თითო აღმზრდელზე 15 პირადობა - წინასაარჩევნო დავალება მარნეულის ბაღებში
მარნეულის ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისგან წინასაარჩევნოდ 15 ადამიანის პირადობის ნომრის მიტანას მოითხოვენ. ინფორმაცია რადიო “მარნეულს” მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში დასაქმებულმა მიაწოდა და უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხზე ღიად ვერ საუბრობენ. მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლების შიში და მათადმი წნეხია. რადიო “მარნეულისთვის” მგავსი საკითხის გაშუქება პირველი შემთხვება არაა და ყოველი არჩევნების დროს მასწავლებელთა ადმინისტრაციულ რესურსად გამოყენებაზე არაერთი სტატია დაგვიწერია. მათ შორის ბოლოს გასულ,

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რის შემდეგაც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღარ გვეკონტაქტება.

რადიო „მარნეული“ რამდენიმე კვირაა ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

მასწავლებელთა მხრიდან პირადობის მოწმობების შეგროვება არ წარმოადგენს მათი პროფესიული ვალდებულების ნაწილს. ეს არა მხოლოდ შიშისა და დაძაბულობის ატმოსფეროს ქმნის, არამედ აჩენს მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვებს: რამდენად კანონიერია მსგავსი მოთხოვნა? რა უფლება აქვს თანამშრომელს უარის თქმის შემთხვევაში? და როგორ ზემოქმედებს ეს საარჩევნო პროცესზე?

ამ საკითხზე იურისტი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრა და გვითხრა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, კანდიდატის ან საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი

აკრძალულია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება:

- საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება;

- სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

რაც შეეხება აგიტაციის საკითხებს, საჯარო მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებსა და საჯარო სკოლების პედაგოგებს ეკრძალებათ აგიტაციაში ჩართვა სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.


ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, პირისგან მონაცემების შეგროვებისას უნდა განემარტოს მონაცემების შეგროვების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი - კანონის 24-ე მუხლი.

შესაბამისად, ბაღის მასწავლებლებისთვის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდელობით და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით განსაზღვრულ დარღვევებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები