შემოვიდა წერილი, რეკომენდაციის სახით, რომლითაც
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ტერმინი გენდერული
თანასწორობა ექვემდებარება რევიზიას და ჩასაკორექტირებელია შესაბამისი
ტერმინით და აღნიშნული ტერმინი ჩაკორექტირდა ქალისა და მამაკაცის
თანასწორობით“. - განაცხადა ცოტნე ბოჭოიძემ
ტერმინი გენდერული თანასწორობა ამოიღეს „ქალთა და მამაკაცთა
თანასწორობის საბჭოს“ დებულებიდანაც. საკრებულოს აპარატის წევრის, ია
ესებუას განმარტებით, დებულებაში ცვლილება მთავრობის რეკომენდაციის
საფუძველზე შევიდა.
ტერმინი გენდერული თანასწორობა ასევე გაქრა მარნეულის მუნიციპალიტეტის
და მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის,
სპორტის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის
დებულებაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კანონმდებლობიდან ტერმინის „გენდერი“
ამოღებას 2025 წლის მარტში დაუჭირა მხარი. „ქართული ოცნების“
პარლამენტში კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები „ქართული
ოცნებისა“ და მისგან გამოყოფილი ე.წ. ოპოზიციის „ხალხის ძალის“
დეპუტატები იყვნენ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ტერმინი
„გენდერი“ საქართველოს კანონმდებლობიდან გაქრა და ის ჩაანაცვლა
„ქალისა და კაცის თანასწორობამ“.
16 ივნისს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე სახელი
შეეცვალა მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს და დაერქვა ქალთა და
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.
6 მაისს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე კი
საკრებულოს „გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან
ურთიერთობების განყოფილებას“ სახელი შეეცვალა და „ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის, ინოვაციების და საერთაშორისო ურთიერთობების
განყოფილება“ დაერქვა.
გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და
აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების,
თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს.