მარნეულელმა რენა აჯალოვამ Forbes-ის 30 წლამდე ახალგაზრდების
სოციალური გავლენის კატეგორიაში გაიმარჯვა.
აჯალოვა საგანმანათლებლო ცენტრის „ლინგუას“ თანადამფუძნებელია. რადიო
“მარნეუთან” საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ მისი, არამედ
მთელი „ლინგუას“ გუნდის წარმატებაა.
„ჩემთვის დიდი პატივია Forbes 30-ში მოხვედრა. ეს არა
მხოლოდ ჩემი წარმატებაა, არამედ Lingua-ს მთელი გუნდის წარმატებაც.
მიხარია, რომ ამ სიაში მოხვედრა შევძელით. ეს ჩვენთვის სტიმულია, რომ
მომავალში Lingua კიდევ უფრო გავზარდოთ, დავეხმაროთ მეტ სტუდენტს და
მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებსაც თვითგანვითარება სურთ. სკოლა
არ გვაწვდის საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა ისწავლონ
სტუდენტებმა მომავალში, რა პროფესია უნდა აირჩიონ. ჩვენ გვინდოდა, რომ
სტუდენტებს კარგად ესწავლათ ქართული ენა და პირველი წელი
უნივერსიტეტში მოსამზადებელი კურსის გავლის გარეშე დაეწყოთ. ჩვენი
რამდენიმე სტუდენტი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებშია FLEX
სტიპენდიის პროგრამით. ზოგი ევროპის ქვეყნებში სწავლობს. ეს ჩვენთვის
ნამდვილად სასიხარულოა, რომ ჩვენ დადებითი ცვლილება შევიტანეთ ვინმეს
ცხოვრებაში.“
რენა იხსენებს საზოგადოებაში მათ მიმართ სკეპტიციზმს, როდესაც მათ
პირველად დაიწყეს თავიანთი ბიზნესი. მისი თქმით, ხალხი ყოყმანობდა
იმის შესახებ, მიაღწევდნენ თუ არა წარმატებას.
„ამერიკის მეწარმეობის პროგრამაში საქართველოდან ორი
ადამიანი შეირჩა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. Forbes-ი 30 წლამდე
ასაკის ახალგაზრდებს ირჩევს და აჯილდოებს. Forbes-ის ნომინაციაში 6
კატეგორია იყო. მათ სოციალური გავლენის კატეგორიის ნომინაციის ღირსად
მიმიჩნიეს. ჩვენ, როგორც „ლინგუა“, აგვირჩიეს, რადგან საზოგადოებაზე
დადებით გავლენას ვახდენთ. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ლიდერობის
უნარები, გუნდური მუშაობა, ღიაობა და უშიშრობა სოციალური ცვლილებების
შესაქმნელად. მათ უნდა შეეძლოთ მოთმინება და რისკების
აღება“, - თქვა რენა აჯალოვამ
Forbes Georgia-ს პროექტი „30 Under 30“ პრესტიჟული სიაა, რომელიც
ყოველწლიურად ირჩევს და წარადგენს საქართველოში 30 წლამდე ასაკის
ყველაზე წარმატებულ, ინოვაციურ და სოციალურად პასუხისმგებლიან
ახალგაზრდებს. პროექტის მიზანია სხვადასხვა სფეროში - ბიზნესში,
ტექნოლოგიებში, სოციალურ გავლენაში, ხელოვნებაში, მეცნიერებასა და
სხვა - გამორჩეული ახალგაზრდების წარდგენა, რათა მათი წარმატების
ისტორიებმა ფართო აუდიტორიას მიაწოდონ და ახალი თაობა შთააგონონ.
კანდიდატები განაცხადებს აგზავნიან, მათ შორის ხდება შერჩევა და
შედეგად, ქვეყნის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდების ყოველწლიური სია
ცხადდება.