ელიჩკა ანანიანის პირველი ნაბიჯები ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ
15:04 / 05.12.2025
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩინში მცხოვრებმა ელიჩკა ანანიანმა
სამი წლის წინ პირველად გაბედა გარეთ გამოსვლა
- მანამდე ეშინოდა საზოგადოების სტერეოტიპებისა და საკუთარი
შესაძლებლობების აღიარების. შშმ პირი, რომელმაც დამოუკიდებლობისკენ
სწრაფვა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხელსაქმის შესწავლით
დაიწყო, მალევე მცირე ბიზნესად აქცია.
გელ-ლაქის კურსების გავლა ევროკავშირის დაფინანსებით მოახერხა.
სოფლიდან კვირაში ორჯერ, დედასთან ერთად, ბოლნისში სასწავლო კურსებზე
მიდიოდა და ყოველდღიურად რწმუნდებოდა,
რომ შეუძლებელი არაფერია.
სწავლება არ იყო მხოლოდ ახალი უნარების შეძენა – ეს ნაბიჯი მისი
დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი შესაძლებლობების რეალურ
გამოყენებისკენ მიმართულ გზად იქცა.
" უმაღლესი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემთვის სამუშაო
ადგილი რატომღაც არსად გამოჩნდა. სახლში ვიყავი, არსად გავდიოდი ვიდრე
შილაკის კურსები არ გამოჩნდა. რატომღაც, შიში მქონდა, მრცხვენოდა
გარეთ გასვლის , ვფიქრობდი, რას იტყოდნენ სხვები, მაგრამ დავძლიე ეს
ყველაფერი და მივხვდი, რომ უნდა ვიბრძოლო, მეც ადამიანი ვარ და მინდა
ვიმუშაო. გელლაქის კურსებზე რომ დავიწყე სიარული, ეს ძალიან დამეხმარა
გარეთ გამოსვლაში, ერთი ოჯახივით ვიქეცით და დიდი სიხარულით ველოდი
ყოველი კვირის ორ დღეს. ” - ამბობს ელიჩკა ანანიანი.
ელიჩკა ანანიანი გელ-ლაქს სახლის პირობებში, 20 ლარად აკეთებს.
მომხმარებლები ბევრი არ ჰყავს, ფიქრობს, რომ ადამიანები სახლში
მისვლას ერიდებიან. მისი სურვილი საკუთარი ესთეტიკური ცენტრის
შექმნაა, სადაც სოფელში მცხოვრებ ქალებს დაასაქმებს და მისცემს
მაგალითს, თუ როგორ შეუძლიათ იბრძოლონ დამოუკიდებლობისათვის, უარი არ
თქვან საკუთარ ოცნებებსა და შესაძლებლობებზე.
„ძალიან მინდა ადგილობრივი ქალები რომ დავასაქმო, როდესაც
ჩემი ცენტრი მექნება. ჩვენთან, სოფელში, ბევრი ქალია დაუსაქმებელი.
მარტო სკოლა და გამგეობაა, ელემენტარული ბაღიც კი არ გვაქვს, რომ
ვინმე დასაქმდეს. ამიტომ მინდა მქონდეს ჩემი სალონი, რომ ქალებიც
დავასაქმო. ერთი ადგილი მე მექნება მანიკურ-პედიკურისთვის, მეორე
ადგილს, ვფიქრობ, ეპილაციისთვის და მესამეს თმის შესაჭრელად. სახლში
ძალიან რთულია მუშაობა, ერიდება ხალხი მოსვლას, ამიტომ მინდა ჩემი
სალონი, რომ ხელი არავინ შემიშალოს და ვიმუშაო მთელი
გულით.“ - გვეუბნება ელიჩკა.
ელიჩკას გეგმებში საკუთარი ბიზნესის გაფართოება შედის. რამდენიმე
ახალი აპარატურის შეძენა სურს, რომლის ყიდვის საშუალება არ აქვს.
ფინანსური დახმარებისთვის მან ბოლნისის მერიას მიმართა, თუმცა
გამოუყოფენ თუ არა ბიუჯეტიდან თანხას, ჯერჯერობით, უცნობია.
“პასუხის მოლოდინში ვარ, მითხრეს, რომ ჯერჯერობით ფული არ არის
ბიუჯეტში და დაელოდეთო. მეც ველოდები, ვნახოთ რა იქნება.
პროფესიონალური სტერილიზაციის აპარატის შეძენა და სხვა ტექნიკის ყიდვა
მინდა. 1000 ლარზე მაქვს განცხადება შეტანილი” - ამბობს
ის.
ელიჩკა ანანიანის მსგავსად, ფინანსური დამოკიდებლობისთვის ბრძოლა
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში არაერთმა ქალმა შეძლო.
ცენტრის ხელმძღვანელის, ირმა ზურაბაშვილის თქმით, ელიჩკა ანანანი
ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბევრ სირთულეს გაუმკლავდა და მიზნის მიღწევას
ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, ადამიანებს შევთავაზეთ
მოკლევადიანი პროფესიული კურსები,სადაც შეისწავლეს ბაზარზე მოთხოვნადი
პროფესიები. ჭრა-კერვა, გელ-ლაქი და სოციალური მედიის მენეჯმენტი.
ქალებს პროფესიის შესწავლასთან ერთად ჰქონდათ საშუალება შეეძინათ ის
უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ როგორც სამუშაოს მოძიებაში, ისე
ხელს შეუწყობს საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. კურსდამთავრებულების
თქმით, რაც გაუჩნდათ საკუთარი შემოსავალი ,უფრო დამოუკიდებლად იგრძნეს
თავი, უფრო მეტი მოტივაციაც გაუჩნდათ ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის. „ - გვითხრა
ირმა ზურაბაშვილმა.
ელიჩკა ანანიანის ისტორია აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი
შეიძლება იყოს განათლება, მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი პროფესიული
პროგრამები შშმ პირებისა და ქალებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში.
მისი გამოცდილება ემთხვევა საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომლებიც
ადასტურებს, რომ პროფესიული განათლება და უნარების გაძლიერება
პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და სოციალურ
ჩართულობას.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ქალები ცხოვრების ბევრ ასპექტში აწყდებიან
ფართოდ გავრცელებულ მარგინალიზაციას, დაწყებული მათ შესახებ არსებული
უარყოფითი შეხედულებებით - განათლების, დასაქმების, ჯანდაცვისა და
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ჩათვლით. შშმ პირებს ხშირად მიიჩნევენ
უფრო დაბალი ეკონომიკური და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებად.
ამის პარალელურად, ისინი დგანან ყველა ტიპის ძალადობის მეტი რისკის
წინაშე.
საერთაშორისო ვალდებულებების აღიარებისა და ეროვნული კანონმდებლობის
დახვეწის კვალდაკვალ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
სოციალური ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით
საკმარისი პროგრესი რომ არ შეინიშნება, ამას მოწმობს საქართველოს
სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების სრულფასოვანი რეალიზებისთვის,
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ინკლუზიური პოლიტიკის
ჩამოყალიბება, ინფრასტრუქტურისა და სერვისების მისაწვდომობა,
დასაქმების წახალისება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის
შემცირება, რასაც ამ დრომდე სახელმწიფო ეფექტიანად ვერ
უზრუნველყოფს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, შშმ პირების მონაწილეობა
შრომის ბაზარზე (კაცი - 22.6 პროცენტი, ქალი - 21.9 პროცენტი) და მათი
დასაქმების მაჩვენებლები (კაცი - დაახლოებით 15.8 პროცენტი, ქალი -
14.8 პროცენტი) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მთელი მოსახლეობის
მაჩვენებლებს.
შშმ პირებს მნიშვნელოვნად ნაკლები ანაზღაურება აქვთ ვიდრე მათ, ვისაც
არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობა.