პლატფორმა „სალამის“ განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ
წინააღმდეგაც დაიწყო რეპრესიული კანონის ამოქმედება.
„სალამი“ წერს, რომ მათ პლატფორმის წინააღმდეგ დაწყებული
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ანტიკორუფციული ბიუროს წერილი
ჩაბარდათ.
„წერილის თანახმად, წარმოება დაწყებულია „გრანტის
შესახებ“ კანონზე დაყრდნობით, და ბიურო პლატფორმა „სალამს“ სთხოვს
გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის
მიწოდებას“. - აღნიშნულია „სალამის“ განცხადებაში
პლატფორმა „სალამი“ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე
მომუშავე ორგანიზაციაა.
„სალამის“ მიერ წამოწყებული გახმაურებულ
კამპანიებს შორისაა „გვარი დამიბრუნე“ რომელიც ეთნიკურად
აზერბაიჯანელი მოქალაქეების გვარებიდან რუსული დაბოლოებების მოცილებას
მოიაზრებს. აღნიშნულ საქმეზე „სალამმა“ საკონსტიტუციო სასამართლოსაც
მიმართა. სალამი ასევე აქტიურად საუბრობს ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებული სოფლების პრობლემებსა და მათი საჭიროებების შესახებ.
„რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა
პლატფორმა „სალამ"-ის მდგომარეობა და შექმნა (და კვლავაც ქმნის)
ხელოვნურ ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს. შედეგად,
პლატფორმას ეზღუდება შესაძლებლობა, ეფექტიანად დაიცვას ეთნიკური და
რელიგიური უმცირესობების უფლებები“. - აღნიშნულია
„სალამის“ განცხადებაში
ანტიკორუფციულმა ბიურომ გააფართოვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების
სია, ვისგანაც, მონიტორინგის ფარგლებში საქმიანობის ამსახველ
დოკუმენტებს ითხოვს. ანტიკორუფციულმა ბიურომ პირველად ინფორმაცია,
2025 წლის ივნისში 5 არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოითხოვა.
ორგანიზაციებმა ბიუროს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრეს. სააპელაციომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ
როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, არ აპირებენ მოქალაქეების ნდობის
ღალას და კვლავ უარს ამბობენ სენსიტიური ინფორმაციის გადაცემაზე.
2025 წლის სექტემბერში კი ბიურომ ინფორმაცია გამოითხოვა დამატებით
30-ზე მეტი ორგანიზაციიდან.
სამოქალაქო ორგანიზაციები რეპრესიულად აფასებენ ანტიკორუფციული ბიუროს
მოთხოვნას და განმარტავენ, რომ ბიურო უმეტეს შემთხვევაში ითხოვს ისეთ
სენსიტიურ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ორგანიზაციების
ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.