არაადამიანური მოპყრობა, გამოძალვა, თვითმკვლელობამდე მიყვანა - მარნეულში სამი პირი დააკავეს
მარნეულში დააკავეს სამი პირი, რომლებმაც თანასოფლელი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, გააშიშვლეს, ფოტო და ვიდეო გადაუღეს და დაემუქნენ, რომ ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში გაასაჯაროვებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლმა, 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ-მ, თანასოფლელების მიერ მუქარის შემდგომ თვითმკვლელობა სცადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ, გასული წლის ზაფხულში, თანასოფლელებთან ა.მ.-სთან და ნ.ა.-სთან ითამაშა ბანქო, ხოლო

თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა.
მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან - ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6 500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა“.
- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


შსს-ს განცხადების მიხედვით, სამივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. ისინი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით არიან დაკავებული.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები