ქალაქ მარნეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში
ქუჩების ნაწილი 20 დღეა გადაკეტილია.
სამუშაოები ექვს ზონად არის დაყოფილი და ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა
ცალმხრივად შესაძლებელი.
სამუშაოებს კომპანია „ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენი“, შპს
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და აზიის
განვითარების ბანკის დაკვეთით ახორციელებს.

როგორც რადიო “მარნეულთან” ინტერვიუში საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის დონორებით დაფინანსებული პროექტების
დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ზაბახიძე განმარტავს, მარნეულში
წყლისა და წყალარინების პროექტი დაკვნით ეტაპზეა.
"მთელი პროექტის მიზანი არის ქალაქის მოსახლეობისათვის
თანამედროვე და საიმედო წყალმომარაგების და წყალარინების
ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე ძირითადი სამშენებლო
სამუშაოები დასრულებულია. ცენტრალური რუსთაველის ქუჩა დროებით
გადაკეტილია, რადგან იქ მიმდინარეობს ბოლო ეტაპის სამუშაოები მილების
დამაკავშირებელი მონაკვეთის მონტაჟი და ასფალტირება. ვცდილობთ,
სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად დასრულდეს, რათა
მოძრაობა აღდგეს ჩვეულ რეჟიმში.“ - განმარტავს
ზაბახიძე.
წყალმომარეგიბის კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მთლიანი პროექტის
დასრულება მომავალი წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.
„გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულია 2026 წლის პირველი
კვარტალის ბოლოს რომ მორჩეს მთლიანი სამუშაოები. იმ მონაკვეთებში,
სადაც ახლა სამუშაოები მიდის, ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება მოსახლეობას
წყალი და თუ რამე იქნება განსაკუთრებული, საავარიო მდგომარეობა, იქ
უკვე ჩვენი ადგილობრივი სერვისცენტრის თანამშრომლები ჩვენი ჩართულობით
სწრაფად გამოვასწორებთ წყალმომარაგების აღდგენას. მაგრამ ახალ წყალზე
გადართვა მოხდება მთლიანი პროექტის დასრულების შემდეგ.
„ - გვეუბნება ალექსანდრე ზაბახიძე.
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში
2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები,
ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და
კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს
პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან
ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის
ღირებულების პროექტი შეჩერდა.
ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ
კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo -
Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret
Anonim Sirkei“.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი
მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი,
სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი
წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს
უზრუნველყოფილი.