3 ნოემბრეს იწურება ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადის წლიური
დეკლარაციის შევსების ვადა,
რაც ნიშნავს, რომ ყველა პირმა, ვინც ნებისმიერი სახის მიწას ფლობს,
მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო მიწას ან ტყეს,
დეკლარაცია უნდა შეავსოს.
ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია ასევე უნდა შეავსონ იმ
პირებმაც, რომლთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.
შესაბამისად, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საერთო
შემოსავალმა,
2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე
პერიოდში, 40 000 ლარს გადააჭარბა, უნდა შეავსოთ დეკლარაცია და თანხა
2025 წლის 17 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოთ.
შემოსავლად ითვლება დარიცხული და არა ხელზე ასაღები თანხა. ასევე,
ყველა სახის ფულადი სარგებელი, რაც გასულ წელს მიიღეთ. ეს შეიძლება
იყოს, საზღვარგარეთიდან ჩარიცხული ფული, ჯილდო, პრიზის ან სხვა სახის
ფულადი შემოსავალი.
დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის
ვებ-გვერდიდან. ელექტრონულ პორტალზე შესვლა, რეგისტრაცია და
მომხმარებელის/პაროლის აღდგენა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:
https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx
აღსანიშნავია, რომ თუ ოჯახის ორ ან მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება,
ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია წარადგინოს ქონების
გადასახადის ერთიანი, საოჯახო, წლიური დეკლარაცია, ოჯახის ყველა
წევრის და მათი დასაბეგრი ქონების შესახებ იქნება ინფორმაცია
ასახული.
ფიზიკური პირის ოჯახის წევრებში იგულისხმება თვითონ პირი, მისი
მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად
მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი,
რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი
განაკვეთების შესახებ საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის N16 დადგენილების
მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთი
კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთი შემდეგნაირად
განისაზღვრა:
ქალაქ მარნეულში გადასახადის განაკვეთია 0,312 ლარი 1 კვ.მ-ზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე გადასახადის
განაკვეთია 0,156 ლარი 1 კვ.მ-ზე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთი ჰექტარის ქონების
გადასახადი მარნეულის საკრებულომ შემდეგნაირად განსაზღვრა:
სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) 20 ლარი
საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) 16 ლარი
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის
გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები 3 ლარი
საკარმიდამოსათვის და სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი
ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 100 ლარი
ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებით 50 ლარი