დღეს, 26 სექტემბერს, მარნეულში პარტიის „ლელო - ძლიერი საქართველოს“
ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჩამოვიდა და პარტიის
სამი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ კანდიდატურის „ქართული ოცნების“
სასარგებლოდ მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვემო ქართლში
გახშირდა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების დაშინება
სუსისა და კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. ჯაფარიძე
სწორედ დაშინებას უკავშირებს ბოლნისში „ლელოს“ მერობის კანდიდატისა და
მარნეულის
სამ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების მიერ „ქართული ოცნების“
მხარეს გადასვლას.
„ჩვენ დღეს მარნეულში ვიმყოფებით „ლელო - ძლიერი
საქართველოს“ წევრების შეხვედრაზე. ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები,
მერობის კანდიდატების შეხვედრაზე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ
ჩვენს თანამოქალაქეებს რომ ჩვენ წინ აღვუდგებით „ქართული ოცნების“
უმსგავსო მცდელობებს. იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ადგილი აქვს
განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც არის მცდელობა დაშინების სუსის
მხრიდან, ათასგვარი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლის მხრიდან.
ესეთი დაშინების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ
მიუთითებს მათ სისუსტეზე იმიტომ, რომ ისინი ვერ ახერხებენ, რა თქმა
უნდა, რომ გატეხონ ადამიანების ნება, რომ მათ 4 ოქტომბერს მისცენ ხმა
ქართული ოცნების წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ ესე გაძლიერდა
ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ მხრიდან ძლადობის, დაშინების, მუქარის
მცდელობები მიუთითებს იმაზე, რომ გარდაუვალია ცვლილებები ამ
ქვეყანაში“. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ
ჯაფარიძის განმარტებით, მარნეულსა და მის მეზობელ რაიონებში „ლელოს“
წარმომადგენლებს აქვთ შემართება და მზაობა რათა გაუძლონ „ქართული
ოცნების“ წნეხს და შეასრულონ მოქალაქეებისათვის მიცემული
დაპირებები.
პრესკონფერენციაზე ისაუბრა მარნეულში „ლელო - ძლიერი საქართველოს“
პარტიული სიის პირველმა ნომერმა აგილ მუსტაფაევმაც. მუსტაფაევის
თქმით, მათი გუნდის რამდენიმე წევრმა, ზეწოლისა და დაშინების შედეგად,
კანდიდატობაზე უარი თქვა.
„უკვე რამდენიმე კვირაა ქვემო ქართლში „ქართული ოცნების“
მხირდან ჩვენს წარმომადგენლებზე, მათ შორის ჩვენს მერობის კანდიდატზე
და ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატებზე მიდიოდა ზეწოლა, მუქარა. ამ
ზეწოლისა და მუქარის გამო რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა, შეაშინეს,
მაგრამ ჩვენი გუნდის უმეტესობა ვართ, ვდგავართ. რა თქმა უნდა, ეს
ბრძოლა გრძელდება. არ გვეშინია „ქართული ოცნების“. არ გვეშინია
სხვადასხვა ადამიანების და მეთოდების, რითაც უნდათ ჩვენი
წარმომადგენლების მოხსნა“. - განაცხადა აგილ
მუსტაფაევმა
25 სექტემბერს “რეგიონ News”-მა (მარნეული ტვ) გაავრცელა ინფორმაცია,
რომ
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ სამმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი
კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. მარნეულის
ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანდიდატებმა
გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე
მიიღეს.
22 სექტემბერს პარტია „ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა,
ასეფ ჩარაგოვმაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა
კანდიდატურა. ჩარაგოვმა გადაწყვეტილების შესახებ ინფრომაცია
საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა.