ამ კითხვებზე პასუხს თოდუას ცენტრალური ფილიალის ექიმი,
უროლოგი კახა ბარნოვი სცემს.
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები სახელწოდებიდანაც ჩანს,
რომ არის დაავადებები, რომლებიც გადაეცემა ნებისმიერი ტიპის
სქესობრივი კონტაქტით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ანალური,
ორალური, ვაგინალური თუ ა.შ. გასათვალისწინებელი არის ის, რომ ესენი
არის უშუალოდ სპეციფიური ინფექციები რადგან სქესობრივი გზით შეიძლება
გადავიდეს, ასე ვთქვათ, ბანალური გამომწვევებიც როგორიც არის
ნაწლავური ჩხირი და სხვადასხვა ინფექციები, ესენი არ ეკუთვნის.
მაგალითად, სოკოვანი ინფექციაც არ ეკუთვნის სქესობრივი გზით გადამდებ
ინფექციებს.
არის სპეციფიური ინფექციები, მაგალითად გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონა,
რეოპლაზმა, მიქოპლაზმა, სიფილისი და ა.შ.
- რა ფაქტორები ზრდის კაცებში სქესობრივი გზით გადამდები
დაავადებების რისკს?
- აქ არის მხოლოდ ერთადერთი გადადების გზა, ეს ყველაფერი გადადის
მხოლოდ მაშინ როდესაც არის სქესობრივი კონტაქტი დაუცველი, ანუ
დაუცველში ვგულისხმობ ბარერული კონტრაცეპტივის გარეშე, კონდომის
გარეშე, სექსი. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს არ ეკუთვნის,
მაგრამ მაღალია რისკი რომ სქესობრივი გზით გადავიდეს შიდსი,
ჰეპატიტები და ა.შ. მანდ თან ერთვის რასაც ჰქვია ნემსით გაზიარება,
რაც ძირითადად ნარკომანებში გვხვდება და ეს ინფექციები სისხლით
გადადის. უშუალოდ სქესობრივ ინფექციებს, რაც იწვევს ურეთრიტს და ა.შ.
მხოლოდ და მხოლოდ დაუცველი სქესობრივი კონტაქტია.
- რას უნდა მიაქციონ კაცებმა ყურადღება, რაც შეიძლება
რომელიმე დაავადების ნიშანი იყოს?
- სქესობრივ ინფექციებს კაცებში ახასიათებს ერთი გამოყოფილი
სიმპტომი, რომელიც არის გამონადენი საშარდე მილიდან. ეს არის
მოყვითალო-მომწვანო ჩირქოვანი გამონადენი საშარდე მილიდან, რაც
მანიშნებელია ნებისმიერი ტიპის ინფექციაზე. აქვს სპეციფიური სუნი.
სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს საინკუბაციო პერიოდი აქვთ 2
დღიდან 40 დღემდე და ამ პერიოდში შეიძლება ნებისმიერ დროს
გამოვლინდეს. შემდგომ, ამას მოსდევს წვა მოშარდვის დროს, გახშირებული
შარდვა, შეიძლება იყოს ტკივილიც. გარკვეულ შემთხვევებში ტემპერატურული
რეაქციაც შეიძლება ახასიათებდეს ორგანიზმს. არის რაღაც ინფექციები
რომლებიც მიმდინარეობს უსიმპტომოდ განსაკუთრებით, ურეოპლაზმა,
მიკოპლაზმა, გარდნერელა, ვაგინალისი - ეს ინფექციები შეიძლება ჰქონდეს
ადამიანს, დიდხანს იყოს მისი მატარებელი, თუმცა სიმპტომები არ
გამოავლინოს.
- როგორ გადაეცემა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
და რამდენად ეფექტურია კონდომი თავის დაცვისათვის?
- ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კონტაქტით, იქნება ეს ვაგინალური
სექსი, ანალური სექსი თუ ორალური. ნებისმიერი გზით შეიძლება გადავიდეს
ეს ინფექციები და ბარიერული კონტრაცეპტივი არის ყველაზე
მაღალპროცენტული მაჩვენებლის თავდაცვითი მექანიზმი. შეიძლება
დაზიანდეს ქალის კონდომიც და კაცის კონდომიც, ამ ფაქტისგან დაზღვეული
არავინ არაა, მაგრამ საუკეთესო თავდაცვითი საშუალება არის ბარიერული
კონტრაცეპტივი. არა მაგალითად ჩასახვის საწინააღმდეგო ან
სპერმიციდები, ამან შეიძლება დაიცვას ქალი არასასურველი
ორსულობისაგან, მაგრამ ინფექციისგან თავდაცვის საშუალება არ არის.
მხოლოდ კონდომი, როგორც ქალის, ისე კაცის.
- არსებობს თუ არა პროფილაქტიკური აცრები, რომლებიც
ზოგიერთი დაავადების პრევენციას მოახდენს?
- აცრები არსებობს. არის პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია, რომელიც
ჩვენ ქვეყანაში არც თუ ისე დიდი ხანია დაიწყო. ბავშვებს საკმაოდ
ადრეული ასაკიდან ცრიან, თუ არ ვცდები, 7-8 წლის ასაკიდან შეგიძლიათ
აცრათ. განსაკუთრებით შედეგიანია ეს აცრა ახალგაზრდა ქალებში, რადგან
ვიცით, რომ გარკვეული ქვეჯგუფი პაპილომა ვირუსების არის კარცეროგენი,
რომელიც საშვილოსნოს ყელის ავთვისებიან სიმსიმნეს აყალიბებს.
ვაქცინაცია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო არსებობს. სხვა
ინფექციების პრევენციისათვის, სამწუხაროდ არაფერი არის, რადგან ეს
არის ბაქტერიული ინფექცია და მათ საპრევენციოდ გამოიყენება რეგულარული
შემოწმებები, განსაკუთრებით ისეთ ინდივიდებში, რომლებსაც ყავთ
რამოდენიმე პარტნიორი, აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი და
ა.შ.
- როგორ ინკურნება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს დაავადებამ?
- ექიმმა რომ განახორციელოს ადეკვატური მკურნალობა უნდა ჩაატაროს
ადეკვატური დიაგნოსტიკა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უებარი წამალი
ყველა ინფექციური დაავადებების არ არის ერთი წამალი, რომელსაც დალევ
და გაგივლის. ყველა დაავადებას სხვადასხვა ანტიბიოტიკოთერაპია
ჭირდება. დიაგნოსტიკას რაც შეეხება, დიაგნოსტიკა საკმაოდ დახვეწილი
არის ასეთი დაავადებების. პისიარ მეთოდებით ხდება მათი დიაგნოსტირება
- ეს არის მაღალტექნოლოგიური მოლეკულური გამოკვლევა, რომელიც თითქმის
100%-ით გაძლევს სწორ შედეგს.
მკურნალობას რაც შეეხება, როგორც მოგახსენეთ სხვადასხვა გამომწვევს
აქვს შესაბამისი სქემა. მაგალითად, თუ არის გონორეა მას სჭირდება
მესამე თაობის ცეფალოსფორინი, თუ არის ქლამიდია ეს არის მაკროლიდების
ჯგუფი და ა.შ. ყველა გამომწვევს თავისი მკურნალობის სქემა
აქვს.
- არსებობს თუ არა რომელიმე დაავადება, რომელიც რთულად
მკურნალობას ექვემდებარება და ქრონიკულად
მიმდინარეობს?
- თუ გავითვალისწინებთ ვირუსებს, იქნება ეს ჰერპეს ვირუსი თუ მისი
ოჯახის წარმომადგენელი, თუნდაც პაპილომა, ვირუსი თუ ორგანიზმში მოხვდა
მისი განკურნება, ასე ვთქვათ, შეუძლებელია. ვირუსმა იცის ქრონიკულად
ორგანიზმში ყოფნა, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანურ ენაზე. ნებისმიერი
იმუნოდეფიციტის დროს, იქნება ეს გაციება, სხვა ვირუსის თანხლება,
თუნდაც გაუწყლოების შემდგომაც შეიძლება გამოვლინდეს და მისი
მენეჯმენტია შესაძლებელი გამოვლენის დროს - განკურნებადი არ არის.
სხვა ბაქტერიულ ინფექციას, თუნდაც სხვა ტიპის გამომწვევს სწორად
მკურნალობის დროს, როდესაც გაქვს კარგი შედეგი, თუ ხელმეორედ არ მოხდა
ამ მიკრო ორგანიზმებთან შეხება, ხელახალი გამეორება არ
ახასიათებს.
- როგორ უნდა მოიქცეს კაცი, თუ მას სქესობრივი გზით
გადამდები დაავადება დაუდგინდა?
- უნდა მიმართოს ექიმს პირველ რიგში, და მალევე უნდა მიმართოს თუ
აქვს ოდნავ მაინც ეჭვი, რადგან ეს არ არის დაავადება, რომელიც თავისით
გაივლის და განიკურნება ადამიანი თავისით. ექიმმაც შესაბამისად უნდა
ჩაუტაროს ადამიანს სწორი დიაგნოსტიკა. ოქროს სტანდარტი არის პისიარ
გამოკვლევა და არსებობს სრული პანელი, რომელიც ფარავს ყველა
ინფექციას.
პაციენტმა ნებისმიერ საეჭვო სიმპტომზე აუცილებლად უნდა მიმართოს
ექიმს. შეუძლია მიმართოს როგორც უროლოგს და ასვევე შეუძლია მიმართოს
დერმატო-ვენეროლოგს, რომელსაც თავის კომპეტენციაში ასევე გაწერილი
აქვს შესაბამისი ინფექციების მკურნალობა.
- რამდენად ხშირია პაციენტებში სირთულეები დაავადების
აღიარებისა და მკურნალობის დაწყებისას?
- შემთხვევები სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია. თითქმის ყოველდღიურ
რეჟიმში გვიწევს მასთან გამკლავება, თუმცა დადებითი დინამიკა
შეინიშნება იმაში, რომ დღესდღეობით პაციენტებს უფრო ნაკლებად აღელვებთ
მორიდების მომენტი და სირცხვილიას მომენტი. რეალურად, ეს არის
პრობლემა და არაფერი სასირცხვილო და სათაკილო არ არის იმაში რომ
იმკურნალო. ინფექცია ინფექციაა, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპისაა და
უნდა მიმართოს შესაბამისი სპეციალობის ექიმს.
პაციენტები ამაზე საკმაოდ გახსნილადაც საუბრობენ და არ არის
დაბრკოლების მომენტი, მაგრამ მეორე მხარე არის თუ ვისთან მოხვდება,
როგორ ექიმთან მოხვდება, ექიმი როგორ გაესაუბრება. ეს ყველაფერი
ინტიმურ საკითხებს ეხება ყოველთვის და შესაბამისად, ერთია რომ შენ
მზად ხარ გაუზიარო ექიმს შენი სიმპტომები და გასაჭირი და მეორე არის,
ექიმი როგორ მიიღებს ამას. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც
ექიმისაგან არ მოდის სათანადო არც რეაქცია და შეფასება. ეს ყველგანაა,
მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. დღეისათვის, 21-ე საუკუნეში, უფრო
მარტივად და გახსნილად საუბრობენ პაციენტები ვიდრე ჩვენი მამების და
პაპების დროს ისაუბრებდნენ.
- რა რჩევას მისცემდით იმ პაციენტებს, რომლებსაც ექიმებში
არ გაუმართლათ?
- პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ გულს ნუ აიცრუებთ საერთოდ ექიმებზე.
ექიმიც ადამიანია ხშირ შემთხვევაში და მასაც აქვს თავისი სისუსტეები.
თუ ვერ მიიღეთ ექიმისგან ადეკვატური ინფორმაცია, ადეკვატური მოქცევა
და ის რაც უნდა მიიღოთ, ყოველთვის შეგიძლიათ ალტერნატიული აზრი
მოისმინოთ სხვა ექიმისგანაც და ეს არანაირ პრობლემას არ
წარმოადგენს.
- რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული კონსულტაციები და
რამდენადაა პრაქტიკა კაცებში კონსულტაციებზე
სიარულის?
- თუ საქმე ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც ადამიანს ყავს
ერთდროულად ან გარკვეული დროის განმავლობაში რამოდენიმე პარტნიორი,
ახალი პარტნიორი და აქვს მასთან დაუცველი სექსუალური კონტაქტი, მაშინ
კონსულტაციები უნდა იყოს რეგულარული, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ
ინფექციებზე უნდა შეემოწმოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაქვს დაცული
სექსი და ოდნავ მაინც გაქვს ეჭვი რამეზე, მაგალითად კონდომი დაზიანდა
ან არ ხარ დარწმუნებული შენს პარტნიორში, მაშინაც რეკომენდებულია რომ
მიმართო ექიმს, ჩაიტარო შესაბამისი გამოკვლევები და დაიწყო
მკურნალობა, რადგან სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა, დროთა
განმავლობაში, რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ, შეიძლება გამოიწვიოს
ინფერტილობა, კაცებში უშვილობა, შეიძლება გამოიწვიოს საშარდე მილის
შევიწროვება, რაც მერე ასაკში იწვევს გაძნელებულ შარდვას და
სხვადასხვა პრობლემებს.
რეგულარული შემოწმება ჯობია, ვიდრე იყო დარწმუნებული, რომ არაფერი
გჭირს და ამ დროს რაიმე დაავადება გქონდეს.
ინტერვიუდან ნათლად იკვეთება მთავარი გზავნილი - სქესობრივი გზით
გადამდები ინფექციების პრევენცია იწყება ცნობიერებით. დაცული
სქესობრივი ცხოვრება, პერიოდული შემოწმება და ექიმთან დროული
კონსულტაცია არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ პასუხისმგებლობის
გამოვლინებაა საკუთარი თავისა და პარტნიორის წინაშე.
კახა ბარნოვის თქმით, დაავადების არსებობა არ ნიშნავს სტიგმას - ეს
მხოლოდ სამედიცინო საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს პროფესიონალის
დახმარებით. დღეს, როცა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მამაკაცებისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდნენ საკუთარი ჯანმრთელობის აქტიური
მმართველები და არ დაელოდონ პრობლემას, სანამ ის უკვე სერიოზულ
შედეგებამდე მივა.
სჯობს პრევენცია, ვიდრე მკურნალობა - ეს მარტივი წესი დღესაც რჩება
სექსუალური ჯანმრთელობის ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად.