სახლი–სკოლა–სახლი: სოფლად მცხოვრები გოგოების შესაძლებლობების გზები
სახლი-სკოლა-სახლი - ძირითადად ესაა ის გზა რასაც სოფლად მცხოვრები გოგოები გადიან დღის განმავლობაში. ხშირად სოფლებში, განსაკუთრებით კი რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში, გოგოებს არ მიუწვდებათ ხელი ისეთ სერვისებზე, რომლებიც მათი კლასგარეშე განვითარებისაკენ იქნება მიმართული. სკოლიდან გოგოები პირდაპირ სახლში ბრუნდებიან და ხშირ შემთხვევაში საოჯახო საქმეებში არაინ ჩართული.

22 წლის თურქან შახვერდოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში დაიბადა. სკოლაც

ამავე სოფელში დაამთავრა და შემდგომ სწავლა თბილისში გააგრძელა. თურქანი გვიყვება, რომ სკოლის პერიოდში არ შეეძლო რაიონის ცენტრში ჩასვლა - დიდ პრობლემას წარმოადგენდა საჯარო ტრანსპორტი და ასევე იყო სტერეოტიპები გოგოების შორ მანძილზე გაშვების გამო - ხოლო სოფელში სკოლის გარდა არ არსებობდა სივრცე, სადაც ის თანატოლებთან ერთად დროს გაატარებდა, კლასგარეშე განათლებას მიიღებდა, ივლიდა სხვადასხვა წრეებზე და სოციალიზაციას მოახდენდა - ასეთი სივრცე დიდ მუღანლოში დღესაც არაა.


მარნეულის მუნიციპალიტეტში 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 74-დან 17 სკოლა საბაზისოა და 2025-2026 სასწავლო წლიდან 9 კლასის ნაცვლად 10 კლასიანი სწავლება იქნება, რაც ნიშნავს, რომ მარნეულის 17 სოფლის მოსწავლეები საკუთარ სკოლებში მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ისწავლიან, შემდგომ კი, ოჯახის გადაწყვეტილების შესაბამისად, სწავლის გაგრძელება შეიძლება სხვა სოფლის ან ქალქის სკოლაში მოუწიოთ. სწავლის გაგრძლებეის სურვილი ოჯახსა და გოგოებს შესაძლოა ჰქონდეთ, მაგრამ ფინანსური სიდუხჭირისა და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართავი სერვისის გამო ისინი ამ შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ.

სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის თავმჯდომარის, სამირა ისმაილოვას თქმით, გოგოებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და პერიფერიებში, ნაკლებად მიუწვდით ხელი იმ სიკეთეებზე, რაც პიროვნული განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განათლების, პიროვენული განვითარებისა თუ ჯანდაცვის სერვისები ქალაქში მცხოვრები გოგოებისათვის უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი ვიდრე სოფლად მცხოვრებთათვის.

„სოფლად მცხოვრები გოგოების შემთხვევაში გარემოც ბევრად უფრო სტერეოტიპულია, ბევრად უფრო ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ცხოვრება. ამიტომ, ის პრობლემები რაც აქვთ სოფლად მცხოვრებ გოგოებს ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს აქტუალური ან მეორეხარისხოვანი იყოს გოგოებისთვის, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ“. - ამბობს სამირა ისმაილოვა

სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის თავმჯდომარის განმარტებით, სოფლად მცხოვრები გოგოების უფლებრივი მდგომარეობა ბევრად უფრო ირღვევა, რაც ასევე გამოხატულია ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებშიც.

„სოფლად მცხოვრები გოგოების უფლებრივი მდგომარეობა, სტატისტიკურად, ბევრად უფრო ხშირად ირღვევა. იგივე, ბავშვთა ქორწინების საკითხს თუ შევეხებით სპეციფიკურად ჩვენს რეგიონში, ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მეტი ფაქტი ყოველთვის სოფლებში ფიქსირდება. დიდ ქალაქებში, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია და სხვადასხვა სერვისები, უფრო ნაკლებია ბავშვთა ქორწინება. ქალაქში განათლების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სერვისებიც უკეთესადაა განვითარებული. თუ სოფლად ცხოვრობ და გჭირდება ჯანდაცვის სერვისები ან არ არსებობს მსგავსი სერვისები ადგილზე, ან სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, მაგალითად რეპროდუქციულ სერვისებთან მიმართებით“. - განაცხადა სამირა ისმაილოვამ

ისმაილოვას განმარტებით, ქალაქებისაგან განსხვავებით სოფლებში თითქმის არ ფუნქციონირებს ორგანიზაციები და დაწესებულებები სადაც გოგოები არაფორმალურ ღონისძიებებში ჩაერთვებიან და პიროვნულ განვითარებას შეძლებენ. არაფორმალური და ფორმალური განათლება ახალგაზრდების უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ მათი დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის დონეს ზრდის. თავის მხრივ, დასაქმება გოგოებს ეკონომიური გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს, რაც პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც.

სოფლად და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობების განსხვავებულობაზე მიუთითებს სხვადასხვა კვლევებიც. საქართველოში 2014 წლის შემდგომ არ ჩატარებულა ახალგაზრდების ეროვნული კვლევა, სადაც თავმოყრილი იქნება კონკრეტული განსხვავებები და მაჩვენებლები. სხვადასხვა კვლევებში გაბნეულია მონაცემები სოფლად მცხოვრები ქალების, ახალგაზრდებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, უთანასწორობა შეიმჩნევა განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის კუთხით. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ნაკლებად აგრძელებენ სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ჭარბად არიან წარმოდგენილნი სწავლა შეწყვეტილ ახალგაზრდებს შორის, ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ კარიერული განვითარებისათვის, ვიდრე სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.

„თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებიუფრო მეტად არიან დასაქმებულები (45%), სხვა ქალაქებსა, და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით (30% თითოეულ ჯგუფში). საქართველოში უფრო მეტი ახალგაზრდა კაცი არის დასაქმებული (43%), ქალებთან შედარებით, რომელთაგან ყოველი ოთხი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთია (26%) დასაქმებული“. - აღნიშნულია კვლევაში

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მიერ 2025 წელს მომზადებული კვლევის, „სოფლის მეურნეობისა და სოფლად ცხოვრების ეროვნული გენდერული პროფილი საქართველოში“ მიხედვით, სტამბოლის კონვენციის განხორციელების შესახებ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ბოლო მიმოხილვამ ხაზგასმით წარმოაჩინა დისკრიმინაციის პრობლემა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რის გამოც სოფლად მცხოვრები ეროვნულ და/ან ეთნიკურ უმცირესობათა ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი მოშორებით მდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებნი, განსაკუთრებით დაუცველები არიან.
FAO-ს კვლევა მიმოიხილავს, როგორ განსხვავდება ქალებისა და კაცების როლი, შესაძლებლობები და გამოწვევები სოფლის მეურნეობასა და სოფლად ცხოვრებაში საქართველოში

„ამ ადგილებში მცხოვრებ ქალებს აკლიათ ინფორმაცია და წვდომა სერვისებზე, შესაძლებლობებზე, ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების საშუალებებზე, აქვთსამართალდამცავი ორგანოებისადმი უნდობლობა,, რაც ქმნის ბარიერებს სოფლად მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დახმარებასა და მხარდაჭერას ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში“. - აღნიშნულია კვლევაში

ქალთა და გოგონათა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, რომ სოფლად მცხოვრებ გოგოებს უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ვიდრე ქალაქში მცხოვრებ გოგოებს.
როგორც სამირა ისმაილოვამ აღნიშნა, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგოების შესაძლებლობების გაზრდისათვის კრიტიკული როლი ითამაშა სოფლებში ახალგაზრდული ცენტრების გახსნამ. თუმცა ცენტრის უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო ორგანიზაციები ვეღარ ახერხებენ სოფლებში მუშაობას და მათ უწევთ საქმიანობის შეჩერება, რაც გოგოებს ართმევს სივრცეს, სადაც შეეძლოთ სემინარების მოსმენა, ერთმანეთთან საუბარი და არაფორმალური განათლების მიღება.

„სათემო ცენტრებმა, რა თქმა უნდა, დიდი პოზიტიური გავლენა მოახდინა ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებაზე. მათი დიდი ნაწილი იყო შექმნილი საერთაშორისო გრანტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ის სიკეთეები, რაც ამ სივრცეებში იქმნებოდა პრაქტიკულად აღარაა. ჩვენ დღეს თემში ვხედავთ ძალიან ბევრ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომელებიც თემში ჩაერთნენ აქტივიზმში, სხვადასხვა პროცესებში. სახელმწიფოს რომ ჰქონოდა პოლიტიკა ამ ცენტრების ხელშეწყობის და ეს პროცესი გრძელვადიანი ყოფილიყო, სოფლებში მდგომარეობა უფრო უკეთესი იქნებოდა.“. - გვითხრა სამირა ისმაილოვამ

საქართველოს მასშტაბით 3 600 სოფლიდან სათემო ცენტრი, დაახლოებით, 250-ში ფუნქციონირებდა სათემო ცენტრების მთავარი დანიშნულება ადგილობრივი თემის პრობლემებზე მუშაობა და მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ერთგვარი დამაკავშრებელი რგოლის შექმნაა. სათემო ცენტრები ფუნქციონირებს მარნეულსა და ბოლნისშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისი და მარნეული მეზობელი რაიონებია, სათემო ორგანიზაციების შექმნისა და ფუნქციონირების პრაქტიკა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სამირა ისმაილოვას განმარტებით, საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელმაც სათემო ცენტრები თავისი ხარჯებით დააფინანსა და შექმნა ბოლნისია - მუნიციპალიტეტმა სათემო ცენტრები გახსნა ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, ნახიდურში, ქვემო ბოლნისში, ტალავერსა და დარბაზში.

მარნეულში მომუშავე სათემო ცენტრების სრული უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა გახსნილი და მათი შემოსავლის და ფუნქციონირების ძირითადი წყარო საერთაშორისო დონორებისაგან მიღებული გრანტები იყო. საკანონდმებლო ცვლილებების გამო ისინი გრანტებს ვეღარ იღებენ და მუშაობასაც ვეღარ აგრძელებენ ჩვეული ფორმატით.

სათემო ცენტრებში სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შეეძლოთ მიეღოთ არაფორმალური განათლება, ჩართულიყვნენ პროექტებში რომლებიც დაკავშირებული იყო ქალთა გაძლიერების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის განვითარების, პიროვნული შესაძლებლობების გაზრდისა და სხვა თემებთან. სათემო ცენტრები ხშირ შემთხვევაში ხდებოდა გოგოებისათვის თავისუფალი სივრცე, სადაც მათ შეკრება, საერთო პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიება შეეძლოთ. ცენტრები ასევე ახალგაზრდებს სთავაზობდა კომპიუტერულ სივრცეს, ბიბლიოთეკასა და სხვა სერვისებს, რომლებიც მათ საგაკვეთილო პროცესში მომზადებაშიც დაეხმარებოდა.

სამირა ისმაილოვას განმარტებით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს მკაფიო პოლიტიკა სოფლიად მცხოვრები ახალგარზდების, განსაკუთრებით კი გოგოების, განვითარებისათვის და უნდა გამოიყენოს ის კარგი პრაქტიკა, რაც სათემო ორგანიზაციებმა აჩვენეს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები